Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაგნიტსკის მკვლელობის საქმე და ევროკავშირ-რუსეთის კავშირები


ევროკავშირის მიერ წარმოებულ დიპლომატიას ფუნდამენტური მორალური იმპერატივები და ღია საპარლამენტო პოლიტიკა უნდა განსაზღვრავდეს და არა დახურულ კარს მიღმა შედგენილი სტრატეგიები - ასეთ აზრს გამოთქვამს ადამიანი, რომელიც ევროკავშირს რუსეთის ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას სთხოვს.

საუბარია ბილ ბრაუდერზე - ბრიტანული ფონდის, Hermitage Capital-ის აღმასრულებელ დირექტორსა და ერთ დროს რუსეთისთვის ყველაზე მსხვილ უცხოელ ინვესტორზე. ახლა ბრაუდერი სულ სხვა მიზნისთვის იბრძვის - მას სურს პასუხი აგონ პირებმა, რომლებიც, მისი თქმით, მისი ერთ-ერთი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის, ციხეში სიკვდილში არიან დამნაშავე.

ბრაუდერმა შეადგინა 60-კაციანი სია, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლო სისტემისა და „ეფესბეს“ წარმომადგენლებს შეიცავს, და აცხადებს, რომ მაგნიტსკი ამ პირებმა აწამეს და მოკლეს მას შემდეგ, რაც ადვოკატმა მათი მილიონობით ევროს ოდენობის საგადასახადო მაქინაცია გამოააშკარავა. ამერიკული წარმოშობის ბრიტანელი ბიზნესმენი, ბრაუდერი, ახლა ევროპის პარლამენტს და ევროკავშირის ცალკეული წევრი ქვეყნების მთავრობებს მიმართავს შუამდგომლობით, ევროპის საბჭოს ამ პირებისთვის სანქციების დაწესება სთხოვონ.

ორშაბათს, 30 მაისს, რუსეთის გენერალურმა პროკურორმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, სიაში შეტანილ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, ოლეგ სილჩენკოს, „ფედერალური კანონი არ დაურღვევია“. ამ ნაბიჯს ბრაუდერი და უფლებადამცველები საქმის მიჩქმალვის მცდელობად აფასებენ, რომელიც ზიანს აყენებს რუსეთის მთავრობის მიმართ ნდობას.

ბრაუდერს, რომელსაც რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან მასშტაბურ კორუფციულ მაქინაციებზე მტკიცებულებები აქვს გამოქვეყნებული, სურს, ევროკავშირმა ამ საქმეში ჩართულ პირებს აქციები გაუყინოს და ევროკავშირში შესვლა აუკრძალოს.

„ჩვენ მოგიწოდებთ, წამების ჩამდენებს და მკვლელებს არ მისცეთ ევროპაში ჩასვლის საშუალება. მორალი არც ერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა გადააყოლოს თუნდაც რუსეთთან კავშირების გაუმჯობესების ბუნდოვან კონცეფციასო“, - უთხრა ბრაუდერმა „euobserver”-ს გასულ კვირაში, ევროკავშირ-რუსეთის საპარლამენტო კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

იმის მიუხედავად, რომ, გავრცელებული ვარაუდით, ბრაუდერი თავის მთავარ მიზანს - 60-კაციანი ჯგუფისთვის სანქციების დაწესებას - ვერ მიაღწევს, აშკარაა, რომ მის მიერ წამოწყებულმა ფართომასშტაბიანმა კამპანიამ უკვე მოახდინა გავლენა ევროკავშირ-რუსეთის დიპლომატიურ კავშირებზე.

ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის მიერ რუსეთში მის მთავარ წარმომადგენლად დანიშნულმა დიპლომატმა, გუნარ ვიგანდმა, ბრაუდერს და ევროპარლამენტარებს უთხრა, მაგნიტსკის საქმის შესახებ ევროკავშირის დიპლომატები ყველა შეხვედრაზე ეკითხებიან რუსეთის წარმომადგენლებსო.

ვიგანდის თქმით, ეს საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბაროზუს და რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზეც წამოიჭრა თებერვალში, ისევე როგორც სხვა მაღალი რანგის შეხვედრებზე. ვიგანდმა დასძინა, რომ დიდ იმედს ამყარებს საგანგებო გამოძიებაზე, რომელსაც ადამიანის უფლებების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხეილ ფედოტოვი ხელმძღვანელობს. „ჩვენი შთაბეჭდილებით, ის საქმეს ძალიან სერიოზულად ეკიდებაო“, - განაცხადა ვიგანდმა ფედოტოვთან შეხვედრის შემდეგ.

თუმცა, როგორც ვთქვით, ბრაუდერის მიზნის განხორციელება და ევროკავშირის მხრიდან მის მიერ დასახელებული პირებისთვის სანქციების დაწესება ნაკლებად სავარაუდოა. როგორც euobserver-ს კეთრინ ეშტონის სტრუქტურის - საგარეო საკითხთა სამსახურის - ერთ-ერთმა ანონიმურად დატოვებულმა წარმომადგენელმა უთხრა, ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა „სტრატეგიულ მიზნებს“ ემყარება. „ჩვენ სანქციებს ვუწესებთ წამყვან პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ფართო მოსახლეობის სისტემატურ რეპრესიებს მიმართავენ, როგორც ეს ბელორუსიაში, სირიასა და ლიბიაში ხდება. სამართლებრივი პრობლემები სხვა ქვეყნებშიც ბევრია, მაგრამ ყველას სანქციებს ვერ დავუწესებთო“, - დასძინა მან.

თუმცა ბრაუდერი სტატუს-კვოსთან შერიგებაზე გადაჭრით აცხადებს უარს.

„საგარეო საკითხთა სამსახურის წარმომადგენლებს შეიძლება თავიანთი მოსაზრებები ჰქონდეთ იმაზე, მოხდება თუ არა ეს. მაგრამ სანქციების დაწესებაზე საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებრივ აზრს დაეყრდნობა და იმას, ეს აზრი რა გავლენას მოახდენს ევროკავშირის ქვეყნების დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტებსა და მთავრობებზე. ჩვენ ევროკავშირის მასშტაბით ზეწოლას ვაძლიერებთ, რათა ეს მოხდესო“, - ამბობს ის.

ამასთან, ბრაუდერის თქმით, მისი კამპანიის მიმართ დადებითი განწყობა უკვე გამოხატეს ბრიტანეთის, ჰოლანდიის, ჩეხეთის, გერმანიისა და პოლონეთის პარლამენტებმა. ევროპის პარლამენტმა დეკემბერში მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს „განიხილონ“ სანქციების პერსპექტივა, შვეიცარიის მთავრობამ კი უკვე გაუყინა საბანკო ანგარიშები სიაში შეტანილ რამდენიმე პირს.

ბრაუდერი აშშ-ის კონგრესში შეტანილ „მაგნისტკის აქტსაც“ გამოყოფს - ორპარტიულ, 15 სენატორის მიერ ინიცირებულ ინიციატივას. კონგრესის მხრიდან ამ აქტის დამტკიცების შემთხვევაში 60-კაციან სიაში შეტანილ პირებს აშშ ვიზების მიღებას აუკრძალავს და აქტივებსაც გაუყინავს.

ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ბრაუდერმა 2009 წლის 16 ნოემბრის დილაც გაიხსენა, როცა დაურეკეს და მაგნიტსკის სიკვდილი შეატყობინეს. „ეს ყველაზე საშინელი ამბავი იყო, რაც კი შეიძლებოდა გამეგო. გული მომიკვდა. მაშინ, იმავე წუთში, გადავწყვიტე, რომ ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინა, პასუხს აგებდნენო“, - თქვა მან.

37 წლის მაგნიტსკი თითქმის ერთი წლის განმავლობაში იყო ციხეში ისე, რომ ბრალი არ ჰქონდა წაყენებული. გავრცელებული ვარაუდით, ის სამედიცინო პერსონალის მხრიდან უყურადღებობით დაიღუპა - მას პანკრეასის დაავადება ჰქონდა და აუცილებელ მედიკამენტზე უარი უთხრეს. დაღუპულის დედა შემდეგ აცხადებდა, რომ მისი შვილის გვამს ორი თითი მოტეხილი ჰქონდა, ხელებზე კი „შავი და ლურჯი“ ჰემატომები აღენიშნებოდა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG