Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცავი ორგანიზაციები ცდილობენ დაკავებულთა ინტერესები დაიცვან


25 მაისის ღამით წარმომადგენლობითი „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის დაშლისას სამართალდამცავებმა, ოფიციალური ცნობის თანახმად, 90-მდე ადამიანი დააკავეს. დაკავებულ მომიტინგეებს ბრალი ძირითადად პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო წაუყენეს. მათ ნაწილს ფულადი ჯარიმა დაეკისრა, ნაწილს კი სამ თვემდე პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლოში და სასამართლოს გარეთაც დაკავებულთა ინტერესების დამცველთა შორის უფლებადამცავი ორგანიზაციებიც არიან.

უფლებადამცავი ორგანიზაციების პრაქტიკულად ერთსულოვანი შეფასებით, საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, რაც ”პოლიციის შესახებ” კანონის მოთხოვნების დარღვევას წარმოადგენს. როგორც საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქცია გასცდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და აქციის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არსებობდა, პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული:
ომბუდსმენი გიორგი ტუღუში

”ფიზიკური დაზიანება აქვს მიყენებული აქციის არაერთ მონაწილეს. გარდა ამისა, მათ ნაწილს არ მიეცა აქციის დატოვების მშვიდობიანი საშუალება. არაპროპორციული ძალის გამოყენება განსაკუთრებით აშკარა იყო შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და რიგ შემთხვევებში აკავებდნენ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ ან უკვე სამართალდამცავთა კონტროლის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი.”

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს მთავარ პროკურორს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტები და ყველა სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობის საკითხი დასვას. გიორგი ტუღუში, იმავდროულად, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაკავებულებს ოჯახის წევრებსა და მათ მიერ შერჩეულ პირთან ტელეფონით დაკავშირებისა და დაცვის უფლებით სარგებლობის საშუალება მისცეს...
მოსამართლე აბსოლუტურად არ ცდილობდა, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დაედგინა, პოლიციელები კი ძალიან მოუმზადებლები იყვნენ - არც კითხვებს პასუხობდნენ, უბრალოდ, ამბობდნენ, რომ ეს ამას აკეთებდა...

თუმცა, როგორც ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ გვითხრეს, დაკავებულთა უფლებები დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სასამართლო დარბაზებშიც იზღუდება. კერძოდ, იზოლატორებიდან ორგანიზაციამ პრაქტიკულად ვერ შეძლო დაკავებულთა ვინაობისა და ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მოპოვება; სასამართლომ კი, ასევე ”ახალგაზრდა იურისტთა” თანახმად, ბევრ საქმეზე გადაწყვეტილება პროცესში ადვოკატების ჩართვის გარეშე მიიღო. ორგანიზაციის ადვოკატი, კახა კოჟოიძე, ამბობს იმასაც, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებას ერთადერთი მტკიცებულების, პოლიციელის მიერ ამა თუ იმ პირის შესახებ წარდგენილი პატაკის საფუძველზე იღებენ:

”ეს პატაკები, პოლიციელების მიერ დაწერილი, რაც სხვადასხვა საქმეზე იყო წარდგენილი, იყო ერთი და იგივე, გრამატიკული შეცდომებითაც კი. განსხვავდებოდა მხოლოდ ეგრეთ წოდებულ სამართალდამრღვევთა სახელები და გვარები, მეტი არაფერი. მოსამართლე აბსოლუტურად არ ცდილობდა, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დაედგინა, პოლიციელები კი ძალიან მოუმზადებლები იყვნენ - არც კითხვებს პასუხობდნენ, უბრალოდ, ამბობდნენ, რომ ეს ამას აკეთებდა. დამთავრდა. და მოსამართლე არც ერთ საქმეზე არ შეეცადა, რომ რაღაც დამატებით გამოეკვლია.”

კახა კოჟოიძის განმარტებით, დაკავებულები ძირითადად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გასამართლდნენ. მუხლი გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ფიზიკურ და სიტყვიერ წინააღმდეგობას.

თუმცა, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ფიქრობს, არ არის გამორიცხული, რომ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების გარდა, 90-დან ზოგიერთი დაკავებული პირის მიმართ სისხლის სამართალწარმოებაც დაიწყოს:
თამარ ჩუგოშვილი

” ჯერჯერობით ჩვენ ეს ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, იმიტომ რომ სისხლის სამართლის საქმეებზე სამი დღის განმავლობაში აქვს ვადა იზოლატორებს, სამართალდამცავებს იმისთვის, რომ სასამართლოებს გადაუგზავნონ საქმე. შესაბამისად, ჯერჯერობით მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების შესახებ გვაქვს ინფორმაცია.”

სისხლის სამართლის საქმეთა ზუსტი რაოდენობა არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა დაასახელა:

”რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით - მათ შორის, ამ ორი ადამიანის შესახებ - აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.”
არანაირი უკანონო აქცია არ შეიძლება გახდეს მიზეზი, რამაც შეიძლება გაამართლოს პოლიციის მიერ ასეთი სახის ძალის გამოყენება, ანუ ადამიანის ცემას გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს...

გარდაცვლილთა საქმეების გამოძიების გარდა, კიდევ ერთი უფლებადამცავი ორგანიზაცია, ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს მთავარ პროკურატურას აწარმოონ ეფექტური გამოძიება 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის მსვლელობისას იმ კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის დასადგენად, რომელთაც კანონს გადაამეტეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს 26 მაისს ღამით განვითარებული მოვლენების გამოძიებისკენ მოუწოდებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოც.”

პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დაშლისას ძალის გადამეტების ფაქტი, თავის მხრივ, უკვე დაგმო საერთაშორისო ორგანიზაცია ”ჰიუმან რაიტს ვოჩმა.” გიორგი გოგია, ორგანიზაციის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, აცხადებს:

”არანაირი უკანონო აქცია არ შეიძლება გახდეს მიზეზი, რამაც შეიძლება გაამართლოს პოლიციის მიერ ასეთი სახის ძალის გამოყენება, ანუ ადამიანის ცემას გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს.”
XS
SM
MD
LG