Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”გულწრფელად” შევსებული დეკლარაციები


ინფორმაციაზე იმის შესახებ, თუ რა ქონებას ფლობენ საქართველოში თანამდებობის პირები, ქვეყანაში ”საჯარო სამსახურის ბიურო” მუშაობს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ შექმნა ელექტრონული სისტემა, რაც ნიშნავს, რომ თანამდებობის პირები ელექტრონულად, ინტერნეტით ახერხებენ საკუთარი ქონების დეკლარირებას. თუმცა ეს მონაცემები საკმაოდ რთულად მოსახმარია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის დახმარებით, მონაცემები მოქალაქეთათვის მარტივად მოსახმარ და დასამუშავებელ ექსელის ფაილებში განათავსა.


საჯარო სამსახურის ბიურო

ესაა თორმეტკაციანი სამსახური, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია მთავრობის თანამდებობის პირთა ქონების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და დამუშავებაა. ამ სამსახურს აქვს ვებგვერდი www.declaration.ge, რომელზეც ეს მონაცემები ელექტრონული სახით არის განთავსებული. დეკლარაციებს თანამდებობის პირები უკვე რამდენიმე თვეა ელექტრონულად ავსებენ. სამსახური თანამდებობის პირებს უგზავნის ელექტრონულ წერილობით და სატელეფონო შეტყობინებებს, რომ დეკლარაციის შევსების დრო მოვიდა და ასევე ახდენს მონიტორინგს იმაზე, შეივსო თუ არა დეკლარაცია ამა თუ იმ თანამდებობის პირის მიერ. სამსახურის დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტის უფროსი მაკა კურტანიძე ხსნის სტრუქტურას:

„თუ თანამდებობის პირმა თავი აარიდა დეკლარაციის შევსებას, მას წარმოეშვება ათასი ლარის ჯარიმა ჩვენთან და ყველა შემთხვევაში, ათასი ლარის ჯარიმის შემდეგ, ორ კვირაში მაინც ავსებს დეკლარაციას. ანუ ჯარიმა არ ათავისუფლებს თანამდებობის პირს დეკლარაციის შევსების ვალდებულებისაგან.“

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამსახურის ბიურო მონაცემებს აგროვებს, თავად მონაცემების მოქალაქეთათვის წვდომა საკმაოდ გართულებულია იმ ელექტრონული ფორმატის გამო, რომელსაც სამსახური იყენებს.


„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“

ამ ორგანიზაციამ რამდენჯერმე გააკრიტიკა ”საჯარო სამსახურის ბიურო”, რადგან მონაცემები მათ ვებგვერდზე მოქალაქეთათვის საკმაოდ რთულად მოსაძიებელი და დასამუშავებელი იყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საკუთარ ვებგვერდზე წერს:

”მისცე საზოგადოებას მარტივი წვდომა მონაცემებთან, რომლის მოძიება და ანალიზი ადვილია, მნიშვნელოვანია, რადგან ეს ეხმარება მთავრობის თანამდებობის პირებს იყვნენ გულწრფელნი.”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქ არ ჩერდება და კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით იღებს მონაცემებს საჯარო სამსახურის ბიუროდან და გადაჰყავს ისინი ექსელის სპრედშიტებში, რაც ნიშნავს, რომ მონაცემებში ძიება გაცილებით მარტივდება. მაგალითად, დღეს თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, აქვს თუ არა რომელიმე თანამდებობის პირს რომელიმე საწარმოში წილი, მარტივად - ამ საწარმოს სახელწოდების საძიებო სისტემაში ჩაწერით, ასევე შეგიძლიათ მარტივად გაარკვიოთ, რამდენ თანამდებობის პირს ჰყავს ამა თუ იმ მარკის ავტომობილი. ამის მიუხედავად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საკუთარ ვებგვერდზე წერს:

”თუ დეკლარაცია იყო არასრულად შევსებული, მონაცემები ჩვენს ფაილებში ასევე უზუსტო იქნება.”


დეკლარაციები

თანამდებობის პირთა ოჯახის შესახებ მონაცემები შევსებული აქვს 5 ათასამდე ადამიანს. ამდენივე თანამდებობის პირზეა საბანკო დეპოზიტების შესახებ ინფორმაციაც. უძრავ ქონებას რაც შეხება, მონაცემები არსებობს 4 ათასზე მეტ შემთხვევაში. სხვა ქონების შესახებ ინფორმაცია, როგორიცაა ავტომობილი, ფერწერული ტილო ან იარაღის კოლექცია, მოცემულია მხოლოდ 1 900-მდე შემთხვევაში. ციფრი კიდევ უფრო იკლებს, როცა აქციებში ვინაცვლებთ, და ის 202 ადამიანამდე დადის. მოდი, კონკრეტული მაგალითები განვიხილოთ:

თბილისის მერი გიგი უგულავა. მიწა და შენობა-ნაგებობათა, ანუ უძრავი ქონების, ჩამონათვალში გრაფა ცარიელია, ანუ ქალაქის მერს ან მის მეუღლეს საკუთარი ბინა ან მიწა არ აქვთ. ასევე არ აქვთ ქალაქის მერს და ან მის მეუღლეს კერძო მოძრავი ქონება, მაგალითად, ავტომობილი, რომლის ღირებულებაც 10 000 ლარს აღემატება. ასევე ცარიელია გრაფა, სადაც მითითებულია აქციების ან ფასიანი ქაღალდების ფლობა საჯარო პირის მიერ - როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ასევე მითითებულია, რომ ქალაქის მერს ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ მიუღია 500 ლარზე მეტი ოდენობის საჩუქარი, რაც დეკლარირებას ექვემდებარება, ასევე არ არის ჩართული ქალაქის მერი ან მისი ოჯახის წევრი სამეწარმეო საქმიანობაში. ქალაქის მერის ანგარიშზე არსებულ თანხაზე ნაჩვენებია, რომ ქალაქის მერს აქვს 20 185 ხუთი ლარის დანაზოგი. ასევე ბოლო წლის განმავლობაში ქალაქის მერს შემოსავლის სახით მიღებული აქვს 93 456 ლარი.

შედარებისთვის მოვიყვანოთ სხვა უმაღლესი თანამდებობის პირის - საქართველოს პრეზიდენტის - მონაცემები: საქართველოს პრეზიდენტის შემთხვევაში მითითებულია, რომ პრეზიდენტს ბარნოვის ქუჩაზე აქვს ბინა და მანსარდა, რომლის ფართობი 154 და 164 კვადრატული მეტრია. პრეზიდენტს არა აქვს 10 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ქონება, ანუ ავტომობილი და მსგავსი. პრეზიდენტი ან მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, პრეზიდენტი ან მისი ოჯახი წევრები არ არიან ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. რაც შეეხება დანაზოგს, ცალკე პრეზიდენტს აქვს 87 ათას ლარამდე, მეუღლეს, სანდრა რულოვს კი, 192 ათასამდე დანაზოგი აქვს ლარებში. პრეზიდენტს ბოლო წლის განმავლობაში არ მიუღია საჩუქარი, რომლის ღირებულებაც აღემატება 500 ლარს. ბოლო წლის განმავლობაში, შემოსავლის სახით, პრეზიდენტს მიღებული აქვს 59 000 ლარი - 34 000 ლარით ნაკლები, ვიდრე ქალაქის მერს.


გადამოწმების სისტემა

ვინ ითვლება ოჯახის წევრებად: თუ მონაცემებს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ იქ ძირითადად მითითებულია მეუღლე, შვილები, დედა, სიდედრი. გვხვდება ასევე დედმამიშვილებიც. საკითხის დასაზუსტებლად ჩვენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ დავუკავშირდით. როგორც გავარკვიეთ, ოჯახის წევრი, კანონის მიხედვით, არის ადამიანი, ვისთან ერთადაც ცხოვრობს თანამდებობის პირი.

არსებობს თუ არა გადამოწმების ინსტიტუციური მექანიზმები: ამ შეკითხვით ჩვენ მივმართეთ როგორც თავად საჯარო სამსახურის ბიუროს, ასევე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“. ორივე შემთხვევაში ჩვენ გვითხრეს, რომ გადამოწმების ერთადერთი მექანიზმი სისხლის სამართლის კოდექსია, რომელიც ავალდებულებს თანამდებობის პირებს შეავსონ დეკლარაცია სრულყოფილად.

მაკა კურტანიძე: სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ არასწორი ან მცდარი ინფორმაციის შევსება გამოიწვევს თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის დაყენებას.

ამის მიუხედავად, თავად საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემების გადამოწმების რაიმე მექანიზმი არ გააჩნია.

მაკა კურტანიძე: თუ თვითონ დამალეს მონაცემები ან არ შეიტანეს, ამის კონტროლს ჩვენი სამსახური ვერ ახორციელებს.

იგივე გვითხრეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც“. ვესაუბრეთ იურისტ ვახუშტი მენაბდეს, რომელიც ამბობს, რომ ირიბად ამის გარკვევა შესაძლებელია. თუმცა, ვახუშტი მენაბდის თქმით, ამის გარკვევის „რაიმე ისეთი ინსტიტუციური მექანიზმი არ არსებობს“.

თუმცა არსებობს არაინსტიტუციური გადამოწმების მექანიზმი, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეზე გადის, ვისაც ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი. სწორედ ამას გულისხმობდა ალბათ „გამჭვირვალობა - საქართველო“, როცა ორგანიზაცია ამბობდა, რომ ჩვენ უნდა მივცეთ მოქალაქეებს ”იარაღი”, რითაც ისინი დაეხმარებიან თანამდებობის პირებს იყვნენ უფრო მეტად გულწრფელნიო. თავად დეკლარაციებს თანამდებობის პირები წელიწადში ერთხელ ავსებენ.
XS
SM
MD
LG