Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკანდალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის გარშემო


დომინიკ სტროს-კანი დაკავების შემდეგ
დომინიკ სტროს-კანი დაკავების შემდეგ
ნიუ-იორკში სასამართლოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი დომინიკ სტროს-კანი ციხეში უნდა დარჩეს, სულ ცოტა, შემდეგ მოსმენამდე სასამართლოში, რომლის წინაშეც ის სექსუალური ძალადობის ბრალდებით წარდგა. ის, ადვოკატის განცხადებით, ყველა ბრალდებას უარყოფს.

62 წლის სტროს-კანს, რომელსაც საფრანგეთში 2012 წლისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სოციალისტური პარტიის სავარაუდო კანდიდატად მიიჩნევდნენ, ბრალად ედება სასტუმროს მოსამსახურე ქალის გაუპატიურების მცდელობა. ბრალდების თანახმად, ის ნიუ-იორკის ფეშენებელური სასტუმროს - „სოფიტელის“ - ნომერში მოულოდნელად ეცა მოსამსახურე ქალს, შემდეგ შიშველი გაეკიდა, უკან აბაზანაში შეათრია და მასზე იძალადა.

მოგვიანებით ქალმა ის პოლიციის განყოფილებაში ამოიცნო.

სტროს-კანი პარიზისკენ მიმავალ თვითმფრინავში დააკავეს გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე. ის შესაძლოა დამნაშავედ ცნონ კრიმინალური სექსუალური აქტის ჩადენაში, ადამიანის დაკავებასა და გაუპატიურების მცდელობაში, რასაც შესაძლოა მოჰყვეს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მისი ვექილების განცხადებით, ბრალდებულმა თანხმობა განაცხადა სამედიცინო შემოწმებაზე, რაც საქმეში მტკიცებულებების გაჩენის მიზნით უნდა ჩატარდეს.

სტროს-კანმა დაიქირავა ძვირად ღირებული და პრესტიჟული ვექილი, ბენიამინ ბრაფტმანი, რომელმაც თავის დროზე წარმატებით შეძლო პოპ-ვარსკვლავ მაიკლ ჯექსონის დაცვა, როცა ის ბავშვებზე ძალადობაში იყო ეჭვმიტანილი.

ეს სკანდალი დიდი სირცხვილია საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის. არადა, ამ ორგანიზაციას და სტროს-კანს ბოლო პერიოდში ხშირად აქებდნენ იმის გამო, რომ მან გლობალური ფინანსური კრიზისის დროს მოახერხა ლიდერების დარწმუნება, მილიარდობით დოლარი ჩაედოთ მსოფლიოს ეკონომიკაში. ამასთან, დიდწილად ორგანიზაციის ძალისხმევით მოხერხდა ფინანსური დახმარებების სწრაფად ორგანიზება ისლანდიის, უნგრეთის, საბერძნეთის, ირლანდიისა და პორტუგალიისთვის.

ახლა კი საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სავარაუდოდ, იმის გამოც გახდება კრიტიკის ობიექტი, რომ სტროს-კანის მიმართ თავის დროზე, 2008 წელს, საკმარისი სიმკაცრე არ გამოიჩინა, როცა მან თავის ქვეშევრდომ ეკონომისტ ქალთან გააბა რომანი. შემდეგ იგი იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა და ეთქვა, შეცდომა დავუშვიო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სტროს-კანის მოადგილე, ამერიკელი ჯონ ლიპსკი დაინიშნა.

სკანდალმა შესაძლოა გაართულოს ამჟამად მიმდინარე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები იმის თაობაზე, უნდა გაფართოვდეს თუ არა ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საბერძნეთისთვის გამოყოფილი დახმარება.

ევროპის კომისია ამას უარყოფს და აცხადებს, სტროს-კანის დაპატიმრება გავლენას არ იქონიებს ევროს მოქმედების ზონის, ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყნების დახმარებაზეო. მაგრამ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბრიუსელში, რიკარდ იუჟვიაკი იუწყება, რომ სკანდალმა დიდი დაღი დაასვა შეხვედრას, რომელიც ბრიუსელში ორშაბათს და სამშაბათს იმართება და რომელშიც სტროს-კანსაც უნდა მიეღო მონაწილეობა: „ფინანსური დახმარებების სქემებს სწორედ იგი შეიმუშავებდა - არა მხოლოდ ირლანდიის, არამედ პორტუგალიის და საბერძნეთის შემთხვევებშიც. საბერძნეთთან მიმართებით ალბათ გარკვეული რესტრუქტურიზაცია მოუწევთ, პორტუგალიის შემთხვევაში კი ფინანსური დახმარების გამოყოფაზე უნდა შეთანხმდნენ. დროში ძალიან ცუდი დამთხვევა მოხდა. საბჭოს სურს, სიტუაცია ისე დახატოს, თითქოს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, უბრალოდ, სხვა პირს მიავლენენ და მოლაპარაკებებიც გაგრძელდება. მაგრამ ცხადია, რომ ამ მოლაპარაკებებს ეს ამბავი დიდ ზიანს მიაყენებს.“

სკანდალმა ზიანი საფრანგეთის საოციალისტურ პარტიასაც მიაყენა. სტროს-კანს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტიის სავარაუდო კანდიდატად მიიჩნევდნენ. სტროს-კანს საფრანგეთის საზოგადოებაში ზოგადად დადებითი სახელი აქვს - მას ქარიზმატულ ფიგურად და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმატებულ ხელმძღვანელად მიიჩნევენ.

სტროს-კანის პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდა, როცა ორშაბათს ერთმა ადვოკატმა თავისი კლიენტის - ფრანგი მწერალი ქალის, ტრისტან ბანონის - სახელით გააკეთა განცხადება. ადვოკატის თქმით, მწერალი აპირებს სარჩელი შეიტანოს სტროს-კანის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ინციდენტის გამო, რომელიც, მწერლის თქმით, 2002 წელს მოხდა, როცა ის სტროს-კანთან ინტერვიუს ჩასაწერად ცარიელ ბინაში მივიდა.

სოციალისტური პარტიის ლიდერები სიმშვიდის დაცვის მოწოდებით გამოდიან და უდანაშაულობის პრეზუმფციაზე საუბრობენ. სტროს-კანის ცოლი - საფრანგეთში ცნობილი ტელეჟურნალისტი, ენ სინკლერი - აცხადებს, რომ მისი ქმრის მიმართ წაყენებული ბრალდებების არ სჯერა.

20 მაისს დომინიკ სტროს-კანი ისევ წარდგება სასამართლოს წინაშე.
XS
SM
MD
LG