Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიევი: აქთაუში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი განუზრახველად ჩამოაგდო რუსეთმა


ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი
ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი

აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ყაზახეთში ჩამოვარდა, "მიწიდან სროლის შედეგად" დაზიანდა - განაცხადა 29 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. მის სიტყვებს ავრცელებს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-იც.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი განუზრახველად ჩამოაგდო რუსეთმა. ალიევი ასევე გამოვიდა კრიტიკით, რომ მოსკოვს ამ საკითხის "მიჩუმათება" სურდა.

"ჩვენ შეგვიძლია სრულიად მკაფიოდ ვთქვათ, რომ თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო. ... ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს განზრახ გაკეთდა, მაგრამ გაკეთდა", - სააგენტო "ასოშიეიტედ პრესის" თანახმად, ეს ალიევმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიას უთხრა.

ალიევის თქმით, თვითმფრინავმა გარედან დაზიანება მიიღო რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ გროზნოს სიახლოვეს და ფაქტობრივად, დაკარგა მიმართულება. "ვიცით, რომ ჩვენი თვითმფრინავი უმართავ მდგომარეობაში ჩააგდო რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა. ეს არის პირველი დაზიანება, რომელიც თვითმფრინავმა მიიღო", - ალიევის ამ სიტყვებს ავრცელებს Interfax-ი. სააგენტო აღნიშნავს, რომ ალიევმა ეს განცხადებები გააკეთა აზერბაიჯანის ტელეარხ AzTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზის საბოლოო ვერსია ცნობილი გახდება "შავი ყუთების" შინაარსის გაშიფვრის შემდეგ. მაგრამ, მისი თქმით, იმ ფაქტმა, რომ თვითმფრინავის კორპუსი დაზიანებული იყო, საქმიდან სრულად მოხსნა ფრინველთა გუნდთან შეჯახების ვერსია.

ალიევი დარწმუნებულია, რომ თვითმფრინავი AZAL-ი განზრახ არ იქნა ჩამოგდებული. თუმცა მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთში გარკვეულ წრეებს საკითხის მიჩუმათება სურდათ. "ერთ-ერთი მომენტი, რომელმაც აგვაღელვა და გაგვაკვირვა, იყო ის, რომ რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა წარადგინეს რაღაც გაზის ბალონის აფეთქების ვერსია. ეს ღიად მიანიშნებდა, რომ რუსეთის მხარეს საკითხის მიჩუმათება სურს, რაც, ცხადია, არავის წარმოაჩენს ღირსეულად", - თქვა ალიევმა. მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ კატასტროფის შემდეგ პირველი სამი დღის განმავლობაში, ბაქოს "რუსეთისგან არაფერი მოუსმენია, ბოდვითი ვერსიების გარდა".

28 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მოუბოდიშა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო.

თვითმფრინავი Embraer 190AR 25 დეკემბერს ჩამოვარდა. როცა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან რუსეთის ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ასრულებდა რეისს, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ახლოს. ბორტზე მყოფი 67 მგზავრიდან 38 დაიღუპა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG