Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეცნიერი და სისტემა


ივანე ჯავახიშვილის ავტოგრფი
ივანე ჯავახიშვილის ავტოგრფი
პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 135-ე წლისთავს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ექსპოზიციით გამოეხმაურა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა მეცნიერის ფუნდამენტური გამოკვლევების ავტოგრაფები და პირადი წერილები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია - „მეცნიერი და სისტემა“. დაისვა კითხვა: როგორია მეცნიერის ბედი ავტორიტარულ სისტემაში და რა განსაზღვრავს მეცნიერებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას?

ივანე ჯავახიშვილი - მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და მეცნიერების ორგანიზატორი - საქართველოს ისტორიაში გამორჩეული პიროვნებაა. მის სახელსა და ძალისხმევას უკავშირდება როგორც პირველი ქართული უნივერსიტეტის გახსნა, ასევე მასშტაბური სამეცნიერო მოღვაწეობა, რომლის შედეგადაც შეიქმნა: „ქართველი ერის ისტორიის“ ხუთი ტომი, „საქართველოს ეკონომიკური ისტორია“, „ძველი ქართული საისტორიო მწერლობა“, „ქართული საფას-საზომთამცოდნეობა, ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია“, „ქართული დამწერლობათმცოდნეობა, ანუ პალეოგრაფია“, ქართული სიგელთამცოდნეობა, ანუ დიპლომატიკა“, „ქართული მუსიკის ისტორია“ და სხვა მრავალი. აკადემიკოსი როინ მეტრეველი ივანე ჯავახიშვილის ღვაწლს ასე აღწერს:

„ივანე ჯავახიშვილმა საქართველოს, როგორც ქვეყანას, ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით გაუკეთა იმდენი, რამდენიც არც ერთ ისტორიკოსს მსოფლიოს არც ერთი ქვეყნისათვის არ გაუკეთებია.“

თუმცა საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში შემონახული ჩანაწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საკუთარი ღვაწლის შეფასებისას თავად ივანე ჯავახიშვილი გაცილებით მოკრძალებული იყო:

„მე ჩემი მოღვაწეობა წარმომიდგენია ისე, როგორც პატარა ჭიანჭველა, რომელიც ეპოტინება დიდ მარცვალს და მიაქვს, მაგრამ განმარტოებული მუშაობით მარტო ერთ ადამიანს არაფრის გაკეთება არ შეუძლია...“

ივანე ჯავახიშვილს ილია ჭავჭავაძის გზის გამგრძელებლად მიიჩნევს პროფესორი მზექალა შანიძე, რომლის თქმითაც, სწორედ ივანე ჯავახიშვილმა დაინახა, რომ ქვეყნის შემდგომი განვითარება ადგილზე განთლებისა და მეცნიერების განვითარების გარეშე შეუძლებელი იყო. მზექალა შანიძე, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, აკადემიკოს აკაკი შანიძის ქალიშვილი, ივანე ჯავახიშვილს პირადად იცნობდა:

„ოჯახში ჩვენთან მოდიოდა. პირდაპირ შუქს ასხივებდა ეს კაცი. საოცრად უბრალო და სადა იყო ურთიერთობაში. განსხვავება არ იყო: უბრალო დამლაგებელი ქალი და დიდი მეცნიერი მისგან ერთნაირად იმსახურებდა თავაზიან მოპყრობასა და საქციელს, რაც არ გამორიცხავდა აბსოლუტურ უკომპრომისობას მეცნიერულ საქმეში.“

სწორედ ამ უკომპრომისობის გამო შეექმნა ივანე ჯავახიშვილს პრობლემები საბჭოთა ხელისუფლებასთან. 1926 წლის 23 ივნისს ის რექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მწერალ როსტომ ჩხეიძის თქმით, უნივერსიტეტის დაარსებას მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებლობა და ბუნებრივია, რომ დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ იერიში სწორედ უნივერსიტეტზე მიიტანეს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 135-ე წლისთავის აღნიშვნა
საბედისწერო გამოდგა უნივერსიტეტისათვის 1930 წელი, როცა სახალხო კომისართა საბჭოს 7 ივლისის დადგენილების საფუძველზე სასწავლებლის რეორგანიზაცია და მის ბაზაზე ოთხი სპეციალური სასწავლო ინსტიტუტის შექმნა გადაწყდა, ერთი წლის თავზე კი, ეგრეთ წოდებული „კონდრატიევშჩინის“ - მავნებელთა ჯგუფის თანამოაზრეობის ბრალდებით, სასწავლებლიდან ივანე ჯავახიშვილიც გააძევეს. თუმცა მეცნიერის დევნა ამით არ დასრულებულა. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ნესტან ბაგაურის თქმით, არქივში დღემდე ინახება ფილიპე მახარაძის კრიტიკული წერილი, რომელიც დიდი საბჭოთა ენციკლოპედიისათვის დაწერილ სტატიას - „ქართველებს“ - შეეხება და რომელიც ავტორიტარული სისტემისა და მეცნიერის მანკიერი ურთიერთობის თვალსაჩინო მაგალითია:

„ვრცელი არ არის ეს წერილი, სულ ერთ გვერდზე ოდნავ მეტია, მაგრამ კარგად ჩანს ის პათოსი, თუ როგორ მოითხოვს ივანე ჯავახიშვილისგან, შეცვალოს სტატია. არ მოსწონს ის, რომ იქ არის საუბარი მეფეებზე, დიდ ქართველებზე.“

მომდევნო წლებში ივანე ჯავახიშვილის დევნა და კრიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდა. საფრთხე შეექმნა მეცნიერის როგორც დამოუკიდებლობას, ასევე ფიზიკურ არსებობას. ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის თქმით, მეოცე საკუნემ შვა ეგრეთ წოდებული „ვულგარული ავტორიტარიზმი“, რომელშიც ხელისუფალი კისრულობს არა მხოლოდ აბსოლუტურ პოლიტიკურ კომპეტენციას, არამედ მეტაფიზიკურ კომპეტენციასაც:

„მეტაფიზიკური კომპეტენცია თავის თავში გულისხმობს მეცნიერებისა და კულტურის არსის ცოდნას, ანუ მან უნდა განსაზღვროს ამ სფეროებში ყველაფერი. ავტორიტარული სისტემა კი სინონიმურია იერარქიული სისტემისა და უმაღლესი ხელისუფალი უნდა წარმოადგენდეს ავტორიტეტს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ინტელექტუალური თვალსაზრისით. ამდენად, ის ცდილობს ინტელექტუალური იერარქიაც დაალაგოს ქვეყანაში. ყოველ შემთხვევაში, ცდილობს უზრუნველყოს მისადმი ლოიალური ინტელექტუალური ცხოვრება და ბუნებრივია, რომ ის ცდილობს კონტროლის გაწევას.“

თუმცა ივანე ჯავახიშვილი გადაურჩა დაპატიმრებასა და დახვრეტას, რაშიც, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის თქმით, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სტალინის ცოლისძმას, ცნობილ ისტორიკოს ალიოშა სვანიძეს, რომელმაც ბელადი ივანე ჯავახიშვილის კვლევების მნიშვნელობაში დაარწმუნა, თუმცა, მარიამ ლორთქიფანიძის თქმითვე, ასევე სარწმუნოა შემდეგი გარემოებაც:

„მთელ ევროპაში იყო ლაპარაკი სტალინის წარმომავლობაზე. ვინ უდგას ამხელა სახელმწიფოს სათავეში, რომელი ერის შვილია... ხომ არ არის მისი ერი ბარბაროსების მსგავსი. ვინ არიან ეს ქართველები, რანი არიან... სტალინიც დაინტერესებული იყო იმით, რომ ეჩვენებინა საქართველო როგორც ტერიტორიულად პატარა, მაგრამ მდიდარი ისტორიისა და დიდი კულტურის ქვეყანა.“

როგორც ჩანს, ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა. 30-იანი წლების მეორე ნახევარში ივანე ჯავახიშვილის, როგორც მეცნიერის, სრული რეაბილიტაცია ხდება. 1939 წელს მას საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრადაც ირჩევენ, თუმცა სულ მალე, 1940 წლის 18 ნოემბერს, მეცნიერი ლექციის კითხვის დროს გულის შეტევით იღუპება. პროფესორი ნოდარ ლომოური ამბობს, რომ იმ დღეს იმყოფებოდა სოლოლაკში, ყოფილი მახარაძის - ამჟამად ქიქოძის - ქუჩაზე მდებარე ხელოვნების მუშაკთა სახლში და პირადად შეესწრო დიდი მეცნიერის გარდაცვალებას.

„მე იქ ვიყავი დარბაზში, სადაც გარდაიცვალა ივანე ჯავახიშვილი. მამიდამ, თამარ ლომოურმა - ნუმიზმატმა და საქართველოში ნუმიზმატიკის დამფუძნებელმა, ივანეს მოწაფემ - წამიყვანა. ვიყავი მაშინ 14 წლის. ვიჯექი და ვუგდებდი ყურს, როცა ცუდად გახდა. კარგად მახსოვს, როგორ აიჭრა კათედრაზე აკაკი შანიძე და დახმარება სცადა. მალე სასწრაფო დახმარებაც მოვიდა, მაგრამ არაფერმა უშველა. გარეთ რომ გამოვედით, ქუჩები გადაჭედილი იყო“, - უთხრა ნოდარ ლომოურმა რადიო თავისუფლებას.

ივანე ჯავახიშვილი თბილისის უნივერსიტეტის ეზოში დაკრძალეს, 1988 წელს კი სასწავლებელს მისი დამაარსებლის სახელი ეწოდა. სულ მალე საბჭოთა ტოტალიტალური სისტემაც დაიშალა, თუმცა, როგორც ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ამბობს, ამის მიუხედავად, სისტემისა და მეცნიერის ურთიერთობა „ვულგარული ავტორიტარიზმის“ მემკვიდრეობისგან ბოლომდე მაინც ვერ გათავისუფლდა. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ადმინისტრაციებისა და პედაგოგთა შემადგენლობის დაკომპლექტებისას კვლავ გადამწყვეტი ფაქტორია ხელისუფლებისადმი ლოიალობა, რაც აზარალებს მეცნიერების განვითარებას, რადგანაც ნებისმიერი ხელისუფლების ლოგიკა ზნეობრივი იმპერატივისა და თავისუფლების შეზღუდვაა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG