Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში ეკონომიკური კრიზისი მწვავდება


მინსკი: ვალუტის გადასაცვლელ პუნქტთან
მინსკი: ვალუტის გადასაცვლელ პუნქტთან
ბელორუსიაში 30-მდე პროცენტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტა მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ბანკმა ბოლო მოუღო ვალუტის გაცვლითი კურსის რეგულირებას. ამას ემატება რუსეთის ფინანსთა მინისტრის უარი მინსკის ფინასური სტაბილიზაციისათვის განკუთვნილ კრედიტზე. ეკონომიკური კრიზისი მძიმე მდგომარეობაში აყენებს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელსაც ისედაც დაძაბული ურთიერთობა აქვს მეზობელ და არა მარტო მეზობელ ქვეყნებთან.

მოსკოვმა უარი უთხრა ბელორუსიას სტაბილიზაციისათვის განკუთვნილ მილიარდდოლარიან კრედიტზე და ურჩია მას, რომ ფული სხვაგან მოიძიოს - ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის, ან საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან. რუსეთის უარი, რომლის შესახებაც ოთხშაბათს, 11 მაისს გამოაცხადა ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა, მძიმე დარტყმაა მინსკისათვის, ეკონომიკური კრიზისის გამწვავების პირობებში.

წინა დღით ბელორუსიის ცენტრალურმა ბანკმა გააუქმა ვალუტის კურსის რეგულირება და ამით გზა გაუხსნა ეროვნული ვალუტის დევალვაციას. ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი კვლავაც 3037 ბელორუსული რუბლი ღირს, მაშინ როცა სინამდვილეში 4000-მდე ბელორუსულ რუბლად იყიდება, ეს კი ნიშნავს, რომ ერთადერთ დღეში 25 პროცენტით არის გაუფასურებული. ხალხი უცხოურ ვალუტას და ოქროვერცხლეულობას ყიდულობს, შაქარსა და ზეთს იმარაგებს...

„ხელისუფლებას ესმის, რომ თუ ოფიციალურად გამოაცხადებს დევალვაციის შესახებ, ამის შედეგად, მყისიერი ცვლილება თითქმის მოლდავეთის დონეზე დაიყვანს ბელორუსების ხელფასებს. მოლდავეთი კი ევროპის უღარიბეს ქვეყნად ითვლება“, ამბობს ბელორუსი ეკონომისტი ევგენი პრეიგერმანი. თუმცა, მისივე შეფასებით, სხვა გზა არ არის და ბელორუსიის ხელისუფლებას მოუწევს დევალვაციის გამოცხადება. „ყოყმანი კი წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ერთიანი ეკონომიკური სტრატეგია“, დასძენს პრეიგერმანი.

პრეზიდენტი ლუკაშენკო ეკონომიკური კრიზისის მიზეზად ასახელებს უცხო ქვეყნების მთავრობების ზემოქმედებას (თუმცა, არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყნებს გულისმხობს) და კრიზისის მიზეზად ასახელებს იმ გარემოებასაც, რომ ბელორუსები, მისი თქმით, მეტისმეტად ბევრ უცხოურ მანქანას ყიდულობენ.

განსხვავებულია დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასება. ისინი ამბობენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას პრეზიდენტმა ბევრი პოპულისტური პირობა დადო, რომ გაიზარდა ხარჯები ენერგეტიკის სფეროში და რომ ბელორუსიის, ძირითადად, სახელმწიფო მართვას დაქვემდებარებული ეკონომიკა, ზოგადად, არაეფექტიანია.

მოსკოვთან მოლაპარაკება, რომელსაც ბელორუსია კრედიტის მიღების იმედს უკავშირებდა, თითქმის ორი თვე გაგრძელდა და ბევრი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მოსკოვი შეეცდებოდა კონტროლის დამყარებას ბელორუსიის სახელმწიფო კომპანიებზე და შესაძლოა, მხარეები ამ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რახან მოსკოვმა კრედიტზე უარი უთხრა მინსკს.

თუმცა, ბელორუსი პოლიტოლოგი ანდრეი ფიოდოროვი არც იმას გამორიცხავს, რომ მოსკოვი იმთავითვე არ აპირებდა კრედიტის გაცემას, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. „შესაძლებელია, რომ მოსკოვი არ აპირებდა ფულის მიცემას და მინსკს კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა. ეს შესაძლოა 19 დეკემბრის (ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნების) შემდეგ ოპოზიციის დარბევის შედეგი იყოს. ბელორუსიასა და დასავლეთს შორის კონფლიქტი იმას ნიშნავდა, რომ მინსკი ვერ მიიღებდა დახმარებას დასავლეთის ქვეყნებისაგან. გამოვიდა, რომ მინსკი დაუცველია მოსკოვთან ურთიერთობაში და მოსკოვი იყენებს ამ უპირატესობას“, - ასე ფიქრობს ანდრეი ფიოდოროვი.

მინსკს უჭირდა, როცა მოსკოვს აპრილში წარუდგინა ანტიკრიზისული გეგმა და კიდევ უფრო უჭირს ახლა. 19 მაისისთვის დაგეგმილია ბელორუსიაში რუსეთის პერმიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტი. რაზე მოილაპარაკებენ მინსკში, სულ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის ინფორმაციით, აქამდე არ წამოჭრილა შეკითხვა, რომელიც ადრე არაერთხელ დასმულა და რომელიც განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოსათვის: ხომ არ შეეცდება მოსკოვი, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე დაიყოლიოს მინსკი, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება დახმარება და დიდი არჩევანი ნამდვილად არა აქვს.
XS
SM
MD
LG