Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”არალეგალებზე” სახელმწიფოს ”მზრუნველობა” არ გავრცელდება


დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე
საქართველოს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში საკანონმდებლო ინიციატივა დაწერეს. სამინისტროში ამბობენ, რომ დამზადდება სპეციალური საბუთები, რომლებსაც ემიგრანტებს სურვილის შემთხვევაში დაურიგებენ. ამ საბუთით საქართველოს სახელმწიფო მათზე პასუხისმგებლობას იღებს. სამინისტროს განცხადებით, ადამიანებს შეღავათები ექნებათ საზღვრის გადაკვეთის დროს, მათ ასევე შეეძლებათ მუშაობა საქართველოში.

ფრაგმენტი პრესრელიზიდან, რომელიც სამინისტრომ დღეს დილიდან პრესაში გაავრცელა:

”საკანონმდებლო ინიციატივა განპირობებულია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე საქართველოს სახელმწიფოს მიერ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის აღებით.”

უფრო მეტის გასაგებად ჩვენ დავუკავშირდით საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთ ავტორს, ლალი შაიშმელაშვილს, რომელთანაც ასეთი დიალოგი გაიმართა:

ლალი შაიშმელაშვილი: მოწმობა მიენიჭება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს და ეწერება შიგნით, რომ ეს პირი არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე.

რადიო თავისუფლება: რას მოიცავს ეს საბუთი? რას აძლევს მოქალაქეს? რა პირობებში გაიცემა? ვისზე გაიცემა?

ლალი შაიშმელაშვილი: ჩასასწორებელი გვაქვს კიდევ რაღაცები, შეიძლება კიდევ შეიცვალოს. ამ ეტაპზე, ალბათ, მეტს ვერ ვიტყვით. როდესაც უკვე გადაწყდება, მერე დაგიკავშირდებით.

რადიო თავისუფლება: ზოგადად თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რას მოიცავს იგი ან ვის შეეხება? მაგალითად, თუ შეეხება არალეგალურ ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეებს?

ლალი შაიშმელაშვილი: არალეგალებს არ შეეხება, მაგრამ, იცით, ჯერ კიდევ დასაზუსტებელია ბევრი საკითხი. შეხვედრები გვქონდა ჩვენ დღესაც, რაღაცები ჩასწორდა და, აქედან გამომდინარე, ჯერ საბოლოო პასუხს ვერ გეტყვით.

ერთი, რაც სამინისტროს პრესსამსახურში იციან, არის ის, რომ მსგავსი „თანამემამულის საბუთები“ სხვა ქვეყნებს აქვთ გამოყენებული:

„აღებულია ინდოეთის გამოცდილების საფუძველზე, იმიტომ რომ მათ ჰყავთ მსოფლიოში სიდიდით მეორე დიასპორა და ისინი იყენებენ მსგავს საბუთს საკუთარ მოქალაქეებთან მიმართებაში.“

სანამ ინიციატივის გადმოღების პროცესი დასრულდებოდეს, აი, რას ამბობენ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქენი. ვახტანგ გომელაური, სტუდენტი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება:

„მცდელობები, რომ რაღაც გაკეთდეს, ძალიან ჰგავს ხოლმე მარკეტინგულ კამპანიებს და ძაან მოშორებულია თვითონ არსს. არსი კი ისაა, რომ ადამიანები, რომლებიც წასულები არიან საქართველოდან, არიან რაღაც მიზეზის გამო წასულები საქართველოდან. თუ უნდათ, რომ შეჩერდეს საქართველოს დაცლა ადამიანური პოტენციალისგან, ამისთვის, პირველ რიგში, პრევენციაა საჭირო და არა რეპატრიაციები.“

ანა ჭიჭინაძე, ამჟამად სწავლობს ნიდერლანდში:

„ვინც ლეგალურად ცხოვრობს, - მე ვიცნობ ქართველ ებრაელს, რომელიც ჩვეულებრივ ლეგალურად ცხოვრობს, მოქალაქეა და საქართველოშიც ჩამოდის და რასაც უნდა აკეთებს, - იმისთვის, ალბათ, სულ ერთია საქართველოს მთავრობა რას იზამს და ვინც არალეგალია, იმათ აქაურობის ეშინიათ, არც უნდათ, რომ რამე კონტაქტში შევიდნენ მთავრობასთან, გამოჩენის ეშინიათ. ამიტომ არა მგონია, მათ მთავრობასთან ურთიერთობა უნდოდეთ.“

სამინისტროში ჯერჯერობით ინიციატივას ამუშავებენ და ამბობენ, რომ უფრო მეტს უახლოეს მომავალში იტყვიან.
XS
SM
MD
LG