Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოთხოვნები WTO-ში რუსეთის გაწევრიანების მხარდაჭერისათვის


საქართველოში კვლავაც არ დაუკარგავს აქტუალობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე ბერნში გამართული მოლაპარაკების თემას. რუსეთის მიმართ საქართველოს პოზიციის შესახებ საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები ჩამოყალიბდა. ერთნი თვლიან, რომ ოფიციალური თბილისი ზედმეტად უკომპრომისოა, მეორენი კი პოზიციების დათმობაზე ლაპარაკობენ.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე ბერნში გამართული მოლაპარაკებისას მხარეები - საქართველო და რუსეთი -შეთანხმდნენ, რომ არ გაახმაურებდნენ მოლაპარაკებათა დეტალებს, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 13 მარტს საქართველოს პოზიცია მაინც გააკრიტიკა საჯაროდ:

„თუ ჩვენი ქართველი მეზობლები წამოსწევენ ისეთ თემას, როგორიცაა, მათი სიტყვებით რომ ვთქვათ, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის აღდგენა სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის, აფხაზეთისა და რუსეთის საზღვრებზე, მაშინ ვიტყვით, რომ ამას საერთო არაფერი აქვს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ეს გზა უპერსპექტივოა. და თუ ჩვენი ქართველი კოლეგები ჯიუტად დაიცავენ ამ პოლიტიზებულ პოზიციას, მაშინ მოგვიწევს საკითხის მათი მონაწილეობის გარეშე გადაწყვეტა, რისი შესაძლებლობაც არსებობს.“

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი მანამდე, მოლაპარაკების გამართვამდე, განაცხადეს, რომ საქართველოს პოზიცია უცვლელია და რომ ოფიციალური თბილისი მოსკოვისგან მოითხოვს როკის გვირაბთან და მდინარე ფსოუზე საბაჟო პუნქტების ლეგალიზებას. ითქვა ისიც, რომ თბილისი თანახმაა ამ საბაჟოების მონიტორინგი საერთაშორისო ორგანიზაციამ განახორციელოს.

ჩვენ რუსეთის წინაშე ვაყენებთ ერთ ძირითად და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, ეს არის საბაჟო გამშვები-პუნქტების ლეგალიზება...
საქართველოში ასეთი პოზიცია საზოგადოების ერთმა ნაწილმა ერთგვარ უკანდახევად, მეორე ნაწილმა კი უკომპრომისო პოზიციად აღიქვა.

თუმცა თუ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ საქართველოსა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების ისტორიას გადავხედავთ, თბილისის პოზიციაში თითქმის არაფერი შეცვლილა.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის საკითხებზე რუსეთთან გამართულ მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თამარ კოვზირიძე. ის მოლაპარაკებათა პროცესის მონაწილეა ჯერ კიდევ 2004 წლიდან. სწორედ 2004 წელს გაფორმდა ოქმი რუსეთსა და საქართველოს შორის, რომლის მიხედვითაც, საქართველომ მხარი დაუჭირა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას, ოღონდ ერთი პირობით. ამ პირობის შესახებ თამარ კოვზირიძე რადიო თავისუფლებისთვის 2006 წელს მიცემულ ინტერვიუში ლაპარაკობს:

”ჩვენ რუსეთის წინაშე ვაყენებთ ერთ ძირითად და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, ეს არის საბაჟო გამშვები-პუნქტების ლეგალიზება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივ გაკონტროლებაზე, როდესაც ვსაუბრობთ ლეგალიზებაზე. შესაძლოა ეს მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მონიტორინგის თანხლებით.”

ასეთი იყო საქართველოს მოთხოვნა 2006 წელს. მაშინ ჩვენთან ინტერვიუში, მოლაპარაკებებზე საქართველოს წარმომადგენელმა თამარ კოვზირიძემ საზღვრების ერთობლივი საბაჟო კონტროლის პრეცედენტზეც ილაპარაკა:

”პრეცედენტი არსებობს ჩვენს რეგიონში. ამგვარი რამ ხორციელდება უკრაინისა და მოლდავეთის საზღვარზე, უფრო კონკრეტულად, უკრაინისა და დნესტრისპირეთის საზღვარზე, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემატიკას. და ამ შემთხვევაში არის ევროკავშირის სასაზღვრო მისია, რომელსაც აკისრია მონიტორინგის ფუნქცია, მაგრამ ორივე ქვეყნის მებაჟეები ერთობლივად ახორციელებენ საბაჟო ადმინისტრირებას.“

ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი იყოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ვალდებული იქნება იხელმძღვანელოს იმ საერთაშორისო სავაჭრო წესებით, რომლითაც ხელმძღვანელობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყანა ...
როგორც თამარ კოვზირიძემ აღნიშნა, ჯერ კიდევ 2006 წელს ლაპარაკი იყო საზღვარზე საბაჟო კონტროლის განხორციელებაზე, რაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს. ოფიციალურ თბილისს არც მაშინ მოუთხოვია და არც ახლა როკის გვირაბთან და მდინარე ფსოუზე შეიარაღებული მესაზღვრეების დაყენება - ის, რაც შეიძლება პოლიტიკურ მოთხოვნად ჩაითვალოს და სცდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზნებს. მიუხედავად ამ მოთხოვნის არარსებობისა, რუსეთი საქართველოს მიმართ ჯერ კიდევ 2004 წელს ნაკისრი ვალდებულების მექანიზმის შეხსენებას პოლიტიკურ მოთხოვნას უწოდებს.

ის, რასაც რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერის სანაცვლოდ საქართველოს სთავაზობს, ქართული ღვინისთვის რუსეთის ბაზრის შესაძლო გახსნაა. თუმცა ოფიციალურ თბილისს მოსკოვის მსგავსი შეთავაზება არც 2006 წელს აძლევდა ხელს და არც ახლა, რადგან მიაჩნია, რომ სავაჭრო ბარიერების მოხსნაზე მსჯელობა მას შემდეგ უფრო გაიოლდება, რაც რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდება. ისევ ფრაგმენტი 2006 წელს თამარ კოვზირიძისგან აღებული ინტერვიუდან:

”ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი იყოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ვალდებული იქნება იხელმძღვანელოს იმ საერთაშორისო სავაჭრო წესებით, რომლითაც ხელმძღვანელობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყანა. და, ვთქვათ, უთანხმოების ან გარკვეული დარღვევების შემთხვევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში არსებობს დავების განხილვის სამართლებრივი მექანიზმი და ამ ფორმით შეიძლება დარეგულირებული იქნეს ის პრობლემები, რომლებიც არსებობს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში.”

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო-რუსეთის მოლაპარაკება ერთი თვის შემდეგ უნდა განახლდეს.
XS
SM
MD
LG