Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: ჩრდილოვანი ანგარიში


კვლევის პრეზენტაცია
კვლევის პრეზენტაცია
შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეაფასა ის, თუ რამდენად კარგად შეასრულა საქართველომ ”ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” ფარგლებში აღებული ვალდებულებები 2010 წლის განმავლობაში. სწორედ ამ კვლევის შედეგების ამსახველი ე.წ ჩრდილოვანი ანგარიში წარმოადგინა ფონდმა ”ღია საზოგადოება -საქართველომ” 15 მარტს. კვლევის დამკვეთი სწორედ ეს ორგანიზაცია იყო, კვლევისა, რომელსაც ეწოდება ”ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: ევროკავშირ -საქართველოს სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულება”.

რამდენად დამოუკიდებელია მედია, რამდენად შეესაბამება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს ცვლილებები კონსტიტუციაში და რა ნაბიჯები იდგმება საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, ასევე ის, თუ როგორ სრულდება ეკონომიკური სექტორის რეფორმა - ამ და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე არასამთავრობოების მიერ მომზადებული ანგარიში მოისმინეს 15 მარტს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართელოში მყოფმა უცხოელმა ელჩებმა და დაინტერესებულმა პირებმა.

2010 წელი საკმაოდ დატვირთული იყო მოვლენებით, შეიძლება ითქვას, რომ იმავდროულად ყველაზე სტაბილური წელი იყო, ბოლო წლებს თუ შევადარებთ ...
აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყნის დასავლური განვითარების უზრუნველსაყოფად ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა 2006 წელს აიღო. სწორედ ამ ვალდებულებების ფარგლებში დაიგეგმა რამდენიმე მიმართულებით რეფორმა, რომლის შესრულებასაც თვალს არა მხოლოდ საქართველოში არსებული ორგანიზაციები, არამედ ევროპული სტრუქტურებიც ადევნებენ.

4 მარტს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ოფიციალური ანგარიში სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციაში გიორგი ბარამიძემ წარმოადგინა. მაშინ ითქვა, რომ „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები წარმატებით სრულდება.

ამ მოსაზრებას, რბილად რომ ვთქვათ, არ ემთხვევა არასამთავრობოების მიერ წარმოდგენილი ალტერნატიული, ჩრდილოვანი ანგარიში. ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” დირექტორის ქეთი ხუციშვილის სიტყვებით, 2010 წელს რეფორმები იყო, მაგრამ დემოკრატიზაციის კუთხით ნაკლები:

“2010 წელი საკმაოდ დატვირთული იყო მოვლენებით, შეიძლება ითქვას, რომ იმავდროულად ყველაზე სტაბილური წელი იყო, ბოლო წლებს თუ შევადარებთ, 2007 წლიდან დაწყებული. ასევე იყო რეფორმების გატარების საშუალება. როდესაც საერთო ტენდენციას ვაფასებთ, ალბათ, ასე ვიტყვით, რომ სერიოზული წინსვლა მოხდა მოდერნიზაციის თვალსაზრისით, მაგრამ არ მომხდარა წინსვლა დემოკტარიზაციის კუთხით.”

ანგარიშში ძირითად მიგნებებს შორის პირველ საკითხად დასახელებულია საკონსტიტუციო ცვლილებები და ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილების თემა. ამ საკითხზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა:

”მთავარი, რაც უნდა მომხდარიყო, უნდა გაძლიერებულიყო პარლამენტის როლი, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებული რედაქცია, ის ვარიანტი, რომელიც კომისიამ შეიმუშავა და პარლამენტმა დაამტკიცა, ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს პარლამენტის როლის გაძლიერებას, ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის აღდგენას და არიან კონსტიტუციონალისტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ, პირიქით, გაუარესდა პარლამენტის როლი და მნიშვნელობა.”

თამარ ჩუგოშვილი შეეხო სასამართლოს დამოუკიდებლობის თემასაც და აღნიშნა, რომ დღემდე პრობლემად რჩება მოსამართლეების მხრიდან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების საკითხი და რომ მათზე გავლენას ხშირად ახდენენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან.

მედიაექსპერტმა ნინო დანელიამ ამ სფეროში განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებები პოზიტიურად შეაფასა, მათ შორის ის, რომ პარლამენტში დაწყებულია მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების განხილვა. ნინო დანელია შეეხო მედიის მესაკუთრეთა გამჭვირვალობისა და მედიაბაზარზე სახელმწიფოს ფინანსური ჩარევის საკითხებსაც, თუმცა, მისი ხედვით, დღემდე ასევე პრობლემურია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მუშაობა:

თქვენი მოსმენის შემდეგ მე, როგორც ევროპელ დიპლომატს, ტოტალური დეპრესია დამეუფლა ...
”არ აკონტროლებს რამდენად სრულდება მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რაც არის მისი პირდაპირი მოვალეობა. ერთი და იგივე მფლობელები სხვადასხვა წილობრივი მფლობელობით არიან სხვადასხვა მაუწყებლებში, რაც ქმნის ძალიან სერიოზულ საფრთხეს მედიამფლობელობის მონოპოლიზაციისა, რაც შესაბამისად აისახება ხოლმე კონტენტზე.”

მიუხედევად განხორციელებული რეფორმისა, დღემდე ვერ მოხერხდა საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების შექმნაო, ნათქვამია ანგარიშში. არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ეკა სირაძე-დელონეც აღნიშნავს, რომ ადგილობრივი არჩევნების დროსაც თვალსაჩინო იყო მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ საფრანგეთის ელჩმა საქათველოში ერიკ ფურიემ სიტყვა ითხოვა და განაცხადა:

”თქვენი მოსმენის შემდეგ მე, როგორც ევროპელ დიპლომატს, ტოტალური დეპრესია დამეუფლა. გამოდის, რომ ევროკავშირის მცდელობა ქვიშაზე დაღვრილი წყალია, რომელიც უკვალოდ იკარგება. არავითარი პროგრესი არ არის იმ მიმართულებით, რასაც ევროპული ფასეულობები ჰქვია. არ არსებობს თავისუფალი მედია, სრული უნდობლობაა პროფკავშირის მიმართ, არ შეინიშნება პროგრესი ეკონომიკაში... ეს კატასტროფაა. თქვენი გამოსვლების შემდეგ შეგრძნება მაქვს, რომ ამიწერეს ახალი ბოლშევიკური სახელმწიფო.“

საფრანგეთის ელჩს არასამთავრობო ოგრანიზაციებმა უპასუხეს, რომ მათი მიზანი ნაკლოვანებების ჩვენებაა.

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვიც ესწრებოდა. ჩვენ მას ვთხოვეთ შეეფასებინა ის, თუ რამდენად შესაბამისობაშია, აქ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მიმდინარე რეფორმები „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ ამოცანებთან.

”ამ დასკვნის მიხედვით, აქ არის არსებითი პროგრესი გარკვეულ სფეროებში, განსაკუთრებით რაც შეეხება კანონპროექტებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის მიღებული, მაგალითად, როგორიცაა კანონში ცვლილებები მედიამფლობელების გამოვლენისა და მასობრივი კომუნიკაციების საშუალებების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. საქართველო მუშაობს ასოციაციის შესახებ შეთანხმებაზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რასაც თქვენ აკეთებთ, საფუძვლიანად შეისწავლება. არის ბევრი მოთხოვნა და მას პასუხი უნდა გაეცეს და მე გარწმუნებთ, რომ მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება”, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ანგარიშებს ევროპული ინსტიტუტებიც აწარმოებენ, რაც სრულყოფილი სურათის დანახვის საშუალებას იძლევა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG