Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა, 15 მარტი 2011


’თანამედროვე ტექნოლოგიებით ადამიანებს შეუძლიათ მიწისძვრას აღუდგნენ წინ, მაგრამ უზარმაზარი ტალღის წინაშე თვით იაპონიაც უძლურია…’- წერს „ნოვაია გაზეტა“. ’ჩვენ თქვენთან ვართ’ განაგრძობს გაზეთი, ’ყველანი - ავტორები, მკითხველები - წუხილით ვადევნებთ თვალს სტიქიას, რომელიც თავს დაატყდა იაპონიას. ჩვენ ღრმად გითანაგრძნობთ, მეგობრებო.’ გაზეთი აქვეყნებს სტატიას, დაწერილს სპეციალური კორესპონდენტის მიერ, რომელიც მიწისძვრის დროს ტოკიოში იმყოფებოდა. კორესპონდენტი აღწერს, როგორ უჭირდა მიწისძვრის დროს მიწაზე დგომა, რასაც ის დიდ ტალღებში მოყოლილი გემის გემბანზე დგომას ადარებს. რეპორტიორი ასევე წერს, რომ სტიქიის მასშტაბების მიუხედავად, ტოკიოში მაროდიორობის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ტრანსპორტირების ყველა სისტემა მწყობრიდან გამოსულა, მთავრობას განცხადებები გაუვრცელებია, რომ ადამიანები ადგილზე დარჩენილიყვნენ:

”ადამიანები მოძრაობდნენ უზარმაზარ მწკრივებად და ეხმარებოდნენ ერთმანეთს: იყოფდნენ სიგარეტებს, ერთმანეთს მონეტებს აძლევდნენ ტაქსოფონებისთვის, იმიტომ რომ მობილური ოპერატორები გაითიშა, რესტორნები და მაღაზიები უფასოდ არიგებდნენ სასმელ წყალს ბოთლებში, გახსნეს ტუალეტები ყველასთვის, დაუძლურებულ ადამიანებს ათავსებდნენ საკუთარ შენობებში. იაპონიაში იმუშავა და განაგრძობს მუშაობას ის, რაც არც ერთ ინსტრუქციაში არ წერია, ის, რაც ეხმარება ადამიანს გაუძლოს ყველაზე რთულ გამოწვევებსაც - ეს ადამიანური სოლიდარობაა.”

იმის აღწერის შემდეგ, რა ხდებოდა ტოკიოში მიწისძვრისა და ცუნამის დღეს, გაზეთი გვთავაზობს ექსპერტების მოსაზრებებს რადიაციულ საფრთხეებთან დაკავშირებით. ’ახლა ყველაფერი ქარზეა დამოკიდებული’,- წერს გაზეთი, მეცნიერ სეისმოლოგის, ვიქტორ ბიკოვის, მოსაზრებაზე დაყრდნობით. ბიკოვი იხსენებს უკრაინაში ჩერნობილის აფეთქებას და ამბობს, მაშინ, ქარის გამო, რადიაციულმა ნალექმა მ ევროპამდეც კი ჩააღწიაო. ასე არ მოხდა ხიროსიმისა და ნაგასაკის დროსო, მაშინ ქარმა რადიაცია წყნარ ოკეანეში წაიღოო. ამ შემთხვევაში კი საუბარია აფეთქებაზე ატომურ სადგურ ’ფუკუსიმა ერთზე’.

ამ აფეთქების ფოტოებს აქვეყნებს გაზეთი „იზვესტია“. „იზვესტია“ ცოტა ფართო ჭრილში ცდილობს რადიაციული საფრთხეების შეფასებას. მაგალითად, გაზეთი წერს, რომ მსოფლიოში სულ 440 ატომური სადგურია. აქედან 56 ატომური ენერგობლოკი 19 სადგურზე იაპონიაშიაო განთავსებული. გაზეთი ასევე იხსენებს ისტორიულ ფაქტებს, როცა ატომურ სადგურებზე ხდებოდა გაჟონვები და იყო შემთხვევები, რომ ინფორმაცია ამ გაჟონვათა შესახებ არ ჟონავდა. უკანასკნელ აფეთქებაზე „იზვესტია“ ექსპერტებისა და მეცნიერების მოსაზრებებს ითვალისწინებს და ასკვნის, რომ აფეთქებას არ შეიძლება ჰქონდეს მაღალი რადიაციული გავრცელების არეალი.
„ვედომოსტი“ ასევე მთავარ გვერდზე სადგურ „ფუკუსიმა ერთზე“ წერს, თუმცა საფრთხეებს შედარებით მკაცრად აფასებს. გაზეთის თანახმად, ამ სადგურზე დამატებით ორი აფეთქება ორშაბათს მომხდარა. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი თანამშრომლების ევაკუაცია მოუხდენიათ, თუმცა, მაგალითად, კომპანია „ბოინგს“ განუცხადებია, რომ „ის არ აპირებს თავისი თანამშრომლების ევაკუაციას. ”

”რადიაციის გაჟონვების საფრთხე მატულობს, თუმცა კეთდება ყველაფერი შესაძლებელი, რომ თავიდან ავირიდოთ რადიაციის გავრცელება. გულის სიღრმიდან მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე”- ეს ციტატა იაპონიის პრემიერ-მინისტრს ნაოტო კანს ეკუთვნის და მას „ვედომოსტი“ აქვეყნებს. გაზეთი წერს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია საფრთხის რეალურობა, თუმცა დასავლურ პრესაზე დაყრდნობით შენიშნავს, რომ მდგომარეობა „ფუკუსიმა ერთზე“ შესაძლოა იყოს იმაზე მძიმე, ვიდრე ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ამასობაში ადამიანურ სოლიდარობაზე წერს „იზვესტია“. გაზეთს რეპორტიორი იაპონიაში არ ჰყოლია, მაგრამ აქვეყნებს ციტატებს რუსი ბლოგერებისა, რომლებიც მიწისძვრის დროს ტოკიოში ან ახლო მდებარე ქალაქებში იმყოფებოდნენ. გთავაზობთ ამ ციტატებს:

”ადამიანებმა გასაოცრად ზუსტად იმოქმედეს.”

”ჩემს სახლთან გაიხსნა ორი კვების უფასო პუნქტი. ეს ნიშნავს, რომ იგივე ხდება მთელ ტოკიოში. ადამიანებს, რომლებსაც ღამის გასათევი არა აქვთ, უშვებენ დასაძინებლად სავაჭრო ცენტრებში.”

”მაროდიორობის შემთხვევები არ ყოფილა და დარწმუნებული ვარ არც იქნება. მაღაზიებში გამყიდველები გიღიმიან და თავაზიანად გეპყრობიან. ზოგან თაროები ცარიელია და განცხადებაა გამოკრული: ’პროდუქტები არ შემოდის, რადგან ყველაფერი სტიქიის რაიონში მიდის. იმედი გვაქვს ამას გაგებით მოეკიდებით.’ ”
XS
SM
MD
LG