Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მოდიან, ბზარებს სურათებს უღებენ და გადის წლები…”


დილის დაახლოებით ათი საათისთვის ძველ თბილისში, დიდხევის ქუჩის პირველ ნომერში, საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, ნანგრევებში 76 წლის გულიოზა ბოლქვაძე მოყვა. ქალბატონი გადაყვანილია საავადმყოფოში, ექიმების განცხადებით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ქალაქის მერიის განცხადებით, მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს. ეს ამბავი დილიდან ტელევიზიების ეთერით შუქდება. საინფორმაციო გამოშვებების კადრებში ჩანან მაშველები, გამგეობის წარმომადგენლები, სამაშველო მანქანები და ნანგრევები… პირდაპირ ჩართვებში ჟურნალისტები და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები საუბრობენ ჩამონგრევის დეტალებზე, დაზარალებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ტელევიზიები გადმოსცემენ ექიმების, მაშველების ინტერვიუებს….

ჩვენ ვორონცოვზე დღის პირველი საათისთვის მივედით. ტერიტორია უკვე ცარიელია - არც ჟურნალისტები, არც მაშველები, არც გამგეობის ხალხი... პოლიციის ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული ნანგრევების წინ წვიმაში ორი მეზობელი დგას და ნანგრევებს უყურებს… ერთ-ერთი ხანშიშესული ქალბატონი, პენსიონერი მედიკო პეტრიაშვილი, გზის გადაღმა საკუთარ სახლზე მიგვითითებს, ისიც ავარიულიაო:

„მოდიან, ბზარებს სურათებს უღებენ და გადის წლები… ეგერ ინგრევა სახლი და ხალხი ჯერ კიდევ შიგნით ცხოვრობს.“

მედიკო პეტრიაშვილი დღეს ჩამონგრეული სახლის იმ ნაწილზე საუბრობს, რომელშიც დღესაც ერთი ოჯახი ცხოვრობს. სახლის ჯერ კიდევ გადარჩენილი ეს ნაწილი აშკარად მიწაშია ჩასული, სადარბაზოში ნაბიჯი კი არ უნდა შედგა, არამედ ჩადგა… ხის კიბეები დაბრეცილია. დერეფნის ერთ მხარეს ცხოვრობდა ქალბატონი, რომელიც ნანგრევებში მოყვა. ის ბინა დაკეტილია. ჩვენ შევედით დერეფნის მეორე მხარეს დაახლოებით 20 კვადრატულ მეტრიან ოთახში. კედლებზე - ხატები, ბზარებზე აფარებული ნოხები, ერთ დროს თეთრად შეღებილი ხის ფანჯარა, რომელსაც კედლის დეფორმაციის გამო ფორმა აქვს დაკარგული. ოთახში დგას ჩვილი ბავშვის ეტლი. ქალბატონი ეტლს არწევს. ამ ოთახსა და სახლის ჩამონგრეულ ნაწილს შორის ერთი პატარა ოთახია, ხუთამდე კვადრატული მეტრი, სამზარეულოს დანიშნულების. აქ ჭერი ერთ კუთხეში ჩამოწოლილია, კედლებზე კი შედარებით დიდი ბზარებია. აგურის კედლის მიღმა ის ნანგრევებია, რომლებიც დღეს ტელეკამერებში მოხვდა… კედლის აქეთ მდგომარეობა არც ტელეკამერების ფოკუსში მოხვედრილა და არც კედლის იქით არსებულ სხვადასხვა უწყების ოფიციალურ პირთა განცხადებებში გახმაურებულა. როგორც გავარკვიეთ, ამ ფართობში ცოლ-ქმარი - გულმირა არისტანოვა, ვლადიმერ ყოღერაშვილი - და მათი ოთხი თვის შვილი ცხოვრობს… ჩვენი მისვლის დროს ოთახში რამდენიმე მეზობელია შეკრებილი. ისინი ოჯახს ურჩევენ, ფრთხილად გავიდნენ გვერდით ოთახში, რადგან კედელი, სავარაუდოდ, მალე ჩამოწვება. ოჯახის სახელზე განცხადება შევადგინეთო, გვეუბნება ერთ-ერთი ქალბატონი… ორად გაკეცილ თეთრ ფურცელზე ჯერ კიდევ გადაუთეთრებელი განცხადებაა, პასტით ჩასწორებული. აი ამ განცხადების ტექსტიც:

”ჩვენი ოჯახი არის უმძიმეს მდგომარეობაში, უსახსროდ, უმუშევარი, ნაცნობმა დროებით მოგვცა თავშესაფარი ავარიულ სახლში. დღეს, სამ მარტს, სახლის ნაწილი დაინგრა, ნანგრევებში მოყვა მეზობელი. გვეშინია, რომ სახლი არ დაინგრეს მთლიანად. სანამ კიდევ უბედურება მოხდება, გთხოვთ დამეხმაროთ და მომცეთ თავშესაფარი.”

როგორც წერილიდან ჩანს, ახალგაზრდა ოჯახი საკუთარ სახლში არ ცხოვრობს. ოთახი მეგობარმა ათხოვა. ოთახში ერთი ტახტი, ერთი საწოლი, ხის მაგიდა, სამიოდ სკამი, შეშის გამათბობელი, ბავშვის ეტლი და ტელევიზორი დგას.

„ვთხოვდი ჟურნალისტებს, რომ ამოსულიყვნენ და ენახათ აქ რა ხდება, მაგრამ მეუბნებოდნენ, ჩამოდით, ინტერვიუ მოგვეცით, რა მოხდა და როგორ ჩამოინგრა, რამდენი წლის იყო ქალბატონი და როგორ გადაარჩინესო. არც გამგეობის ხალხი ამოსულა, წინ იდგნენ და ჰყვებოდნენ როგორ გადაარჩინეს ის ქალბატონი…ალბათ, ესეც რო ჩამოინგრეს, ჩვენც დაგვეხმარებიან, მაშველებიც, მკურნალობის ხარჯებსაც დაფარავენ, მაგრამ მანამდე?...“ - ამბობს ლია ლეჟავა.

დიდხევის პირველი ნომერი ვორონცოვზე, ნიკოლოზის ეკლესიასთან ახლოს, ქალაქის ძველ უბანში, ძველ და დაბზარულ სახლებს შორის მდებარეობს.
XS
SM
MD
LG