Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა გაფიცვის კვირა


სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა გაფიცვა
სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა გაფიცვა
ამერიკელ პოლიტიკოსთა ვიზიტისა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა გაფიცვის კვირაკვირის მთავარ მოვლენად, ალბათ, სამარშრუტო ტაქსების გაფიცვა უნდა დავასახელოთ. გაიფიცა 6000-მდე ადამიანი, ვინც დღეს თბილისის სამარშრუტო ქსელში ინდივიდუალური წესით ოპერირებს. ცვლილების შედეგად ქსელს ოთხი კომპანია ჩაუდგება სათავეში. კომპანიები ახალი, მოდერნიზებული „მარშრუტკების“ შეძენას აპირებენ ერთი წლის განმავლობაში. თუმცა პირველი ნაკადის ჩამოყვანა მხოლოდ ოქტომბრის თვეში იგეგმება, მანამდე კი ამ კომპანიებმა არსებულ ქსელს გამოუცხადეს, რომ მათ თანხა უნდა გადაუხადონ ოპერირებისთვის. თანხები, კომპანიების განცხადებით, საერთო სივრცისა და ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისთვისაა საჭირო. ახლად გამოჩენილმა უფროსობამ სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა პირველი რეაქცია გამოიწვია: ქალაქში „მარშრუტკების“ ოპერირება შეწყდა.

სამარშრუტო ტაქსის მძღოლი: „ვიხდიდი დღეში ოთხ და ხუთ ლარს. ახლა მეუბნებიან, უნდა გადაიხადო ოცი ლარიო. რითი გადავიხადო, სულ ოცი ლარი არ მრჩება დღეში.“

რამდენიმე დეტალი, რაც ამ თემას აუცილებლობით ახლავს. პირველი, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს სრული ინდივიდუალური უფლება აქვთ სამარშრუტო მგზავრობის ფასი თავად არეგულირონ. ბიზნესი კერძოა, კერძო დანახარჯებით. ეს ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანიის - ’თბილლაინის’ - წარმომადგენელმა, დავით ასანიძემ, ჩვენთან საუბარში განაცხადა.:

„რეგულირებადი ტარიფი იყო აქამდე და სახელმწიფო როცა არეგულირებდა ტარიფს, ის ათავისუფლებდა „მარშრუტკებს“ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელს მოვაწერთ ნებართვაზე მერიასთან, ამის შემდეგ ტარიფი ხდება თავისუფალი.“

რადიო თავისუფლება: ანუ სადამდე შეიძლება გაიზარდოს?

„ სანამდეც გაიზრდება საწვავის ფასი.“

მეორე დეტალი, რაც მსმენელს დააინტერესებს, არის ის ფაქტი, რომ ყველა - ექვსი ათასამდე - სამარშრუტო ავტომობილი, რომელიც უმრავლეს - თუ არა ყველა - შემთხვევაში მოქალაქეებს საკუთარი ხარჯებით აქვთ ჩამოყვანილი, ახალი კომპანიების მიერ შედარებით ახალი მანქანების ჩამოყვანის შემდეგ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება. მერიაც და კერძო კომპანიებიც აცხადებენ, რომ დაასაქმებენ მხოლოდ და მხოლოდ მძღოლებს. თუმცა ერთი დეტალი: არათუ დაასაქმებენ, მათ მისცემენ საშუალებას ახალი მანქანები ხუთწლიანი მუშაობით გამოისყიდონო. ამას აცხადებენ პრესის ფურცლებზე ქალაქის მერიის წარმომადგენელნი. მოგეხსენებათ, მსგავსი რაღაც მუშაობდა წლების განმავლობაში კერძო მსუბუქი ტაქსების ქსელში.

თუმცა ოპოზიცია კვირის განმავლობაში პრობლემებს თავად ტენდერის ხასიათში ხედავდა და ცდილობდა დაედგინა კავშირები, რომლებიც ტენდერის პროცესში მერიის მაღალ ჩინოსნებს ჰქონდათ. ოპოზიცია ამბობს, რომ რეალურად ტენდერი არა ოთხმა, არამედ ერთმა კომპანიამ მოიგო და რომ ამ კომპანიას ახლო კავშირები აქვს მერიის მაღალჩინოსნებთან, კერძოდ, ქალაქის მერ გიგი უგულავასთან. ჩვენ ვესაუბრეთ რესპუბლიკური პარტიიდან თინა ხიდაშელს, რომელმაც გვითხრა:

„ქალაქის მერიამ დააფუძნა კომპანია ‘სპორტული ეზო’, რომელსაც გადასცა ყაზბეგის გამზირზე მდებარე ტერიტორია და ამ კომპანიის დირექტორად დანიშნა გია გაგოშიძე, ანუ „თბილლაინის“ დირექტორი და დამფუძნებელი. ის, რომ ისინი ამბობენ, რომ ეს შემთხვევითი კომპანიებია და მათ არ იცნობენ და საერთოდ არ იციან ვინ არის, უბრალოდ, ამითიც დასტურდება, რომ ტყუილია, რადგან სულ რამდენიმე თვით ადრე ამ ტენდერამდე ეს კაცი მუნიციპალური საწარმოს დირექტორად ჰყავს დანიშნული გიგი უგულავას.“

შემდეგი თემა, რომელიც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ვახსენოთ, არის საქართველოს საგარეო უწყების პირველ პირთან, გრიგოლ ვაშაძესთან ინტერვიუ, რომელიც რადიო თავისუფლების პრაღის სტუდიაში სალომე ასათიანმა ჩაწერა. საინტერესოა გამოიკვეთოს ის განსხვავება, რომელიც საერთაშორისო შეფასებებსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს შორის არსებობს რიგ საკითხებში. მაგალითად, დემოკრატიული პრინციპებისადმი დამოკიდებულებასა და პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დასავლეთ ევროპაში უკანაკსნელ დიქტატორად მიჩნეული პოლიტიკოსისათვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვაზე საქართველოს საგარეო უწყების პირველი პირი აცხადებს, რომ პრაგმატიზმი პოლიტიკაში ყველაზე მაღლა დგას, ამ პრაგმატიზმის უკან კი ქვეყნის ნაციონალურ-ეროვნული ინტერესებია:

„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, დღეს, 21 საუკუნეში, ის შედგება პატარა საქმეებისგან, კონკრეტული, მოფიქრებული, სპეციფიკური ზუსტი ნაბიჯებისგან და ამ მოფიქრებულ ნაბიჯებს კარნახობს, დიახაც, პრაგმატიზმი. ნაციონალური ინტერესები უნდა დაიცვა და ეს ნაციონალური ინტერესები დგას ყველაფერზე მაღლა.“

რადიო თავისუფლება: მაშინაც კი, თუ საუბარია ევროპის ბოლო დიქტატორად მიჩნეული ადამიანისთვის გამარჯვების მილოცვაზე - გამარჯვებისა, რომელიც სისხლით და ძალადობით იქნა მიღწეული?

„თქვენ დამისვით საერთო შეკითხვა, მეც საერთოდ გელაპარაკებით საგარეო პოლიტიკაზე.“

გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს ფონზე საინტერესოა გავიხსენოთ 10 თებერვალს გამოქვეყნებული ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის ჯეიმს კლაპერის დასკვნა, რომელიც მსოფლიოში გლობალურ საფრთხეთა აღწერას მოიცავს. მიმოხილვაში, ბუნებრივია, საქართველოც და რუსეთიც ხვდება. რუსეთთან დაკავშირებით კლაპერი აღნიშნავს, რომ პროგრესი შეინიშნება ორმხრივ თანამშრომლობაში, თუმცა არსებობს საკითხები, რაზეც შეთანხმება არ ხდება და ამ საკითხების ჭრილში მოხსენებულია სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. რაც შეეხება საქართველოს, კლაპერის დასკვნა კრიტიკულად აფასებს საქართველოს პოლიტიკას ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ დაძაბულობის ფონია რუსული სამხედრო დანაყოფების არსებობა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და საქართველოს უკმაყოფილება სტატუს კვოთი და ასევე:

”საქართველოს საჯარო მცდელობები ჰქონდეს ახლო ურთიერთობა სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთან რუსულ ჩრდილოეთ კავკასიაში, რაც ასევე ხელს უწყობს ამ დაძაბულობას.”

უნდა აღინიშნოს, რომ ინტერვიუში, რომელიც რადიო თავისუფლებამ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელ გრიგოლ ვაშაძესთან ჩაწერა, ეს საკითხიც წამოიწია. ვაშაძემ კლაპერის დასკვნაზე კომენტირებისგან თავი შეიკავა, ჯერ დასკვნა უნდა წავიკითხოო, თუმცა განაცხადა, საქართველო ჩრდილო კავკასიელთათვის სოციალური პრობლემების გამოსწორებას ცდილობს მათთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებით, რაც უსაფრთოებისა და შემოწმების სხვა პროცედურების გაუქმებას არ ნიშნავსო:

„ჩვენ მოვხსენით ვიზის რეჟიმის საჭიროება, მაგრამ არ გაგვიუქმებია სავიზო რეჟიმი და უსაფრთხოების რეჟიმი.“

თბილისს ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები სტუმრობენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტაინბერგი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი თბილისში ერევნიდან 24 თებერვალს ჩამოფრინდნენ. პირველი მათი შეხვედრა შედგა არა მთავრობის, არამედ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველთან. გიორგი ტუღუში შეხვედრის შემდეგ ამბობს:

„იყო შეკითხვები ასევე სტუმრების მხრიდან, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ, ვთქვათ, იმავე მიმდინარე რეფორმებს, რამდენად წარმატებულია ისინი და რა პრობლემები აღინიშნება. სასამართლო სისტემის საკითხების გარდა, სტუმრებს ასევე ზოგადად აინტერესებდათ იგივე საკონსტიტუციო რეფორმა თუ იგივე მედიის თემები. საკითხების საკმაოდ ფართო სპექტრი იყო მოცული...”

არასამთავრობოებსა და სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ ამერიკელი პოლიტიკოსები პრეზიდენტის სასახლეში სადილობენ პრეზიდენტთან ერთად. სადილს ესწრებიან გიგა ბოკერია, ეკა ტყეშელაშვილი, ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე. ის ამბობს:

„ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, ასევე იქ მიმდინარე შეიარაღებაზე, მათ შორის, იმ თავდასხმით შეიარაღებაზე, რომლის განლაგებასაც რუსეთი ახდენს ამ რეგიონებში. და ასევე იყო საუბარი რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე და საქართველოს თანამშრომლობაზე მეზობელ ქვეყნებთან...”

ეროვნული ბანკი ინფლაციას ებრძვის - სამომხმარებლო კრედიტებს აძვირებს და ამ გზით მიმოქცევაში ფულის გასვლის შეჩერებას უწყობს ხელს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ამბობს:

„გადავედით გამკაცრების პოლიტიკაზე. ეს აისახება როგორც საპროცენტო განაკვეთში, ასევე სარეზერვო მოთხოვნებში. ასევე დაუბრუნდა კაპიტალის ადეკვატურობა პირველად ნორმებს.“
XS
SM
MD
LG