Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში დაკავებულთა გაცვლა მოხდა


ერგნეთი
ერგნეთი
ორშაბათს ქართულმა და ოსურმა მხარეებმა 14 დაკავებული გაათავისუფლეს. დაკავებულთა გაცვლა ერგნეთის საგუშაგოზე 12 საათისთვის შედგა. ქართულ მხარეს ცხინვალში სხვადასხვა დროს დაკავებული 7 საქართველოს მოქალაქე გადმოსცეს. მათგან ყველაზე დიდხანს, 2 წლისა და 6 თვის განმავლობაში, ცხინვალის ციხეში ზვიად კობალაძე იმყოფებოდა. დავით კაპანაძე და დემურ ჭიღლაძე თითქმის 2 წლის განმავლობაში იყვნენ დაკავებულები. ბექა და ვაჟა თაყაძეებმა იქ 1 წელი გაატარეს, გიორგი ელბაქიძე და მარო პატარაშვილი კი რამდენიმე თვის განმავლობაში იყვნენ დაკავებულები. თითოეული მათგანი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ დარღვევის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. ერგნეთიდან ისინი სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში გადმოიყვანეს. მათი დაკითხვა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. პირველი პოლიციის შენობიდან დავით კაპანაძე გამოვიდა, რომელმაც ცხინვალის ციხეში არსებულ პირობებზე ისაუბრა. მისი თქმით, დაკავების პირველ დღეებში სასტიკად სცემდნენ.

პოლიციასთან გათავისუფლებულებს ნათესავები მოუთმენლად ელოდებოდნენ. დავით კაპანაძის ძმამ, გიორგი კაპანაძემ, სიხარულით აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად დაწყებული ხანგრძლივი პროცესი დღეს დასრულდა და ამაში როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების დამსახურება დიდია.

ზვიად კობალაძის ბიძაშვილმა, კობა კობალაძემ, აღნიშნა, რომ მის ნათესავს ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას სთხოვდნენ და საუკეთესო პირობების შექმნას ჰპირდებოდნენ, მაგრამ დაკავებული კობალაძე საქართველოს მოქალაქედ დარჩა და ამის გამო ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ატანა მოუხდა.
ორშაბათს გათავისუფლებული ყველა პიროვნება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იყო დაკავებული. თავდაპირველად ოსური მხარე ორივე მხარეს დაკავებული ყველა ადამიანის გაცვლას ითხოვდა პრინციპით ყველა–ყველაზე, მაგრამ გორის ტერაქტის მოწყობისა და სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებული პირების გათავისუფლებაზე ქართული მხარე არ დათანხმდა.საბოლოოდ, მხარეები 7–7 ადამიანის გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს 4 მოქალაქე კიდევ იმყოფება. თავის მხრივ, ოსური მხარე დე ფაქტო რესპუბლიკის 28 მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG