Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები გაეროს საყვედურობენ


დევნილების გამოსახლება
დევნილების გამოსახლება
საქართველოში მოქმედმა 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ 17 თებერვალს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ანტონიო გუტერესს ღია წერილით მიმართა. წერილის თემაა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის წარმომადგენლობის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც თბილისში კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებიდან დევნილთა განსახლების პროცესს შეეხება. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გაეროს ლტოლვილთა კომისარიატმა საქართველოს ხელისუფლების მიერ დევნილთა ძალადობრივი გზით გასახლება ნაწილობრივ გაამართლა.

არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით ჟენევაში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სათავო ოფისში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ დევნილთა გამოსახლების თაობაზე 2011 წლის 2 თებერვლის განცხადებამ შელახა და ეჭვქვეშ დააყენა ამ ორგანიზაციის რეპუტაცია, შეურაცხყო, დააბნია და გააღიზიანა საზოგადოება, ომით დაზარალებულებს, დევნილებსა და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებს კი აფიქრებინა, რომ „გლუკის“, იმავე ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის როლი მხოლოდ ხელისუფლების უკანონო ქმედებების გამართლებით ამოიწურება. „გლუკის“ მიერ ამ ორიოდე კვირის წინ გაკეთებულ განცხადებაში კომპაქტური ჩასახლების ობიექტებიდან დევნილთა განსახლების პროცესი დადებითადაა შეფასებული და აღნიშნულია, რომ ეს პროცესი 2011 წლის იანვარში გაცილებით უკეთ წარიმართა, ვიდრე 2010 წლის ზაფხულში.

”თავისთავად ის, რომ ადგილი ჰქონდა სერიოზულ დარღვევებს, იმავე პოლიციის მხრიდან იყო საკმაოდ სერიოზული ზეწოლა, რამდენიმე ადამიანის დაკავებაც მოჰყვა ამ გამოსახლების პროცესს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გაეროს წარმომადგენლები ამ დროს არ იმყოფებოდნენ და რეალურად მხოლოდ რამდენიმე საქმეს დააკვირდნენ და განზოგადება ამ განცხადებაში არის არაადეკვატური და არ შეესაბამება იმ რეალობას. სწორედ ამიტომაც ჩვენ გვინდოდა, რომ ამ წერილში გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი, რომ უფრო დეტალურად შეისწავლოს გაერომ ეს საქმეები და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მასზე რეაგირება”, ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სათავო ოფისში გაგზავნილი საპროტესტო წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი, უჩა ნანუაშვილი. მისი შეფასებით, „გლუკის“ წარმომადგენლობის მიერ გაკეთებული განცხადებით სარგებლობს და მანიპულირებას არ ერიდება ხელისუფლება. 8 თებერვალს, მაგალითად, საქართველოს პარლამენტში დევნილთა გამოსახლების საკითხზე გამართული დებატების დროს უმრავლესობის მხრიდან გამოთქმული იყო აზრი, რომ ცალკეული ხარვეზების განზოგადება დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წარმატებული პროცესის კონტექსტში არ შეიძლება.

”არსებობს დასკვნა გაეროსი, რომელშიც ძალიან გარკვევით წერია, სამინისტროს არ დაურღვევია არც ერთი - არც საქართველოს კანონი და არც საერთაშორისო ნორმა. ეს წერია იქ გარკვევით. ეს იყო ორგანიზაცია გაერო, რომელიც ჩართული იყო მთელს ამ პროცესში, თავიდან ბოლომდე. სამინისტრომ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავა ეგრეთ წოდებული სოპ-ების სპეციალური საოპერაციო პროცედურები, რომელიც გაეროსთან ერთად შემუშავდა და ამ პროცესებით მიმდინარეობდა ყველაფერი”, განაცხადა გოკა გაბაშვილმა საპარლამენტო დებატებზე.

თუმცა დევნილთა განსახლების საკითხებზე დებატები დიდი ხანია გასცდა პარლამენტის კედლებს და საზოგადოებრივი განსჯის საგნად იქცა. ერთ-ერთი ასეთი დისკუსია 17 თებერვალს დევნილთა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა.

”ძირითადად საინფორმაციო შეხვედრაა... აღინიშნა, რომ არსებობს საინფორმაციო ვაკუუმი და ამასთან დაკავშირებით ბატონი ვალერი კოპალეიშვილი აუდიტორიას აწვდის ინფორმაციას. კითხვები არის ძალიან მწვავე, ამოუწურავია ჯერ კითხვები”, გვითხრა სხდომის მიმდინარეობის დროს კავკასიის ქალთა ქსლის ხელმძღვანელმა ნინო ციხისთავმა.

კავკასიის ქალთა ქსელი, თავის მხრივ, ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელიც დევნილთა იანვრის განსახლების პროცესში გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის დადებითი შეფასებების განმარტებას ახლა უკვე ჟენევის ოფისიდან ელოდება. ისევ ანტონიო გუტერესის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრისადმი გაგზავნილ ღია წერილს თუ დავუბრუნდებით, ქართველ არასამთავრობოთა შეშფოთების საგანი შემდეგია: რას დააკვირდა „გლუკი“ - დევნილთა გამოსახლებას თუ გადაყვანას, არსებობს თუ არა მონიტორინგის სტატისტიკა და მეთოდოლოგია, გამოსახლების პროცესი შეესაბამება თუ არა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს და სხვა. არასამთავრობოებს, ამასთანავე, დაუსაბუთებლად მიაჩნიათ „გლუკის“ დასკვნის ის ნაწილები, რომლებიც დევნილთა სრულ ინფორმირებულობას, ფინანსურ კომპენსაციას, შესაფერის საცხოვრებლებში განთავსებას და იმას შეეხება, რომ ” ქუჩაში არავინ დარჩენილა”.

გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის ეგრეთ წოდებულ სადავო მოსაზრებებს, რომლებიც 2 თებერვალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სამოქმედო გეგმის განხორციელების მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე იქნა წარდგენილი, ახლდა სარეკომენდაციო ნაწილიც. ამ რეკომენდაციების თანახმად, დევნილები, რომლებსაც საცხოვრებელი ადგილი შეეცვალათ, ჩართულნი უნდა იყვნენ არსებულ მომსახურებასა და დახმარების პროგრამებში, მთავრობას მკაფიო ხედვა უნდა ჰქონდეს კოლექტიური ცენტრების მომავალთან დაკავშირებით, განსახლებები უნდა შემცირდეს და, საჭიროებისამებრ, დევნილს უნდა მიეცეს არჩევანის გაკეთების საშუალება სხვადასხვა შეთავაზებათა შორის და სხვა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ „გლუკის“ ცენტრალურ ოფისში გაგზავნილი ღია წერილის ასლის უქონლობის გამო, თბილისის წარმომადგენლობაში ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებენ.
XS
SM
MD
LG