Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტე „ლოგიკური დასასრულის“ მოლოდინში


პარასკევს მთელი ეგვიპტე მასობრივმა დემონსტრაციებმა მოიცვა მას შემდეგ, რაც ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა, მოლოდინის მიუხედავად, უარი თქვა თანამდებობის დატოვებაზე. ხუთშაბათ ღამით გაკეთებულ ტელემიმართვაში მუბარაქმა პირობა დადო, რომ განახორციელებს აუცილებელ რეფორმებს ხელისუფლების კონსტიტუციური გზით გადაცემისათვის,მუბარაქის მიერ დაპირებული რეფორმების გარანტის როლს კი ეგვიპტის არმია შეასრულებს.

ერისადმი მიმართვაში 10 თებერვალს ჰოსნი მუბარაქმა განაცხადა, რომ ძალაუფლების ნაწილი უკვე გადასცა ვიცე-პრეზიდენტ ომარ სულეიმანს, რომელმაც, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ სექტემბერში ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდება. ამის შემდეგ, 11 თებერვალს, სპეციალური განცხადება გააკეთა უზენაესმა სამხედრო საბჭომ, რომლის მუშაობაშიც მუბარაქი უკვე აღარ მონაწილეობდა. არმიის უზენაესი საბჭოს განცხადება ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიამ მოსახლეობას პარასკევის ტრადიციული ლოცვის დაწყებამდე გააცნო:

„საბჭო შემდეგი რეზოლუციების შესრულების პირობას იძლევა: საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, შექმნილი სიტუაციის განმუხტვისთანავე განვლილი საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ყველა დარღვევის სასამართლოში განხილვა, ყველა აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება და, ამ ცვლილებების გათვალისწინებით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება.“

თუმცა არმიის უმაღლესი მმართველი ორგანოს განცხადების წაკითხვამ ვერ დაამშვიდა კაიროს ტაჰრირის მოედანზე შეკრებილი ათეულ ათასობით დემონსტრანტი. ისინი გაბრაზებული შეძახილებით შეხვდნენ არმიის ხელმძღვანელობისა და ვიცე-პრეზიდენტ ომარ სულეიმანის მოწოდებას, შეწყვიტონ საპროტესტო გამოსვლები და დაბრუნდნენ სახლებში:

„მუბარაქი უნდა გადადგეს!“ „მუბარაქი დამნაშავეა!“ „თავისუფლება ეგვიპტეს“! - აი როგორ აღწერდა ტაჰრირის მოედანზე შექმნილ ვითარებას კაიროდან სატელეფონო საუბარში რადიო თავისუფალი ავღანეთის კორესპონდენტი აბდულ რაუფ ჰარავი:

„საპროტესტო აქციის მონაწილეები ტაჰრირის მოედნიდან ფეხით მიემართებიან პრეზიდენტის სასახლისკენ ალ-ქრობას გზის გავლით. ხალხის ნაკადი გადაჭიმულია პრეზიდენტის სასახლემდე. ამასთანავე, მათ მიერ მთლიანად ალყაშია მოქცეული სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიის შენობა“.

ამასთან, მთელი მსოფლიო დაძაბული ყურადღებით ადევნებს თვალს ეგვიპტეში მიმდინარე 18 დღიან ანტისამთავრობო გამოსვლებს. ანალიტიკოსები და ექსპერტები მსჯელობენ ეგვიპტეში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ანატომიაზე, მის გავლენაზე ახლო აღმოსავლეთსა და პანარაბულ სამყაროზე. საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებზე საერთაშორისო გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ თენგიზ ფხალაძემ, რომელიც 11 თებერვალს რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინაში იმყოფებოდა:

„რა თქმა უნდა, არიან გარე ძალები და დაინტერესებული ძალები - მათ შორის, საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებები. ძალაუნებურად მახსენდება უსამა ბენ ლადენის განცხადება, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან რამდენიმე წლის შემდეგ გაკეთდა: „უახლოესი 10 წლის ამოცანა არის არაბული სახელმწიფოების განთავისუფლება ამერიკის მიერ მართული მარიონეტული რეჟიმებისაგან“. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი ამ ორგანიზაციისგან იმართებოდეს, მაგრამ ის, რომ გარე ინტერესები არსებობს, ფაქტია - ისევე როგორც არსებობს პროდასავლური ინტერესები და დასავლეთის ინტერესები. ვხედავთ, თუ როგორი რეაქცია აქვთ დასავლეთის ქვეყნებს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ დემოკრატიული რეფორმები უნდა განხორციელდეს, მაგრამ, იმავდროულად, საუბარია იმაზე, რომ სტაბილურობა უნდა შენარჩუნდეს, საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა შერყევის საფრთხე ემუქრებოდეს ახლო აღმოსავლეთის მოწესრიგების მყიფე მექანიზმს. მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტორი: 21-ე საუკუნეში იზრდება საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაძლებლობა. ამ ინფორმაციასთან ერთად იზრდება საზოგადოების მოთხოვნები დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. და კიდევ ერთს ვიტყვი: შესაძლოა ეკონომიკური პარამეტრები იზრდებოდეს, მაგრამ არ იზრდებოდეს შიდა პროდუქტის ან ამ ეკონომიკური მოგების მომხმარებელთა წრე. და როდესაც ეს ეკონომიკური მოგება მხოლოდ ვიწრო წრეზე ნაწილდება და, შესაბამისად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დგას სიღარიბის ზღვარს მიღმა, ეს არის ლოგიკური დასასრული ასეთი პროცესებისა“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG