Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოსნი მუბარაქი მხოლოდ სექტემბერში დათმობს პრეზიდენტის სავარძელს


ჰოსნი მუბარაქი
ჰოსნი მუბარაქი
ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა განაცხადა, რომ თავისი უფლებამოსილების ნაწილს გადასცემს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს ომარ სულეიმანს. ქვეყნის მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვაში მუბარაქმა დასძინა, რომ ხელისუფლების სათავეში რჩება და თანამდებობას მხოლოდ სექტემბრისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვებს. დაუყოვნებლივ გადადგომაზე მუბარაქმა უარი განაცხადა - მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო გამოსვლების მონაწილე ათიათასობით ეგვიპტელი სწორედ ამას მოითხოვდა. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეგვიპტეს მიმდინარე წლის სექტემბრამდე უხელმძღვანელებს და განაცხადა, რომ მოამზადა ცვლილებები ქვეყნის კონსტიტუციის ხუთ მუხლში.

როგორც ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სი იუწყება, ომარ სულეიმანი აქტიურად მონაწილეობდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წარმოშობილი კონფლიქტის მოგვარებაში. გარდა ამისა, ის მეთვალყურეობას უწევს მუშაობას საგანგებო კომისიისა, რომელიც იძიებს პრეზიდენტ მუბარაქის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარი შეტაკებების გარემოებებს.

10 თებერვალს სულეიმანმა დემონსტრანტებს მოუწოდა, ნუ მიიღებენ მონაწილეობას გაფიცვებსა და დაუმორჩილებლობის აქციებში, განაცხადა რა, რომ ასეთ შემთხვევაში საქმეში სამხედროები და უშიშროების ძალები ჩაერევიან და ქვეყანა ქაოსის ტყვეობაში აღმოჩნდება.

მანამდე ეგვიპტის სამხედრო ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ „ხალხის კანონიერ მოთხოვნებს“ დაიცავდნენ. ეს განცხადება ბევრმა შესაძლო სამხედრო გადატრიალებაზე მინიშნებად აღიქვა.
XS
SM
MD
LG