Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოსნი მუბარაქი აღარ აპირებს ახალი ვადით კენჭისყრას


ეგვიპტის პრეზიდენტმა, ჰოსნი მუბარაქმა დღეს განაცხადა, რომ მიმდინარე საპრეზიდენტო ვადის დარჩენილ რამდენიმე თვეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველყოფას მოახმარს. მუბარაკს საპრეზიდენტო ვადა სექტემბერში ეწურება და ის აცხადებს, რომ ახალი ვადით კენჭს აღარ იყრის. თავის გამოსვლაში მუბარაქმა თქვა, რომ ახალი მთავრობა ოპოზიციის წარმომადგენლებთან დიალოგს გამართავს. მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით დღეს ეგვიპტეში უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტების ზუსტი რაოდენობის შესახებ განსხვავებული მონაცემები ვრცელდება - ასი ათასობით მონაწილიდან 2 მილიონამდე. ოპოზიციის ლიდერმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა, მუჰამედ ელ ბარადეიმ მუბარაქს მოუწოდა, ქვეყანა პარასკევამდე დატოვოს, რათა სისხლისღვრა თავიდან იქნეს აცილებული. ეგვიპტის ჯარმა პირობა დადო, რომ დემონსტრანტებს არ დაუპირისპირება და განაცხადა, რომ აღიარებს „ხალხის ლეგიტიმურ უფლებებს“. თუმცა ეგვიპტეში ბევრი შიშობს, რომ მუბარაქის მომხრეების მიერ საპირისპირო აქციების გამართვა ძალადობრივ კონფრონტაციას გამოიწვევს. სახალხო მღელვარება ეგვიპტეში ერთი კვირის წინ დაიწყო. ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი, ნავი პილაი აცხადებს, რომ ფლობს დაუდასტურებელ ცნობებს, რომელთა თანახმად, აქციებზე შეტაკებებს დაახლოებით 300 ადამიანი ემსხვერპლა და დაახლოებით 3,000 დაშავდა.
XS
SM
MD
LG