Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესაში საქართველოს შესახებ რამდენიმე საინტერესო პუბლიკაცია გამოქვეყნდა. იყო წერილები "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" ეთერში გასვლასთან დაკავშირებით - ამის შესახებ იუწყებოდნენ BBC და საინტერნეტო გამოცემა "იურეიჟია ვიუ".

23 იანვარს „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნდა სტატია, სახელწოდებით „რუსეთთან ბრძოლა გრძელდება - ამჯერად უკვე სიტყვიერად“. სტატია, რომლის ავტორია კლიფორდ ლივი, საქართველოში ინგლისური ენის სწავლების ახალ სტრატეგიას ეხება - ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან მასწავლებლების ჩაყვანას და ინგლისური ენის სავალდებულოდ ქცევას. „მთავრობამ უკვე მიიწვია 1,000 ინგლისურენოვანი პირი თბილისში. ის იმედოვნებს, რომ სექტემბრამდე კიდევ 500-ს ჩაიყვანს და საქართველოს ყველა სკოლაში, სულ მცირე, ერთი მასწავლებელი იმუშავებს“, - წერს ავტორი და დასძენს: „მასწავლებლები უფასოდ ცხოვრობენ ქართულ ოჯახებში და თვეში დაახლოებით 275 დოლარს იღებენ.“

სტატიაში ნათქვამია, რომ ეს პროგრამა ეხმიანება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ზოგად მისწრაფებას, საქართველო მოსკოვის ორბიტიდან გაიყვანოს და ის აშშ-ს დაუახლოოს. ავტორი წერს, რომ საქართველოს მთავრობამ შეისწავლა სხვა ადგილებში - მათ შორის, სამხრეთ კორეაში - განხორციელებული მსგავსი ინიციატივები და ახლა თანამშრომლობს კანადაში - ვანკუვერში - დაფუძნებულ ორგანიზაცია „Footprints Recruiting“-თან. სწორედ ეს ორგანიზაცია ეძებს მასწავლებლებს, რომლებისთვისაც ინგლისური მშობლიური ენაა, საქართველოში გასაგზავნად.

ის მასწავლებლები, რომლებსაც სტატიის ავტორი ესაუბრა, ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოში მათ თბილი დახვედრა მოუწყვეს. „იმის თქმა, რომ ბავშვები ჩემი ხილვით ძალიან გახარებულები იყვნენ, სიტუაციის შესაბამისი არ იქნება“, - მიუწერია ავტორისთვის 23 წლის მასწავლებელს, მეგს, რომელიც საქართველოში დალასიდან ჩასულა. - „დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე ბიტლომანიის მსგავსი ატმოსფერო სუფევდა. ბავშვები ავტოგრაფის მიცემას თავიანთ ხელებზე მთხოვდნენ.“

თუმცა სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ნაწილი ახალი მასწავლებლებისა, რომლებიც სოფლის სკოლებში მუშაობენ, ჩამონგრეული საკლასო ოთახებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობის პირობებში, ეჭვით უყურებს საქართველოს მთავრობის მხრიდან ინგლისური ენისთვის ასეთი პრიორიტეტული მნიშვნელობის მინიჭებას. „ეს ესპრესოს მანქანის ყიდვას ჰგავს, მაშინ როცა ჯერ სამზარეულოც კი არ გაქვსო“, - უთქვამს ავტორისთვის ერთ-ერთ მასწავლებელს და იქვე დაუმატებია: „ხშირად ვფიქრობ, უკეთესი ხომ არ იქნებოდა მთავრობას თავიდან აქცენტი ფუნდამენტურ რაღაცებზე გაეკეთებინა - ყველა მოსწავლისთვის წიგნების შეძენაზე, მასწავლებლებისთვის ახალი მეთოდების სწავლებაზე (ამჟამად გავრცელებული გადათარგმნა-დაზეპირების დოქტრინის ნაცვლად), ქართველი მასწავლებლებისთვის ნორმალური ხელფასების გადახდაზე ან ანგარიშვალდებულების უკეთ განსაზღვრაზე.“

თუმცა, ყოველივე ამის ფონზე, სტატიის ბოლოს ავტორი წერს, რომ მასწავლებლების უმეტესობა თავის ამოცანას ენთუზიაზმით უყურებს და დარწმუნებულია, რომ მათი ძალისხმევა მოსწავლეებზე დადებითად აისახება. სრულად სტატიას „ნიუ-იორკ ტაიმსის“ 23 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

27 იანვარს ბრიტანეთში გამომავალ „ინდიპენდენტში“ დაიბეჭდა სტატია, სახელწოდებით „საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მოსკოვში ტერორისტული თავდასხმა სამაგიეროს გადახდა იყო“. სტატიაში, რომლის ავტორები არიან შონ უოლკერი და კიმ სენგუფთა, ვკითხულობთ: „საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გუშინ „ინდიპენდენტს“ უთხრა, რომ ორშაბათს მოსკოვის აეროპორტში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების მსგავსი თავდასხმები „სამაგიეროს გადახდაა“ რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში გატარებულ პოლიტიკის გამო, და რუსეთი შეადარა ნიანგს, რომელიც ‘მზად არის ჩაგყლაპოს’. “
სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ სააკაშვილმა „რუსეთი დაადანაშაულა მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციის მცდელობაში, სეპარატისტული მოძრაობების შეგულიანების გზით. „ეს ვლადიმირ პუტინთან პირადად განვიხილე. ვუთხარი, რომ სეპარატისტების მხარდაჭერისთვის მას სამაგიერო გადაეხდებოდა და ძალადობა მათაც შეეხებოდა“, - უთქვამს სააკაშვილს „ინდიპენდენტისთვის“ და დაუძენია: „პუტინმა მითხრა, თუ ვინმე ჩვენს წინააღმდეგ რაიმეს გაკეთებას ეცდება, მათ ტარაკნებივით გავსრესთო, და მაგიდას ცერა თითი დააჭირა“. სრულად სტატიას „ინდიპენდენტის“ 27 იანვრის ნომერში ნახავთ.

ამავე დღეს - 27 იანვარს - ჟურნალ „ნეიშენალ ინტერესტში“ გამოქვეყნდა კავკასიის ცნობილი ექსპერტის, ტომას დე ვაალის, სტატია, სახელწოდებით „პატრიარქების გაზაფხული“. სტატიის პირველი აბზაცი ასეთია: „მაშინ, როცა პოსტსაბჭოთა სივრცეში „ძალაუფლების ვერტიკალი“ კონსოლიდაციას განიცდის, იმ ინსტიტუტების უმრავლესობა, რომლებიც სახელმწიფოს არ ეკუთვნიან, სუსტდება, თუმცა არის ერთი საინტერესო გამონაკლისი: ეროვნული ეკლესიები. 2011 წლის დასაწყისში პატრიარქებს გაზაფხული უდგათ.“

ეს ფენომენი, დე ვაალის აზრით, ყველაზე ძლიერი სომხეთში, საქართველოსა და რუსეთშია, თუმცა, ავტორის თქმით, სომხეთის კათალიკოსი, გარეგინ მეორე, თავისი უზარმაზარი ძალაუფლების ფონზე საკმაოდ ჩუმად მოქმედებს. დანარჩენ ორ ქვეყანაში კი, რუსეთსა და საქართველოში, პატრიარქები - კირილი პირველი და ილია მეორე - ბევრად უფრო აქტიურად ჩანან საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე.

„შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ეს ორი პარტიარქია ხელშეუხებელი ფიგურა თავიანთ ქვეყნებში. NDI-ს მიერ გასულ აპრილში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ილია მეორის მხარდაჭერის ხარისხი 90 პროცენტს უტოლდება, რაც მას საქართველოში ყველაზე პოპულარულ ფიგურად აქცევს. ის მნიშვნელოვნად უსწრებს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის რეიტინგიც 58 პროცენტს შეადგენს“, - წერს დე ვაალი.

ავტორი აღნშნავს, რომ რელიგიის როლი სულ უფრო მეტად იზრდება რუსეთში. „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი ახლა თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, მაშინ როცა 1990-იანების შუა წლებში ეს მაჩვენებელი მოსახლეობის ნახევარი იყო. პოლიტიკურ ლიდერებს უწევთ ამ ძლიერ სიმბოლოსთან - ეკლესიასთან - კავშირების დამყარება. ამდენად, ხშირად ისინი თავიანთ კომკავშირულ წარსულს უარყოფენ, რელიგიურ რიტუალებზე ჩნდებიან და ეროვნულ პლატფორმებს პარტიარქს უთანხმებენ. საქართველოში, დე ვაალის აზრით, პრეზიდენტი სააკაშვილი ტემპერამენტით და მსოფლმხედველობით ნამდვილად არ არის გულმხურვალე მართლმადიდებელი მორწმუნე, თუმცა ახლახან მან პატრიარქს საჯაროდ მიაგო პატივი, მანამდე კი თავისი შვილის მონათვლაზე დათანხმდა.

პატრიარქები, განაგრძობს დე ვაალი, ამას თავიანთი პოლიტიკის გასატარებლად იყენებენ და ორივეს სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ილიასაც და კირილსაც ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა სურთო.

ამასთან, განაგრძობს ავტორი, ამგვარი ავტორიტეტის გამო მართლმადიდებელ ეკლესიებს თავიანთი კონსერვატორული სოციალური პოლიტიკის გატარების საშუალება ეძლევათ. რუსეთში ამის მაგალითად მას არქიეპისკოპოს ვსევოლოდ ჩაპლინის ამასწინანდელი ინიციატივა მოჰყავს, რომ ქალებმა გამომწვევი სამოსის ტარება უნდა შეწყვიტონ. „საქართველოში ეკლესიის მესიჯი კიდევ უფრო ძლიერია“, - განაგრძობს დე ვაალი - „ილია მეორემ ქართველ მშობლებს მოუწოდა მესამე შვილი გაეჩინათ და დაპირდა, რომ ამ ბავშვის ნათლია იქნებოდა. ამის შედეგად შობადობაში აღმასვლა აღირიცხა. შემდეგ მან ჰელოუვინის აღნიშნვა დაგმო. გასულ წელს კი ახალგაზრდა ქართველებს მოუწოდა, არ დანებდნენ საზღვარგარეთ ცხოვრების ცდუნებას და გლობალიზაციის „’საფრთხეებს’ “.

სტატიის ბოლოს ვკითხულობთ, რომ ილია მეორე თავისი განცხადებებით ზოგჯერ პოლიტიკურ სფეროშიც გადადის - მაგალითად, აკრიტიკებს განათლების მინისტრ დმიტრი შაშკინს, რომლის ნაბიჯებიც ხშირად ხდება კამათის საგანი საზოგადოებაში. „რუსეთში წარმოუდგენელია, რომ პატრიარქი, მთელი თავისი ძალაუფლების მიუხედავად, მმართველ ელიტას დაუპირისპირდეს მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოში კი ასეთი შესაძლებლობა გაჩნდა. პრეზიდენტ სააკაშვილს ახლა პოტენციური კრიტიკოსი გამოუჩნდა, რომელიც თავად კრიტიკაზე მაღლა დგას“. სრულად ტომ დე ვაალის სტატიას „ნეიშენალ ინტერესტის“ 27 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG