Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესომბუდსმენის უფლებები და თავისუფლება


ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია
ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის გამართული კონსულტაციის შემდეგ ბიზნესომბუდსმენის ვინაობა დასახელდა. პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მრჩეველმა ბიზნესის საკითხებში, გიორგი პერტაიმ ახალი თანამდებობა მიიღო.
ეს არის, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი. მნიშვნელოვანია, რომ მან გააგრძელოს მუშაობა ისევე, როგორც გასული წლის განმავლობაში...

პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან კონსულტაციამდე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა და სწორედ ამ შეხვედრების შემდეგ დასახელდა გიორგი პერტაია ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე. დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე ნიკა გილაურმა ომბუდსმენის პიროვნულ დამსახურებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს კომპანიებთან და საგადასახადო კოდექსის მიღებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის. მოგვიანებით კი ნიკა გილაურმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

“ეს არის, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი. მნიშვნელოვანია, რომ მან გააგრძელოს მუშაობა ისევე, როგორც გასული წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ გიორგი კერძო სექტორთან ძალიან ახლო კონტაქტში სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდა, და ეს არის მნიშვნელოვანი და ვუსურვებ გიორგის წარმატებას”.

ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, რომელიც ძალაში იანვრიდან შევიდა, ბიზნესომბუდსმენის თანამდებობის შემოღებაც განისაზღვრა. პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ბიზნესომბუდსმენი ხელს შეუწყობს ხელისუფლებისა და კერძო კომპანიების თანამშრომლობას.

”ბიზნესომბუდსმენი, გარდა პრინციპულობის, კვალიფიკაციის, ცოდნისა, უნდა იყოს ასევე ადამიანი, რომელიც დაეხმარება ბიზნესს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში და ასევე ხელისუფლებას ბიზნესთან ურთიერთობაში. აქ იგულისხმება პრობლემების მიტანაც, გულახდილი დისკუსიაც და ამ პრობლემების მოგვარებაც. ჩემი შეფასებით, კანდიდატს, რომელზეც დღეს იყო საუბარი, გააჩნია ყველა აუცილებელი თვისება”, - მიიჩნევს დავით ბაქრაძე.
როდესაც პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, დებულებით უდგენს უფლება-მოვალეობებს. მას ძალიან გაურთულდება საქმიანობა...

საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ბიზნესომბუდსმენს პრემიერ-მინისტრი წარადგენს და თავადვე ნიშნავს. ის ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და პარლამენტს წელიწადში ერთხელ ანგარიშს წარუდგენს. სწორედ ინსტიტუციურად ასეთი გადაწყვეტა გახდა საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკის საფუძველი. ოპოზიციის აზრით, ის, რომ ბიზნესომბუდსმენს პრემიერ-მინისტრი წარადგენს, ქმნის ინტერესთა კონფლიქტს. საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი გურამ ჩახვაძე მიიჩნევს, რომ ასეთი სქემის ფარგლებში ბიზნესომბუდსმენის საქმიანობა და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი უფრო პიროვნულ თვისებებზე იქნება დამოკიდებული, ვიდრე კანონით განსაზღვრულ მოვალეობებზე:

”როდესაც პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, დებულებით უდგენს უფლება-მოვალეობებს. მას ძალიან გაურთულდება საქმიანობა. ის პიროვნულად უნდა იყოს მოწადინებული აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა შეეწინააღმდეგოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, - ამ შემთხვევაში, საგადასახადო თუ ფინანსთა სამინისტროს, - იმიტომ რომ მან უნდა დაიცვას ბიზნესი. დაცვის დროს მას, ბუნებრივია, წარმოექმნება წინააღმდეგობა”, - მიიჩნევს ოპოზიციონერი დეპუტატი გურამ ჩახვაძე.
პარლამენტის წევრი გურამ ჩახვაძე

ბიზნესს სახელისუფლებო ზეწოლისგან დაცვა ნამდვილად სჭირდება, განმარტავს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მერაბ ჯანიაშვილი, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ ამ ტიპის ინსტიტუციური მოწყობის მიხედვით დანიშნულ ომბუდსმენს ჯობდა კერძო საარბიტრაჟო სასამართლო აღედგინათ, რომელიც საქართველოში სულ სამი თვის განმავლობაში არსებობდა.

”ბიზნესომბუდსმენს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი და რა უნდა გააკეთოს მან? - უნდა შეეწინააღმდეგოს ფინანსთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს ბიზნესთან ურთიერთობაში? არ ვიცი, ჩემთვის გაუგებარია და წარმოუდგენლად მიმაჩნია, მოხდეს ისეთი ფაქტი, რომ ომბუდსმენმა დაიცვას ბიზნესმენების ინტერესები მთავრობის საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ მათი დანიშნული ადამიანია და ეჭვი მეპარება ისეთი ადამიანი დანიშნონ, რომელიც მერე ისევ მათ შეეწინააღმდეგება”.

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე გიორგი პერტაიას ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე დანიშვნას მიესალმება. მისი განმარტებით, არსებული კანონმდებლობა მას აძლევს საშუალებას იყოს ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების დროს. მას ასევე აქვს მოლოდინი, რომ მალე ბიზნესომბუდსმენის უფლებები კიდევ გაიზრდება და ამ აზრს უმყარებს მთავრობასა და ბიზნესმენებს შორის გამართული კონსულტაციები. კითხვაზე, რამდენად იქნება მზად ბიზნესის სფერო ითანამშრომლოს ომბუდსმენთან, გიორგი ისაკაძე გვპასუხობს:
ბიზნესმენს საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ დაგეგმოს საკუთარი მომავალი და არ ჰქონდეს ის განცდა, რომ შეიძლება რამე ძირეულად შეიცვალოს...

”თუ აქვთ პრობლემა და თუ სურთ ამ პრობლემის გადაწყვეტა, ახლა უკვე ყველამ კეთილი ინებოს, ისაუბროს, ურთიერთობა ჰქონდეს ბიზნესომბუდსმენთან და მერე ვნახოთ... ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად გამოჩნდება”.

რაც შეეხება ბიზნესომბუდსმენის, გიორგი პერტაიას, საქმიან გამოცდილებას, ის პროფესიით ეკონომისტია, ბოლოს კი ბიზნესსფეროში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობა ეკავა. ახალ თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ საათში გიორგი პერტაიამ პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც საკუთარ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბიზნესს გრძელვადიანი დაგეგმარების საშუალება უნდა მიეცეს და განმარტებები ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული საგადასახადო კოდექსი ორგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს:

”ბიზნესმენს საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ დაგეგმოს საკუთარი მომავალი და არ ჰქონდეს ის განცდა, რომ შეიძლება რამე ძირეულად შეიცვალოს. აქ საუბარია, რა თქმა უნდა, იმ ბიზნესმენზე, რომელიც პატიოსნად იხდის გადასახადს”.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG