Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უილიამ ბატლერ იეიტსი - კელტური მიმწუხრი


გამომცემლობა "ინტელექტმა" ნობელიანტების სერიაში გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოეტის, უილიამ ბატლერ იეიტსის კრებული გამოსცა, სადაც მედეა ზაალიშვილის მიერ თარგმნილი იეიტსის ლექსები, პიესები და პროზაული ტექსტებია შესული.

ირლანდიელებზე ერთხელ ერთმა რუმინელმა თქვა ძალიან ზუსტად; უფრო სწორად, ერთ ირლანდიელ ემიგრანტზე - ერთმა რუმინელმა ემიგრანტმა; ანუ ემილ მიშელ ჩორანმა სემუელ ბეკეტზე თქვა: "ბეკეტი ირლანდიელია. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აბსოლუტურად არაარსებითი". კიდევ ერთი ასეთი დიდი ირლანდიელი შეიძლება გავიხსენოთ, ოღონდ მისი ირლანდიელობა უფრო არსებითი იყო და არა გადამწყვეტი, ანუ ჯეიმს ჯოისი, ვინაც ასევე უარი თქვა ირლანდიაზე, წლების მანძილზე არ დაბრუნებულა იქ და შემდგომი ცხოვრება დუბლინის ტექსტში, "ულისეში".

ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითების გარდა კიდევ არსებობს ერთი, უმნიშვნელოვანესი მაგალითი, რომელიც ხშირად ამოდის ლიტერატურის მოყვარულის მეხსიერებაში, და იგი უილიამ ბატლერ იეიტსია, კელტური აღორძინების უმთავრესი წარმომადგენელი და ინგლისური მოდერნიზმის ერთ-ერთი სიმბოლო, ირლანდიური პოეტური კულტურის გვირგვინი და თანამედროვე მსოფლიო პოეზიის წინაპარი.

სხვათა შორის, იეიტსს ეკუთვნის ერთი ძალიან საინტერესო გამონათქვამი მშობლიური ენის შესახებ. მან ირლანდიური ენის შესახებ თქვა ერთხელ, ირლანდიური ჩემი ნაციონალური ენაა, მაგრამ არა მშობლიურიო. ამ მხრივ მას ბევრი რამ აკავშირებდა თავის ანტიპოდთან, ჯოისთან. ლიტერატურათმცოდნე ზაზა შათირიშვილმაც იეიტსზე საუბარი სწორედ პოლუსების მონიშვნით დაიწყო, სადაც ერთ მხარეს იეიტსი აღმოჩნდა, მეორე მხარეს კი ჯოისი:

"იეიტსი მიეკუთვნება XIX საუკუნის დასასრულისა და XX-ის დასაწყისში აღმოცენებულ იმ მოძრაობას, რომელსაც უწოდებენ კელტურ ან ირლანდიურ აღორძინებას. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ვთქვათ, რომ იეიტსი და ჯოისი ირლანდიური კულტურის ორი პოლუსია. იეიტსი, რომელიც ცდილობდა ირლანდიური ფოლკლორისა და მითოსის აღორძინებას, ცხადია ინგლისურ ენაზე, და მეორე მხრივ ჯოისი, რომელმაც უარი თქვა ირლანდიაზე, შეგნებულად წავიდა ირლანდიიდან და ისე გარდაიცვალა, რომ არასოდეს დაბრუნებულა ამ ქვეყანაში".

იეიტსი კი ათწლეულების მანძილზე ირლანდიის სიმბოლოდ იქცა, იგი იყო უძველესი კელტური სამყაროს მთავარი მესიტყვე, მაგრამ ამავე დროს ინგლისურენოვანი პოეტი, რომელმაც მნიშვნელოვანწილად შეცვალა მისი თანამედროვე ენა და პოეტური კულტურა:

"მისი უამრავი პოეტური ფრაზა იქცა იდიომად. ისინი ინგლისური ენის ნაწილი გახდა და დღეს ბევრმა არც იცის, რომ რაღაც გამოთქმები სწორედ იეიტსს ეკუთვნის. მაგალითად, როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, იწერებოდა სტატიები ასეთი სათაურებით - The Centre Cannot Hold, ანუ ”ცენტრი ვეღარ იკავებს”, ეს სიტყვები კი იეიტსის "მეორედ მოსვლიდანაა". ან კიდევ, Thing Fall Apart - ”როცა ყველაფერი იფანტება”; ან ფრაზა ლექსიდან "გაცურვა ბიზანტიისკენ", That is no country for old men - ”არ არის ადგილი მოხუცებისათვის”, სიტყვები, რომელიც დღევანდელი საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია".

ზაზა შათირიშვილი, ისევე, როგორც ბევრი სხვა ლიტერატურათმცოდნე, ორ პერიოდს გამოჰყოფს იეიტსის შემოქმედებაში:

"მართლაც ორი პერიოდი გამოიყოფა: პირველს ნამდვილად შეიძლება დავარქვათ სიმბოლისტური პერიოდი. სიმბოლისტური ამ სიტყვის ფრანგულ-ქართულ-რუსული გაგებით. ეს ის პერიოდია, როდესაც იეიტსის ტექსტი იქსოვება ემბლემებით, როგორც მას პოლ დე მანი უწოდებდა, ანუ ემბლემური ხატებისაგან. როცა კითხულობ მის ადრეულ კრებულებს, ხვდები, რომ ეს არის ძალიან გამჭვირვალე და მარტივი სიმბოლიზმი, როგორიც არის მაგალითად, ადრეული პაოლო და ტიციანი, ძალიან ადრეული ბლოკი... სადაც ეს ემბლემური ხატები ლექსიდან ლექსში გადადის. ასეთი ხატებია - ქარი, ირემი, ლერწამი, ვარდი... ვარდის ხატი, შეიძლება ითქვას, მთლიანად გასდევს იეიტსის შემოქმედებას",
მაგრამ ათიანი წლებიდან მის ლექსებში გარდატეხა მოხდა:

"ათიანი წლებიდან იწყება გარდატეხა და, სხვათა შორის, ეს რამდენადმე დაკავშირებული იყო ისეთ პოეტთან, როგორიც ეზრა პაუნდია, რომელიც მასზე გაცილებით უმცროსი იყო. ათიან წლებში პაუნდი, შეიძლება ითქვას, თავს ახვევს იეიტსს და ხდება მისი მდივანი. ისინი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში თანაცხოვრობენ, სთოუნ კოტეჯში, იეიტსის ცნობილ კოშკში (სხვათა შორის, მის ერთ-ერთ ბოლო კრებულს ასეც ჰქვია), და აქედან იცვლება იეიტსის სტილი, ანუ ათიანი წლების შუა პერიოდიდან ხდება გარდატეხა იეიტსის პოეზიაში. ოღონდ გარდატეხა არა ტექნიკურ-ფორმალისტური, არამედ თემატურ-შინაარსობრივ-მოტივური, იცვლება პოეტის ხატწერა. ადრეული, მარტივი ემბლემურ-სიმბოლური ხატწერა უფრო ჰერმეტული და მრავალმნიშვნელოვანი ხატებით იცვლება".

იეიტსის ამ პერიოდის ლირიკა, ისევე როგორც ადრეული ლექსები, ამ კრებულშიცაა წარმოდგენილი. მედეა ზაალიშვილის მრავალწლიანმა შრომამ სრულად მოიცვა ასევე იეიტსის უმნიშვნელოვანესი წიგნი "კელტური მიმწუხრი" - 5 პიესა და სხვა საინტერესო მასალები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კრებულში შევიდა იეიტსის ქრესტომათიული ლექსების ქართული თარგმანებიც. მაგალითად, "გაცურვა (ან მოგზაურობა) ბიზანტიისკენ". ლიტერატურათმცოდნე ზაზა შათირიშვილი ამ ლექსსაც შეეხო ჩვენთან საუბარში:

"იეიტსის ბიზანტიას არაფერი კავშირი არა აქვს იმ ბიზანტიასთან, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. იეიტსის ამ ლექსში ბიზანტია არის მარადიული სიბრძნისა და ახალგაზრდობის ეზოთერულ-უტოპიური მხარე. ლექსი, როგორც ვიცით, იწყება სიტყვებით, რომ თანამედროვე სამყაროში არ არის ადგილი მოხუცებისთვის... მაშ სად? სადაც არის მარადიული ახალგაზრდობა, განახლება, ანუ - ბიზანტიაში. და ბოლოს პოეტი ხვეწნით მიმართავს, ოღონდ ვის, არ ჩანს: თუკი მეორეჯერ დაბადება მიწერია, მინდა, რომ მოვიდე როგორც ოქროს ჩიტი, რომელიც ბიზანტიის იმპერატორსა და სეფექალებს გამოაღვიძებს სიმღერით იმის შესახებ, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება... ეს არის ქრესტომათიული ალუზია არა მხოლოდ პარმენიდეზე, არამედ კალხასის, ცნობილი წინასწარმეტყველის ფრაზაზე ჰომეროსიდან, რომელმაც იცოდა რაც იყო, რაც არის და რაც იქნება..."

ცხადია, ძნელია, გაუძლო ცდუნებას და იეტსისა და ირლანდიის ურთიერთობის ისტორია საქართველოს არ დაუკავშირო. ამ ცდუნებას ვერც როსტომ ჩხეიძემ გაუძლო 80-იანი წლების დასაწყისში, როცა იეიტსზე დაწერა სტატია. ეს სტატია ამ კრებულს უძღვის წინ და იგი თავის დროზე იეიტსის შემოქმედების ერთგვარი შესავალიც იყო ქართველი მკითხველისთვის. ეს წერილი შესაძლოა ბევრს ახსოვს მასში მოთხრობილი იდუმალი ისტორიით იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო კოლაუ ნადირაძემ უცნობისგან საერთაშორისო ფოსტით გამოგზავნილი ამანათი, რომელშიც ქართველი პოეტისთვის აბსოლუტურად უცნობი პოეტის, უილიამ ბატლერ იეიტსის, მოზრდილი ტომი იდო.

ასე ჩამოაღწია თავის დროზე იეიტსმა საქართველოში, ახლა კი უკვე მედეა ზაალიშვილის თარგმანში უფრო სრულყოფილი წარმოდგენა შეგვიძლია შევიქმნათ პოეტზე, რომლისთვისაც ირლანდიელობა არსებითიც იყო და გადამწყვეტიც.
XS
SM
MD
LG