Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დემოკრატიის საკუთარი განმარტება შეიმუშავეს?


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და პრემიერ–მინისტრი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და პრემიერ–მინისტრი ვლადიმირ პუტინი
პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთი განვითარებადი დემოკრატიაა. მანამდე რუსეთთან მიმართებით გავრცელებული იყო სხვა განმარტება - სუვერენული დემოკრატია, მაგრამ გასული წლის განმავლობაში აშკარად ჩანდა, რომ არც ერთი ეს განმარტება არ მიესადაგება დემოკრატიის დასავლურ არსს.

არის თუ არა მზად რუსეთი რეალურად, რომ ახალი ათწლეულის განმავლობაში ნამდვილ დემოკრატიად იქცეს? ზოგიერთს შესაძლოა მოეჩვენოს, რომ მზად არის. გასული წლის სექტემბერში გლობალური პოლიტიკის ფორუმზე, ქალაქ იაროსლავში, მედვედევი ამტკიცებდა, რომ რუსეთი სრულად აღიარებს დემოკრატიის უნივერსალურ სტანდარტებს და თუკი არსებობს ხარვეზები, ეს იმის ბრალია, რომ დემოკრატია რუსეთში ჯერ კიდევ საკმაოდ ახალია:

„მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმათ, ვინც ამტკიცებს, რომ რუსეთში არ არსებობს დემოკრატია, რომ იქ ბატონობს ავტორიტარული ტენდენციები. ეს ასე არ არის. რუსეთი წარმოადგენს დემოკრატიას, ყოველ მიზეზგარეშე! რუსეთში არის დემოკრატია! დიახ, ის ახალგაზრდაა, უმწიფარია, არასრულყოფილი და გამოუცდელია, მაგრამ ეს მაინც არის დაემოკრატია.“

მედვედევის ამ რიტორიკამ ყურადღება მიიპყრო იმის გამო, რომ აღნიშნული აზრი აბათილებს კრემლის მიერ მრავალი წლის წინ მიღებულ განსაზღვრებას, შემოთავაზებულს კრემლის პოლიტიკის სტრატეგის ვლადისლავ სურკოვის მიერ - „სუვერენული დემოკრატია“, ანუ მმართველობის განსაკუთრებული ფორმა, როდესაც ძალაუფლება თავმოყრილია ერთი ლიდერის ხელში, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია.

იმის მაგივრად, რომ შესთავაზონ მკაფიო ალტერნატივა, ორივე, რუსეთიც და ჩინეთიც, სულ უფრო მეტად ცდილობენ ითამაშონ პარაზიტის როლი დასავლურ ინსტიტუტებთან და დასავლურ იდეებთან მიმართებით ...
მედვედევის ზემოხსენებულ განმარტებას ბევრი ტაშს დაუკრავს. მაგრამ რა ვუყოთ ფაქტებს? მიხაილ ხოდორკოვსკისათვის პატიმრობის ვადის გახანგრძლივებას, რასაც უფლებადამცველებმა პოლიტიკური ანგარიშსწორება უწოდეს? გასახსენებელია „ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე ტელეგრამაც, რომლებშიც რუსეთი მოხსენიებულია როგორც „კორუფციული ავტოკრატია“ და „კლეპტოკრატია“, საუბარია მოსკოვის მთავრობისა და დამნაშავეთა სამყაროს პირდაპირ ურთიერთკავშირზე. დაბოლოს, უნდა გავიხსენოთ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, რობერტ გეითსის სიტყვებიც, „რუსეთში დემოკრატია გაქრაო“.

რუსეთის პოლიტიკურ რეალობასა და მედვედევის მიერ იაროსლავში გაკეთებულ განმარტებებს შორის სხვაობაზე ამახვილებს ყურადღებას „ფრიდომ ჰაუსის“ პოლიტიკურ სწავლებათა დირექტორი ქრისტოფერ ვოლკერი:

„მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ რასაც ისინი გულისხმობენ, დემოკრატიის გამრუდებული განმარტებაა. ესენია ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც ზღუდავენ ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ დისკუსიებს, ზღუდავენ ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ კონკურენციას, ზღუდავენ სასამართლოს თავისუფლებას, ყოველდღიურად თელავენ ფეხქვეშ სამოქალაქო უფლებებს. ასე რომ, ამ კონტექსტში უსარგებლოა ლიბერალურ დემოკრატიაზე ანგარიშგასაწევი კამათი.“

ვოლკერის დაკვირვებით, მსოფლიოში ცივი ომის შემდგომ მომხდარი ცვლილებების შედეგად, დემოკრატია ისეთი ძლიერი ბრენდი გახდა, რომ არადემოკრატიული მანერით საუბარი ავტორიტარულ სახელმწიფოებსაც კი უჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სხვაობაა მათ სიტყვასა და საქმეს შორის.

დემოკრატიის რუსეთის ხელისუფლებისეულ ინტერპრეტაციაზე საუბრისას, ერთ სახიფათო ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას სოფიაში არსებული ლიბერალური სტრატეგიის ცენტრის ექსპერტი ივან კრასტევი. იგი რუსეთსა და ჩინეთს მუქთამჭამელ პარაზიტებს ადარებს, რომლებიც დემოკრატიის თვითნებურ ინტერპრეტაციას იდეოლოგიური ვაკუუმის შესავსებად იყენებენ:

„მსოფლიო დღეს დგას არა იდეოლოგიური გამოწვევების წინაშე, არამედ მუქთამჭამელების გამოწვევების წინაშე. იმის მაგივრად, რომ შესთავაზონ მკაფიო ალტერნატივა, ორივე, რუსეთიც და ჩინეთიც, სულ უფრო მეტად ცდილობენ ითამაშონ პარაზიტის როლი დასავლურ ინსტიტუტებთან და დასავლურ იდეებთან მიმართებით, რადგან თუ წარმოადგენ მკაფიო ალტერნატივას, ეს ნიშნავს, იყო პასუხისმგებელი იმაზე, რასაც აკეთებ.“

მოკლედ, კრემლის ლიდერებმა იოლ და სასარგებლო გზას მიაგნეს - ისინი ბევრს საუბრობენ დემოკრატიაზე, მაშინ როდესაც სახელმწიფო გაცილებით უფრო ავტორიტარულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თანაც, რუსეთის ლიდერების მიერ დემოკრატიაზე ლამაზ-ლამაზი სიტყვებით საუბარი ვერ მალავს მათ ნამდვილ დამოკიდებულებას, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება.

ასეთი დასამახსოვრებელი მომენტი იყო 2010 წლის ივნისში. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გააკრიტიკა ყირგიზეთის ძალისხმევა, გამხდარიყო პირველი საპარლამენტო დემოკრატია ცენტრალურ აზიაში: „მე არ მესმის, როგორ იმუშავებს საპარლამენტო რესპუბლიკა იქ, სადაც ხელისუფლებას ახლაც კი უჭირს წესრიგის დამყარებაო“. მოგვიანებით მედვედევმა ამ კითხვას ტორონტოში, დიდი ოცეულის შეხვედრაზე, კიდევ რამდენიმე დაუმატა: „ხომ არ მიგვიყვანს ეს გადაუჭრელ პრობლემებამდე - დაპირისპირებამდე პარლამენტში, როდესაც ძალაუფლება ერთი ჯგუფიდან მეორის ხელში გადავა და, საბოლოოდ, ხომ არ შეუწყობს ეს ხელს ექსტრემისტულ ძალებს, რომ ხელთ იგდონ ძალაუფლებაო“..

ავტორიტარული ყაიდის ლიდერებს არ შეუძლიათ ასეთი შეშფოთებით არ იფიქრონ და ილაპარაკონ, როდესაც უპირისპირდებიან მათი სახლის ზღურბლთან დემოკრატიის მშენებლობის ძალისხმევას. მედვედევის მიერ იაროსლავში წარმოთქმული ვიზიონერული სიტყვის მიუხედავად, ასეთი დამოკიდებულება აშკარად ცხადყოფს, თუ რამდენად მცირედ შეიცვალა აზროვნება მოსკოვში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG