Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა, 4 იანვარი 2011


„ნოვაია გაზეტაში“ წლის ადამიანად მკითხველმა პლატონ ლებედევი დაასახელა. ლებედევი ციხიდან მცირე წერილს იწერება სპეციალურად „ნოვაიასთვის“. წერილი მხოლოდ ორი აბზაცისგან შედგება და ის „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნდა 2010 წლის 30 დეკემბერს - ზუსტად იმ დღეს, როცა მოსკოვის სასამართლომ ლებედევს და ხოდორკოვსკის 14 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს განმარტებით, ხოდორკოვსკის და ლებედევს პატიმრობაში ყოფნა 2017 წლამდე მოუწევთ, რადგან სასამართლომ პატიმრობის ათვლა 2003 წლიდან დაიწყო. სასჯელის დარჩენილ ვადას დაკავებულნი კოლონიაში გაატარებენ. ოფიციალური განმარტებებით, ლებედევს და ხოდორკოვსკის ბრალი ფინანსური ინფორმაციის დამალვის გზით სარგებლის მიღებაში ედებათ. მოდით, დავუბრუნდეთ თავად წერილს. გთავაზობთ მას სრულად:

”30 დეკემბერს გამოჩნდა, რომ პროკურორებს და მოსამართლეებს დანაშაულის ჩადენის შიში არა აქვთ.

ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მათ აქვთ საიმედო მფარველობა („კრიშა“, როგოროც ამას ლებედევი წერს).

ჯერჯერობით ეს ასეა. „კრიშა“ უხდით მათ კარგად დანაშაულში, უფრო ზუსტად, დანაშაულის ლეგალიზებაში. ისინი ამაში ჯილდოებს და ვარსკვლავებს იღებენ. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ „კრიშაც“ და პროკურორებიც ჭკუიდან გადავიდნენ, მაგრამ თავად ამას უკვე ვეღარ ხვდებიან. საქმე ის კი არაა, რომ ისინი ტყუიან და ყველაფრის ფალსიფიკაციას ახდენენ, არამედ ისინი უკვე ვეღარ ხვდებიან რა აბსურდული გახდა ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში.
ეს კი, შესაძლოა, საშიში აღმოჩნდეს ქვეყნისათვის.

საჭიროა კვალიფიცირებული „სანიტრები“, რომ ეს დაავადება განიკურნოს.
მაქვს პატივი ლებედევ პ. ლ.
30 დეკემბერი, 2010. ”

სანიტრების რა გითხრათ, მაგრამ საინტერესო ამბავი ბოლოსთვის შემოვინახე. „ნოვაია გაზეტა“ თანამშრომლობას იწყებს „ვიკილიქსთან“, საიდანაც ჟონავს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ აქვთ ცნობა მაღალი რანგის კორუფციის შესახებ რუსეთში, რის გამოქვეყნებასაც „ნოვაია გაზეტა“ აპირებს. გაზეთმა უკვე გამოაქვეყნა, მაგალითად, ხოდორკოვსკი-ლებედევის სასამართლო საქმის კონფიდენციალური დოკუმენტაცია (http://www.novayagazeta.ru/data/2010/145/12.html), რომელიც გაზეთს „ვიკილიქსმა“ მიაწოდა. „ნოვაიას“ და „ვიკილიქსის“ თანამშრომლობაზე დასავლური პრესაც წერს და აღნიშნავს, რომ „ნოვაია“ არის გაზეთი, სადაც ანა პოლიტკოვსკაია თანამშრომლობდა, ჟურნალისტი, რომელიც ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებზე წერდა და რომელიც ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს მოკლული იპოვეს. გაზეთის მეპატრონე რუსი ბილიონერი ალექსანდრ ლებედევი და საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი მიხაილ გორბაჩოვია. „ვიკილიქსისა“ და „ნოვაია გაზეტას“ თანამშრომლობაზე საინტერესო დეტალები შეგიძლიათ ბლუმბერგის ბიზნეს ვიკზე იხილოთ.
XS
SM
MD
LG