Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტეფან ფიულე: „ევროკავშირი დაინტერესებულია, ჩვენი სამეზობლო სტაბილურობის ზონად გადაიქცეს“


შტეფან ფიულე
შტეფან ფიულე
2010 წელი საქართველოსთვის საერთაშორისო ასპარეზზე „დაბრუნების“ წლად შეიძლება ჩაითვალოს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში, საქართველო, გარკვეულწილად, იზოლაციაში იყო მოქცეული. ყოველ შემთხვევაში, წინა წლებთან შედარებით აშკარად იკლო თბილისში მაღალი რანგის უცხოელი ლიდერების სტუმრობამ, ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფალთა ოფიციალურმა ვიზიტებმა დასავლეთის წამყვან ქვეყნებში. მიმავალ წელს ვითარება შეიცვალა... და ამის ყველაზე აშკარა გამოვლინება იყო გასულ თვეში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ევროპარლამენტის წინაშე. როგორია ევროპასთან საქართველოს დაახლოების პერსპექტივა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე? ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი დან ალექსე შტეფან ფიულეს - ევროკომისარს გაფართოების საკითხებში.

რადიო თავისუფლება:
რადიო თავისუფლებასთან ამასწინანდელ ინტერვიუში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კშიშტოფ სტანოვსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სწრაფვას, გაწევრიანდეს ევროკავშირში. ევროპის კავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც ამავე პოზიციაზე დგანან. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მას არ იზიარებენ. რამდენად დიდია აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხში და როგორია ახლო მომავალში კონსენსუსის მიღწევის პერსპექტივა?

შტეფან ფიულე: თუ ვითარებას ევროპული პერსპექტივიდან განვიხილავთ, საჭიროა ორი რამ: ხელშეკრულება, ანუ მკაფიო მონახაზი იმისა, თუ ვის ეძლევა განაცხადის შემოტანის უფლება და ვინ შეიძლება გახდეს კავშირის ახალი წევრი; და ამისთვის ლისაბონის ხელშეკრულებაში ზუსტი პარამეტრებია განსაზღვრული; და მეორე: საჭიროა წევრი ქვეყნების კონსენსუსი. გულახდილად უნდა ითქვას: მართალია, გვაქვს ლისაბონის ხელშეკრულება და მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოთხოვნები, მაგრამ არა გვაქვს კონსენსუსი კავშირის წევრებს შორის. თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კონსენსუსი დიახაც გვაქვს იმის თაობაზე, რომ ამ ქვეყნებში უფრო აქტიურად უნდა ჩავაბათ ევროკავშირი. სწორედ საქართველოსა და პარტნიორობით დაინტერესებულ სხვა ქვეყნებში ევროკავშირის გააქტიურების გზით უნდა მოხერხდეს ისიც, რომ ამ საკითხს თანდათან სულ უფრო მეტი წევრი ქვეყანა მოეკიდება დადებითად და სიმპათიით.

რადიო თავისუფლება:
ხომ ვერ დაგვისახელებდით იმ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ და ეწინააღმდეგებიან ევროპის კავშირში საქართველოს ინტეგრაციას?

შტეფან ფიულე: არა, არა, არავითარი დასახელება! კომისრები ორ რამეში მოვიკოჭლებთ: ერთი - თარიღების დასახელებაში და, მეორე - სახელების გამხელაში!..

რადიო თავისუფლება: რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულება ამ საკითხზე შიდაევროპულ დისკუსიაში?

შტეფან ფიულე: რაც შეეხება გაწევრიანებას, გადაჭრით უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ წევრობის მოსურნე ქვეყნისა და წევრი სახელმწიფოების მოსაგვარებელია. არა მგონია, წევრი ქვეყნები დაყაბულდნენ ისეთ ვითარებას, როცა რომელიღაც მესამე ქვეყანა ვეტოს უფლებით სარგებლობს იმ საკითხში, თუ ვინ გახდება ევროკავშირის წევრი და ვინ - არა. ამავე დროს, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობები გაწევრიანების ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია. აქ კი, ვიდრე ამ ურთიერთობაში საჭირო დონეს მივაღწევდეთ, გრძელი გზაა გასავლელი; განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის ჯარი ორი სეპარატისტული რესპუბლიკის ტერიტორიაზეა განთავსებული.

რადიო თავისუფლება:
”ვიკილისკის” მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი კონფიდენციალური დიპლომატიური გზავნილის თანახმად, ევროკავშირის ერთმა დიპლომატმა 2009 წლის ივლისში უთხრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ფილიპ გორდონს, რომ ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამას“ რუსეთი უნაშთო თამაშის პრიზმაში განიხილავს და ამ ინიციატივას ანტირუსულად მიიჩნევს. რას აკეთებს ევროპის კავშირი იმისთვის, რომ რუსეთს ეს აზრი შეაცვლევინოს?

შტეფან ფიულე: „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ არასოდეს ყოფილა ჩაფიქრებული, როგორც ანტირუსული რამ. პირიქით, რუსეთს „აღმოსავლეთის პარტნიორობაში“ მონაწილეობაც კი შევთავაზეთ. პრაღის დეკლარაციაში არის საუბარი მესამე ქვეყნების მონაწილეობაზე და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ საქმიანობაზე და ძალიან მოხარული ვარ, რომ რუსეთი ამ საქმეში მონაწილეობს. როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვისურვებდი - ცხადია, სხვა პარტნიორებისა და წევრი ქვეყნების თანხმობის შემთხვევაში - რომ რუსეთი კიდევ უფრო აქტიურად ჩაებას ამ საქმიანობაში. არსებობს სხვა ფორმატებიც, რომელთა ჩარჩოებშიც რუს პარტნიორებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა გვეძლევა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველას დავანახოთ, რომ გვსურს, ყველა მოგებული დარჩეს. არავითარი „უნაშთო თამაში“ ეს არ არის, როგორც ეს ზოგს დღემდე ჰგონია.

რადიო თავისუფლება: გასულ თვეში, ევროპარლამენტში გამოსვლისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ „არასოდეს გამოიყენებს ძალას რუსეთის ოკუპაციის აღსაკვეთად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი კონტროლის აღსადგენად“. როგორ ფიქრობთ, იქონიებს თუ არა ძალის გამოუყენებლობის ეს ცალმხრივი გამოცხადება რაიმე გავლენას ევროკავშირისკენ თბილისის სწრაფვისადმი თავად კავშირის წევრთა დამოკიდებულებაზე?

შტეფან ფიულე: ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი განცხადება იყო ევროპის პარლამენტის წინაშე, უაღრესად მნიშვნელოვანი განცხადება სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამ საკითხის მნიშვნელობაზე ევროპის კავშირს უწინაც არაერთხელ უსაუბრია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ცხადია, კავშირის წევრი ქვეყნების საქმეა, რა პოლიტიკურ დასკვნებს გააკეთებენ ამ განცხადებიდან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას დადებითად შეხვდებოდნენ არა მხოლოდ ევროპის კავშირში, არამედ თვით ორი სეპარატისტული ტერიტორიის ხელმძღვანელობაშიც, და რუსეთის ხელისუფლებაშიც - როგორც წრფელ ნაბიჯს იმ პრობლემის გადაჭრის გზაზე, რომელსაც საქართველოში ვაწყდებით.

რადიო თავისუფლება: ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირ-საქართველოს შეთანხმებების რატიფიკაცია სავიზო რეჟიმისა და უკანონო იმიგრანტების რეადმისიის შესახებ თქვენ შეაფასეთ იმ ძალისხმევის ნაწილად, რომელიც ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებას გულისხმობს - არა მხოლოდ ინსტიტუტების, არამედ ადამიანთა დონეზეც. რას ნიშნავს ეს კონკრეტულად?

შტეფან ფიულე: ევროკავშირთან ქვეყნის დაახლოების საქმეში უაღრესად მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, რას ნიშნავს ეს. რა სარგებლობას მოუტანს დაახლოება ქვეყანას და მის მოქალაქეებს? ამიტომ არის, რომ როცა ამ პროცესზე ვსაუბრობთ და მის განმარტებას ვცდილობთ, ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ პოლიტიკურ დაახლოებას (რაც ერთ-ერთი საფუძველია) და არც მხოლოდ ეკონომიკურ დაახლოებას (რაც ასევე ერთ-ერთი საფუძველია). ჩვენ ვსაუბრობთ მესამე საფუძველზე: უბრალო ადამიანთა კონტაქტებზე, გადაადგილების შესაძლებლობაზე. ვსაუბრობთ ვიზების საკითხზე, მის მოწესრიგებაზე, ოდესმე, შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის შემოღებაზეც, რადგან ამ პროცესებში მოქალაქეთა ჩასართავად აუცილებელია არსებობდეს რაღაც კონკრეტული და ხელშესახები. თუ ისტორიას გადახედავთ, ევროპის კავშირის ამოცანად კედლებს ნგრევაც შეიძლება წარმოვიდგინოთ. კედლების ნგრევა შენგენის ქვეყნებსა და საქართველოს, მის მოქალაქეებს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია. სავიზო რეჟიმისა და უკანონო იმიგრანტების რეადმისიის შესახებ შეთანხმებების რატიფიკაცია ამ მიზნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

რადიო თავისუფლება: თავიანთ განცხადებაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს „აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის“ სტრატეგიული მნიშვნელობა, თქვეს, რომ აუცილებელია, მივაღწიოთ წინსვლას მოლაპარაკებებში ასოცირების შეთანხმებების შესახებ, მათ შორის ღრმა და ფართომასშტაბიანი თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნის თაობაზე. რას მოუტანს ევროკავშირსა და მის ცალკეულ წევრებს აღმოსავლელ მეზობლებთან დაახლოება?

შტეფან ფიულე: ბოლო წლებში ევროკავშირი მეტისმეტად კონცენტრირებული იყო შიდა პრობლემებზე, ახალ სამოქმედო მექანიზმებზე; ჯერ იყო საკონსტიტუციო ხელშეკრულება, მერე - ლისაბონის ხელშეკრულება. დადგა დრო, ევროკავშირმა გარეთაც გაიხედოს, რადგან, მოგვწონს ეს თუ არა, აშკარაა, რომ არსებობს საკითხები, რომელთა მოგვარება შეუძლებელია მხოლოდ ევროკავშირის საზღვრებში. ეს საკითხებია, მაგალითად, ეკონომიკური კონკურენციის, კლიმატის ცვლილებისა და ენერგოუსაფრთხოების პრობლემები. ამ საქმეში ჩვენთვის აუცილებელია ჩვენი მეზობლების აქტიური მონაწილეობა, ზოგჯერ ჩვენი მეზობლების მეზობლების მონაწილეობა. ეს ის რეგიონია, სადაც, ბუნებრივია, დაინტერესებული ვართ ჩვენი ფასეულობების დანერგვით და იმით, რომ ეს რეგიონი სტაბილურობის ზონად გადაიქცეს.
XS
SM
MD
LG