Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო კრების მონაწილეთა მიტინგი დღესაც გაიმართა


სახალხო კრების მონაწილეთა მიტინგი პარლამენტის წინ
სახალხო კრების მონაწილეთა მიტინგი პარლამენტის წინ
თბილისში, პარლამენტის შენობასთან დღეს კვლავ შეიკრიბნენ წარმომადგენლობითი სახალხო კრების მონაწილენი და მათი მხარდამჭერი ოპოზიციური პარტიების ლიდერები. შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს გამართულ შეკრებაზე დამსწრეთა ნაწილმა დაშლა არ ისურვა, რის გამოც სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი და მხარდამჭერი პარტიები იძულებულნი იყვნენ აქცია დღეს 14 საათზე განეახლებინათ. პარლამენტთან შეკრებილთა წინაშე დღევანდელი გამოსვლისას კრების საინიციატივო ჯგუფის და ეროვნული ფორუმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აქცია უნდა დაიშალოს, რადგან სახალხო კრებამ ხუთშაბათს დოკუმენტები უკვე გამოაქვეყნა, ხელისუფლებას უნდობლობის ვერდიქტი გამოუტანა და აირჩია სათათბირო დარბაზი და აღმასრულებელი საბჭო, რომლებიც მომავალ სამოქმედო გეგმას საზოგადოებას უახლოეს ხანში გააცნობენ. საინიციატივო ჯგუფის წევრის ირაკლი ბათიაშვილის თქმით, პროცესი უწყვეტად წარიმართება და პიკს უახლოეს პერიოდში მიაღწევს. ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ კი, აქციის მონაწილეებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ წარმომადგენლობითი სახალხო კრების მიერ დაგეგმილ პროცესებში და გაწევრიანდნენ კრების მიერ დამტკიცებულ სტრუქტურებში.

პარლამენტთან შეკრებილი ადამიანების ნაწილი ეკა ბესელიას მეთაურობით, მსვლელობით დაიძრა საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ, რომელსაც წარმომადგენლობითი სახალხო კრების არაობიექტურად გაშუქებაში ადანაშაულებენ. მსვლელობას არ შეუერთდა ეროვნული ფორუმი, რომლის ლიდერის, კახა შარტავას, განცხადებით, მიღებულია სახალხო კრების სტრუქტურებში მოხალისეთა ჩაწერის გადაწყვეტილება და ვალდებულნი იყვნენ პარლამენტთან დარჩენილიყვნენ. ეროვნული ფორუმის მხარდამჭერებს შარტავამ ასევე განუმარტა, რომ ფორუმი უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, გააგრძელებს, თუ არა წარმომადგენლობით სახალხო კრებასთან ერთად მუშაობას. პარლამენტთან დღეს არ მისულა ”დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
XS
SM
MD
LG