Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლისაბონში ობამასა და სააკაშვილის პირველი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა


ლისაბონში, ნატოს სამიტის კულუარებში პარასკევს, ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს რვის ნახევარზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ორმხრივი შეხვედრა გაიმართა დახურულ კარს მიღმა. ეს სააკაშვილისა და ობამას პირველი შეხვედრა იყო პირისპირ.

ლისაბონში მყოფი საქართველოს დელეგაციის წევრების ცნობით, შეხვედრა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა და საქმიან ატმოსფეროში წარიმართა. „ნატოს სამიტის პარალელურად გამართულ ამ შეხვედრას, ბუნებრივია, აქვს სიმბოლური დატვირთვაც, მაგრამ იყო ძალიან საქმიანი შეხვედრა. მასზე ხაზი გაესვა და ძალიან დადებითად იქნა შეფასებული საქართველოში მიმდინარე რეფორმები”, – უთხრა რადიო თავისუფლებას ნატოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, გეგა მგალობლიშვილმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, - „ბუნებრივია, იყო განხილული რეგიონული უსაფრთხოების საკითხები; იყო საუბარი იმ ოთხივე მიმართულებაზე, რომლებიც არის [აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში; და, ბუნებრივია, ხაზგასმული იყო მხარდაჭერა ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესის თვალსაზრისით“.

სააკაშვილისა და ობამას პირველ შეხვედრას პირისპირ მართლაც ჰქონდა მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა - სხვა თუ არაფერი, იმის გამოც, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის სათავეში ბარაკ ობამას გუნდი მოვიდა, ზოგიერთი ანალიტიკოსი თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში ერთგვარი დისტანციის გაჩენაზე ალაპარაკდა. მით უფრო, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს საქართველოს მთავრობას ვაშინგტონთან გამორჩეულად ახლო ურთიერთობა ქონდა. ჯორჯ ბუში აშშ-ს პირველი პრეზიდენტი იყო, რომელიც თბილისში ჩავიდა და საქართველოს „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა 2005 წელს.

ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ვაშინგტონმა რუსეთთან კავშირების „გადატვირთვის“ - გაუმჯობესების - პოლიტიკა წამოიწყო, რაც ზოგიერთმა ექსპერტმა საქართველოს და ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტერესების ხარჯზე მიმდინარე პროცესებად აღიქვა. სხვა ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ „გადატვირთვის“ პოლიტიკა უწინარეს ყოვლისა ევროპის უსაფრთხოებაზე აისახება დადებითად, ვინაიდან ევროპისთვის ალბათ ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ აშშ-სა და რუსეთს შორის მტრული ურთიერთობები წარმოადგენს.

დღესდღეობით ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობა ძირითადად კონცენტრირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა, ავღანეთში მიმდინარე ოპერაციის ხელშეწყობა, ორი ქვეყნის ბირთვული არსენალის შემცირება და ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის აგება.

ამასთან, „გადატვირთვის“ პოლიტიკის წარმოების ფონზე, აშშ-ს წარმომადგენელი მაღალჩინოსნები მუდმივად აცხადებენ, რომ საქართველო რჩება საკითხად, რომლის ირგვლივაც აშშ და რუსეთი ვერ თანხმდებიან. ივლისში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, კიდევ ერთხელ ისაუბრა ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე და რუსეთს მოუწოდა, დაასრულოს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების „ოკუპაცია“.

მოსაზრებას, რომ „გადატვირთვის“ პოლიტიკა საქართველოს ინტერესების ხარჯზე არ მიმდინარეობს, გეგა მგალობლიშვილიც იზიარებს:

„დღეს გამართული შეხვედრა თავისი შინაარსითაც და თავისი სიმბოლური დატვირთვითაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ, არანაირი საფუძველი იმისა, რომ ‘გადატვირთვის პოლიტიკას’ შესაძლოა შეეწიროს რომელიმე მეგობარი ან სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ინტერესი, ჩვენ არ გაგვაჩნია. პირიქით, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს გადატვირთვის პოლიტიკა გარკვეულწილად ხელს შეუწყობს რუსეთის პოლიტიკის ცვალებადობას მის უშუალო მეზობლებთან”.

ლისაბონში იმყოფება გიორგი ბარამიძეც - საქართველოს ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში. მისი თქმით, შეხვედრაზე, ბუნებრივია, წამოიჭრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის „მთავარი თავისტკივილი“ - რუსეთის თემა - და პრეზიდენტებმა საქართველ-რუსეთის კონფლიქტის გადაჭრის პერსპექტივებზეც ისაუბრეს:

„საუბარი იყო იმის თაობაზე, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიურ მხარდაჭერას ისევე, როგორც აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების აქტიურ მხარდაჭერას. და, რა თქმა უნდა, სურს, რომ მოგვარდეს კონფლიქტი რუსეთთან და ეს... მშვიდობიანი და დიპლომატიური მეთოდებით მოხდეს“.

ობამასა და სააკაშვილის შეხვედრა ერთი დღით უსწრებს წინ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი მიიღებს მონაწილეობას.

ამ შეხვედრას ნატო რუსეთთან სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობის დიდ იმედებს უკავშირებს და ეს არაერთხელ აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმაც. ისტორიული სამიტისთვის სათანადოდ მოსამზადებლად 3 ნოემბერს რასმუსენი თავად ეწვია მედვედევს მოსკოვში.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ფილიპ ქროულის განცხადებით, საქართველოს საკითხს, სავარაუდოდ, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზეც განიხილავენ. 18 ნოემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ქროულიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს ირგვლივ ვაშინგტონსა და მოსკოვს კვლავ უთანხმოება აქვთ - გადატვირთვის პოლიტიკა კი სწორედ უთანხმოების დაძლევისკენ არის მიმართული:

”საქართველო ერთ-ერთი სფეროა, რომელთან მიმართებითაც ჩვენ ვერ ვთანხმდებით. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ არ ვცნობთ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის - დამოუკიდებლობას. ეს არის საკითხი, რომლის არსებით მხარდაჭერასაც განვაგრძობთ რეგიონში... და მე მოველი, რომ ეს საკითხი იქნება მოლაპარაკების თემა ლისაბონში, რადგანაც ეს არის ნატო-რუსეთის საბჭოს პირველი სხდომა საქართველოში კონფლიქტიდან რამდენიმე წლის შემდეგ”.

თუმცა აშშ-ც და რუსეთიც აცხადებენ, რომ რიგ საკითხებთან მიმართებით უთანხმოების და პოზიციათა სხვადასხვაობის მიუხედავად, თანამშრომლობისა და კავშირების გაღრმავების პოლიტიკას გააგრძელებენ.

სამიტის დასკვნით დღეს - 20 ნოემბერს - ნატო საკუთარ სტრატეგიულ კონცეფციას დაამტკიცებს, რომლითაც ალიანსმა მომავალი 10 წლის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელოს. ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ ამ კონცეფციაში ნატოს სამომავლო გაფართოებაზეც იქნება საუბარი - კერძოდ კი, გაიმეორებენ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. შეგახსენებთ - ეს გადაწყვეტილება ბუქარესტში 2008 წელს მიიღეს - თუმცა, ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერების ზეწოლის გამო, საქართველოსა და უკრაინისთვის ოფიციალურად არ მიუნიჭებიათ გაწევრიანების წინა სტატუსი - ე.წ. MAP-ი, ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა. თბილისი აქტიურად მონაწილეობს აშშ-სა და ნატოს მიერ წარმოებულ სამხედრო კამპანიებში - 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომამდე მას ერაყში 2 000 ჯარისკაცი ჰყავდა მივლენილი; ამჟამად კი ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში 975 ჯარისკაცისგან შემდგარი კონტინგენტი მონაწილეობს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG