Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოლერანტობა - წინ გადადგმული ნაბიჯები


ტოლერანტობის საერთაშორისო დღე თბილისში
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე თბილისში
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს საქართველოშიც აღინიშნა. ღონისძიების ორგანიზატორი სახალხო დამცველის ოფისი და გაეროს განვითარების პროგრამა იყო. მცირე მოხსენების შემდეგ, რომელიც საქართველოში 2010 წლის განმავლობაში ტოლერანტობის სფეროში არსებულ მიღწევებსა და პრობლემებს ეხებოდა, სახალხო დამცველმა და ოფისთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა, ტრადიციულად, ”ტოლერანტობის ქომაგები” დააჯილდოეს.

გავყოთ საკითხი ორად და ჯერ ეთნიკურ უმცირესობებზე შევჩერდეთ. თუკი სახალხო დამცველის ანგარიშის მცირე ვერსიას დავეყრდნობით, მაშინ უნდა ითქვას, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მხრივ არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა კვლავაც რჩება მთელი რიგი პრობლემები, რომელთა შესახებაც გიორგი ტუღუში რადიო თავისუფლებასთან საუბრობს: ”რჩება პრობლემები, რომლებიც უკავშირდება ეთნიკური უმცირესობების უფრო მეტად ჩართვას ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასევე ის, რომ ისინი არ არიან ფართოდ წარმოდგენილნი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში. გარდა ამისა, კვლავ რჩება გარკვეულ პრობლემად ქართული ენის სწავლება, პედაგოგების პროფესიონალიზმის ნაკლებობა, თარგმნილი სახელმძღვანელოების დაბალი ხარისხი”, - ამბობს გიორგი ტუღუში.

არის გარკვეული პრობლემატური საკითხები, რომლებიც უკავშირდება არასათანადო გამოძიებას მთელი რიგი დანაშაულებებისა, რომლებიც რელიგიურ ნიადაგზეა ჩადენილი ...
ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების ინფორმირებაზე. ჩვენ ყველანი ერთიანი ფასეულობების ირგვლივ უნდა ვიყოთ გაერთიანებულნი, ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”მრავალეთნიკური საქართველოს” თავმჯდომარე აგიტ მირზოევი. მისი აზრით, სწორედ ეს არის ის მთავარი პრობლემა, რომელიც საქართველოში ეროვნული თუ რელიგიური უმცირესობებისათვის სხვა პრობლემებს წარმოშობს: ”ჩვენ ვართ განსხვავებულები, ჩვენი განსხვავებულობა ჩვენთვის ფასეულობათა რიგს წარმოადგენს, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის მოქალაქეები და ჩვენ გვაქვს ასევე საერთო სამოქალაქო ფასეულობები. ჩვენ მუდამ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ მოვისმინოთ საპირისპირო აზრი და შემდეგ უკვე ამ აზრის პატივისცემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებულობის კულტურის საყრდენი”, - ამბობს აგიტ მირზოევი.

კათოლიკე ეკლესია, იუდაიზმი, სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია, პროტესტანტიზმი, ისლამი, ეზიდიზმი, ინდუიზმი, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია, იეჰოვას მოწმეები,დუხობორები, მალაკნები, ხსნის არმია, ორმოცდაათიანელები, ეკლესია ”ღმერთის საელჩო” - ეს იმ რელიგიებისა და რელიგიური გაერთიანებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოში ოფიციალურად არიან რეგისტრირებულნი. თუკი გასულ წელს სახალხო დამცველის ოფისმა საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობის 25 შემთხვევა დააფიქსირა, 2010 წელს ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. გიორგი ტუღუშის თქმით, მიმდინარე წელს საქართველოში კიდევ რამდენიმე რელიგიურმა ორგანიზაციამ მოახერხა ოფიციალურად დარეგისტრირება, თუმცა არის დარჩენილი პრობლემები, რომლებიც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს:

”არის გარკვეული პრობლემატური საკითხები, რომლებიც უკავშირდება არასათანადო გამოძიებას მთელი რიგი დანაშაულებებისა, რომლებიც რელიგიურ ნიადაგზეა ჩადენილი. თუმცა უნდა ითქვას, რომ წლევანდელი წელი იყო პროგრესული, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ თუკი შარშან რელიგიური შეუწყნარებლობის 25 შემთხვევა დავაფიქსირეთ, წელს ეს რიცხვი ათამდე დავიდა. ასევე პროგრესია იმ მიმართულებითაც, რომ ბათუმსა და თბილისში რამდენიმე რელიგიური მიმდინარეობა ოფიციალურად დარეგისტრირდა. გაიცა სხვადასხვა მშენებლობების მიმართვები და განახლდა მეჩეთის მშენებლობა ტალავერში”, - აცხადებს გიორგი ტუღუში.

არ შეიძლება საზოგადოება იყოს ერთფეროვანი. საზოგადოება საკუთარი თავის პატივისცემას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც სხვისი აზრისა და ფასეულობების დაფასებას ისწავლის, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი აკაკი ჭელიძე: ”იმედის დაკარგვის უფლება არავის არა აქვს. იმითაც შეიძლება დავიმშვიდოთ თავი, რომ არსებობს პოზიტიური ძვრების ნიშნები, მაგრამ საზოგადოებაში მაინც ძლიერად არის ფესვგადგმული განკერძოებისა და განსხვავებულის ათვალწუნების შემთხვევები. რა თქმა უნდა, ადამიანს, ისევე როგორც საზოგადოებას, ვერ მოსთხოვ იმის გაცემას, რისი გაცემაც არ შეუძლია, მაგრამ იმის შეხსენება, რომ ცხოვრება გაცილებით კარგი შეიძლება იყოს, თუკი მხოლოდ საკუთარი აზრის გარშემო არ ტრიალებ, ეს ყველას არგებს -უმცირესობებსაც და უმრავლესობასაც”, - აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში აკაკი ჭელიძე.

სახალხო დამცველის ოფისთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა წელს საკუთარი რჩეულები დააჯილდოეს და მათ ”ტოლერანტობის ქომაგთა” სიგელები გადასცეს.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რჩეული ემილ ადელხანოვი ადამიანის უფლებათა დამცველი გახდა, რომლის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ასევე ლტოლვილებისა და სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების ინტერესების დაცვა წარმოადგენს. აღნიშნული ჯილდო გადაეცა წელს საქართველოს გაეროს ასოციაციასაც, რომელმაც არაერთი პროექტი განახორციელა საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

რელიგიური უმცირესობების საბჭოს რჩეული კი კინომცოდნე გოგი გვახარია გახდა. მიზეზს, რის გამოც გოგი გვახარიამ „ტოლერანტობის ქომაგის” წოდება მიიღო, ომბუდსმენის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის უფროსი ბექა მინდიაშვილი ხსნის, თავად გოგი გვახარიასთვის კი ეს წოდება განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა:

ბექა მინდიაშვილი: ”ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ებრძვის სტერეოტიპებს - გოგი გვახარია”...

გოგი გვახარია: ”არ ვიცი, რა უნდა გითხრათ. დიდი მადლობა. არ ვიცი, რატომ გამიხარდა ასე ძალიან ეს ჯილდო, მაგრამ მართლა ძალიან გამიხარდა და შევეცდები არ ინანოთ, რომ ეს ჯილდო გადმომეცით.”

გოგი გვახარიასთან ერთად ”ტოლერანტობის ქომაგთა” სიგელები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჟურნალებს ”ლიბერალსა” და ”ტაბულას” ერგო.
XS
SM
MD
LG