Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითის სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად გარედან მოსული კაცი არ უნდა


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებამდე დაახლოებით ერთი წელი დარჩა. ცხინვალში კი უკვე აქტიურად მიმდინარეობს მომავალი კანდიდატების შესახებ საუბარი. ამ თემას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი პარლამენტში გამოსვლისას შეეხო და აღნიშნა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის გარეთ არსებულ ოპოზიციურ ძალებს დაძაბულობის შეტანა უნდათ სამხრეთ ოსეთის ცხოვრებაში, და პოლიტიკურ ჯგუფებსა და საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ მოუწოდა. კოკოითიმ ოპოზიცია სტადიონზე შეკრებილ მაყურებელს შეადარა, რომელიც მოვლენებს მხოლოდ აკვირდება და მთავარი მოთამაშე ვერასდროს გახდება. იგი გადაჭრით ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი გარედან მოსული კაცი ვერ იქნება.

დე ფაქტო რესპუბლიკაში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2006 წლის 12 ნოემბერს ჩატარდა. ამ დროს ედუარდ კოკოითი მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი. დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციით, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ აქვს. რამდენჯერმე იყო მცდელობა, რომ კონსტიტუცია შეცვლილიყო და კოკოითი ხელისუფლების სათავეში დარჩენილიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ეს ვერ განხორციელდა. ცხინვალში უკვე აქტიურად საუბრობენ კოკოითის მემკვიდრეზე. დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელი გენერალური პროკურორი თეიმურაზ ხუგაევი მისი ნათესავია და მთავარ კანდიდატად მას განიხილავენ.

რაც შეეხება ოპოზიციას, შეიძლება ითქვას, რომ იგი ცხინვალში არ არსებობს. ყველა პარტია, რომელიც ცხინვალში პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებს, კოკოითისთან თანამშრომლობს. დე ფაქტო პრეზიდენტის ოპოზიცია ამჟამად მოსკოვში იმყოფება. ცხინვალიდან გასულ პირებს კოკოითისთან არა მარტო პოლიტიკური, არამედ პირადი წყენაც აქვთ. ისინი ალბერტ ჯუსოევისა და ჯამბულატ თედეევის - იმავე „დიკის“ - გარშემო არიან გაერთიანებულნი. დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი გენერალური პროკურორი ახსარ კოჩიევი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ცხინვალში ამჟამად ტირანული რეჟიმია და იქ ნამდვილი ოპოზიციის საქმიანობა შეუძლებელია. ცხინვალში მოსკოვური ოპოზიციის წარმომადგენლები ჩასვლას დიდი ხანია ვერ ახერხებენ, რადგან მათზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. კოჩიევის აზრით, კოკოითი მემკვიდრეს იმიტომ ირჩევს, რომ მომავალი გარანტირებული ჰქონდეს.

როგორც ცნობილია, მოსკოვში შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლები ფინანსურად კარგად არიან უზრუნველყოფილნი. ჯუსოევს და თედეევს რუსეთის დედაქალაქში საკუთარი ბიზნესები აქვთ. გარდა ამისა, მათ მხარს უჭერს დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩი, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის გმირად არის გამოცხადებული. ამ რესურსით და პრემიერ-მინისტრ პუტინთან სიახლოვის გათვალისწინებით, ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, წესით, არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ დე ფაქტო პარლამენტმა, სადაც უმრავლესობას კოკოითის მომხრეები შეადგენენ, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებით პრეზიდენტობის მსურველისთვის დე ფაქტო რესპუბლიკაში 10-წლიანი ცხოვრების ცენზი დააწესა. ამ ცვლილების მიხედვით, ოპოზიციის ლიდერს ალბერტ ჯუსოევს კენჭისყრაში მონაწილეობა არ შეუძლია. ახსარ კოჩიევს იმედი არა აქვს, რომ ერთი წლის განმავლობაში პარლამენტი გადაწყვეტილებას შეცვლის, მაგრამ ოპოზიცია საპრეზიდენტო სავარძლისთვის მაინც იბრძოლებს. კოჩიევი ოპოზიციის კანდიდატის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებს.

მომავალი წლიდან ცხინვალში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში გადავა, მაგრამ, ქართველი ექსპერტების აზრით, ყველანაირი დაპირისპირების მიუხედავად, დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი კრემლის მიერ შერჩეული კაცი გახდება... ამიტომ მთავარი ბრძოლა კოკოითის და მის ოპოზიციას ახლა კრემლის კარზე მოუწევთ, რათა საკუთარი კანდიდატი უფრო სასურველი გახადოს როგორც პუტინისთვის, ისე მედვედევისთვის.
XS
SM
MD
LG