Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარალეთში 100 ჰექტარ მიწაზე სარწყავი არხები გაიჭრა


ახლად გაკეთებული ერთ-ერთი სარწყავი არხი
ახლად გაკეთებული ერთ-ერთი სარწყავი არხი
ორი წლის წინ, როცა დევნილები კარალეთის კოტეჯებში შეასახლეს, მათ მთავრობამ მიწის ნაკვეთებიც დაურიგა, მაგრამ პრობლება სარწყავი წყლის არარსებობა იყო. ამის გამო ბევრი ოჯახი მიწას საერთოდ არ ამუშავებდა, რადგან მოსავლის მიღების იმედი არ ჰქონდა. 100 ჰექტარი მიწის ფართობი მხოლოდ ნაწილობრივ მუშავდებოდა.

ამ პრობლემის შესახებ დევნილებმა როგორც ხელისუფლებას, ისე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს არაერთხელ მიმართეს. იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემებით საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ქეა დაინტერესდა და შესაბამისი პროექტის მომზადების შემდეგ კარალეთის დასახლებაში სარწყავი არხი გაიჭრა. დევნილი ავთანდილ მაისურაძე ამბობს, რომ ამ პრობლემის მოგვარებით მათი ნაკვეთების ნაყოფიერება გაიზრდება და უფრო მეტი დევნილი მიიღებს სარგებელს.

ქეა ერთ–ერთი უმსხვილესი, საერთაშორისო, არასამთავრობო, ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ხელმოკლე ოჯახს ეხმარება იმისთვის, რომ მათ გაიუმჯობესონ ცხოვრებისეული პირობები და სიღარიბეს თავი დააღწიონ. ეს ორგანიზაცია შიდა ქართლში არაერთ პროექტს ახორციელებს. მაგალითად: გრანტები დევნილი ქალების ბიზნესინიციატივებისთვის, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, ბავშვებისა და მოზარდების ინტეგრაცია და უნარჩვევების განვითარება, დევნილთა დასახლებებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდება.

კარალეთში ჩასახლებულ დევნილებს სასოფლო ტექნიკა არ გააჩნიათ, ამიტომ სოფელში ჩასულ ორგანიზაციის წარმომადგენლებს მათ დახმარება სთხოვეს.
გორის მე-7 სკოლის მოსწავლე ახალ ბიბლიოთეკაში

ქეას წარმომადგენლებმა რეგიონში განხორციელებული პროექტები ჟურნალისტებთან ერთად მოინახულეს. გორის მე–7 საჯარო სკოლაში, რომელიც აგვისტოს ომის დროს ყველაზე მეტად დაზიანდა, არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით ბიბლიოთეკა და საკონფერენციო დარბაზი მოეწყო. სკოლის დირექტორის, ნოდარ იარღანაშვილის თქმით, ეს პროექტი თანადაფინანსებით განხორციელდა.

ქეას პროექტის დირექტორის, ვახტანგ ფირანიშვილის, განცხადებით, ორგანიზაციის მიზანია შექმნას ისეთი პირობები, რომ სარგებელი რაც შეიძლება მეტმა სოციალურად დაუცველმა ადამიანმა მიიღოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონში საქმიანობას ახალი პროექტებით გააგრძელებს. გარდა ამისა, ქეა აფინანსებს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც დევნილებისა და სოციალურად დაუცველების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ.
XS
SM
MD
LG