Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ტერორიზმი და საქართველოს უსაფრთხოება


ჩეჩნეთის პარლამენტის შენობა სპეცოპერაციის შემდეგ
ჩეჩნეთის პარლამენტის შენობა სპეცოპერაციის შემდეგ
19 ოქტომბერს განხორციელებულმა ტერაქტმა, რომლის დროსაც 3 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაიჭრა, ანალიტიკოსების აზრით, დაამსხვრია კრემლის მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩეჩნეთი ჩრდილო კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე მართული და მშვიდი რესპუბლიკაა. მოსკოვისთვის ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ტერორისტები ჩეჩნეთის პარლამენტის შენობაშიც კი მოახერხებდნენ შეღწევას. რა საფრთხეებს შეიცავს ასეთი ვითარება საქართველოსთვის, რომელმაც სულ ახლახან ჩრდილოეთკავკასიელების მისამართით, ასე ვთქვათ, ”ღია კარის პოლიტიკა” გამოაცხადა?

მართალია, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები ტერორისტების სამიზნე არაერთხელ გამხდარა, მაგრამ ის, რაც 19 ოქტომბერს გროზნოში მოხდა, ბევრისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი აღმოჩნდა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კრემლი თავისი ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის გადახედვას დაიწყებს და გამორიცხული არ არის, რომ მან კიდევ ერთხელ გადახედოს საქართველოს მიერ დეკლარირებულ ჩრდილოკავკასიურ პოლიტიკასაც. გავიხსენოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულების თანახმად, 13 ოქტომბრიდან ჩრდილოკავკასიელ ხალხებს საქართველოს საზღვრის უვიზოდ გადმოლახვის საშუალება მიეცათ. საუბარია რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში - კერძოდ, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეს რესპუბლიკებში - ცხოვრობენ.

გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისი ”ერთიანი კავკასიის” იდეის კონტექსტში განიხილავს, მოსკოვის მწვავე რეაქცია მოჰყვა. განცხადება, რომელიც 14 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, მუქარის აშკარა ნიშნებს შეიცავს. მასში ნათქვამია, რომ ”სააკაშვილის რეჟიმი ვერაფრით ისვენებს” და რომ მისი ”კრუნჩხვები, მიმართული ახალ-ახალი გამღიზიანებლების ძიებისკენ, არ შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს და ამან შეიძლება დამატებითი პრობლემები შეუქმნას საქართველოს მოქალაქეებს”.

არსებითად, კრემლის გაღიზიანება მოსალოდნელი იყო ყველასთვის - ჩრდილოკავკასიელებისთვის ვიზების გაუქმების როგორც მოწინააღმდეგეებისთვის, ასევე მომხრეებისთვისაც, მაგრამ იქვე იბადება ერთი შეკითხვა - რა რისკის შემცველია კრემლის გაღიზიანება?

ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ვარაუდობს, რომ რუსეთი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მისამართით დეზინფორმაციის ჩვეული ხერხის გამოყენებას გააგრძელებს:

”ნებისმიერ წარუმატებელ ოპერაციას, რომელსაც ისინი მუდმივად ატარებენ ჩრდილო კავკასიაში, ახსნა შეიძლება მოეძებნოს ქართული კვალის ან საქართველოში გადამალული კავკასიური ძალების არსებობით... ბრალდებები ბევრი იქნება, მაგრამ მთავარია, რომ ბრალდებებსა და სამხედრო პროვოკაციებს შორის ზღვარი დროულად აღვიქვათ და უფრო მომზადებული შევხვდეთ იმ პროვოკაციებს, რომლებიც შეიძლება ამ ღია საზღვრის ფაქტით იყოს არგუმენტირებული”.

რუსეთისგან არაერთგზის ნაცად ხერხს - ბრალდებების მექანიზმის ამუშავებას - უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილიც მოელის. მისი აზრით, ეს ყველაფერი საქართველოსთვის შესაძლოა ”პრაქტიკული საფრთხეების მომტანი არ იყოს, მაგრამ ის აუცილებლად მოახდენს ზეგავლენას ”პოლიტიკურ რისკებსა და საფრთხეებზე”:

”...შესაძლოა, დადგეს მომენტი, როდესაც რუსეთმა და საქართველომ დასავლეთის ჩართვით დაიწყონ დიალოგი, მაშინ რუსეთმა შეიძლება დასავლეთს უბრალოდ უთხრას - როგორ ვითანამშრომლო ქვეყანასთან, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არსებულ ძალებს აძლიერებს ან მხარს უჭერს...”

თბილისი არ იზიარებს იმის ალბათობას, რომ ჩრდილოკავკასიელებისთვის ვიზების გაუქმებით საქართველოში შესაძლოა მართლაც შემოაღწიოს უფრო მეტმა არაკეთილმოსურნე პირმა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინათ ტელეეთერით გაკეთებულ კომენტარში, კრიმინალებისგან დაცვის გარანტიას არა ვიზა, არამედ შესაბამისი სამსახურების სიფხიზლე წარმოადგენს:

”მათთვის ხელის შემშლელი არც სავიზო რეჟიმი არ იქნებოდა, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი სპეცსამსახურები მოდუნდებიან”.

საქართველოსთვის საფრთხის მატებას ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხედავს. პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ”უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა მეთოდებითა და საშუალებებით კონტროლდება და არა ვიზების გაცემა-არგაცემით”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG