Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ ოპოზიციას ”ქართული პარტიაც” შეემატა


"ქართული პარტიის" ლიდერები: ეროსი კიწმარიშვილი, სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე
"ქართული პარტიის" ლიდერები: ეროსი კიწმარიშვილი, სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე
ხანგრძლივი პოლიტიკური მითქმა-მოთქმა ყოფილი სახალხო დამცველის სოზარ სუბარისა და ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ამჟამად პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილის ერთ პოლიტიკურ გუნდში გაერთიანების გარშემო ახალი, ”ქართული პარტიის” დაფუძნებით დასრულდა. პარტიის ლიდერთა შორის არიან ლევან გაჩეჩილაძე, ეროსი კიწმარიშვილი და კოკა გუნცაძე. ”ქართული პარტიის” პრეზენტაცია 12 ოქტომბერს ”შერატონ მეტეხი პალასში” შედგა.

მთავარი მიზანი, რისთვისაც საზოგადოებისათვის ცნობილი პოლიტიკური სახეები - ირაკლი ოქრუაშვილი, სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილაძე, ეროსი კიწმარიშვილი და კოკა გუნცაძე - ”ქართულ პარტიაში” გაერთიანდნენ, დღევანდელი პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი შეცვლაა. ეს იგივე იდეაა, რომელიც რუსთაველზე 9 აპრილის ცნობილი აქციების დროს რამდენიმე თვის განმავლობაში ისმოდა. იგივენი არიან ადამიანებიც, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებას მაშინაც მწვავედ აკრიტიკებდნენ, ოღონდ სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის სახელით. დღეს ისინი საფრანგეთში, პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილის გვერდით დადგნენ და ახალი ოპოზიციური პარტია - ”ქართულ პარტია” - დააფუძნეს. ლევან გაჩეჩილაძემ, რომელსაც, მისივე სიტყვებით, პარტიის წარდგენისას ემოციური ნაწილის პრეზენტაცია ხვდა წილად, ”ქართული პარტიის” პოლიტიკური გუნდი ასე დაახასიათა:

ჩვენ ავიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა იმ ძალასთან ერთად, ვისაც უნდა ამ რეჟიმის შეცვლა, და პოლიტიკური პასუხისმგებლობა კიდევ ის ატრიბუტია, რომელიც ჩვენს ბრძოლას ყოველთვის აკლდა.
”ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც ძალიან გაბედული ნაბიჯების გადადგმის და ამ რეჟიმის შიგნით მუშაობის გამოცდილება აქვს; ეროსი, რომელსაც თანამედროვე პროპაგანდასა და ტექნოლოგიებში უდიდესი გამოცდილება აქვს; სოზარი, რომელსაც მარტო საქართველოში კი არა, ყველგან იცნობენ როგორც ადამიანის უფლებების დამცველს; კოკა, რომელმაც ზეპირად იცის პოლიტიკური მენეჯმენტი, და მე, თქვენი მონა-მორჩილი... - მეც მაქვს გარკვეული გამოცდილება ამ ბრძოლაში”.

ბრძოლა, მაგრამ ახლა უკვე „ქართული პარტიის” სახელით, ერთდროულად კიდეც იწყება და, ამავე დროს, კიდეც გრძელდება. ლევან გაჩეჩილაძე ამ ბრძოლას იმ ატრიბუტსაც უმატებს, რომელიც, მისი სიტყვებით, დღემდე მას და მის თანამოაზრეებს აკლდათ - პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას:

”ჩვენ ავიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა იმ ძალასთან ერთად, ვისაც უნდა ამ რეჟიმის შეცვლა, და პოლიტიკური პასუხისმგებლობა კიდევ ის ატრიბუტია, რომელიც ჩვენს ბრძოლას ყოველთვის აკლდა”.

ე.წ. პოლიტიკური ნაწილი პარტიის პრეზენტაციისას სოზარ სუბარს მიანდვეს. თვითმყოფადობა, პროგრესი და უსაფრთხოება - აი სამი მთავარი პრინციპი, რომელსაც, „ქართული პარტიის“ ლიდერების აზრით, სახელმწიფო უნდა ეყრდნობოდეს. პარტიის უახლოესი მიზნები კი ევროპულ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დაწყებაა. სოზარ სუბარმა განსაკუთრებული აქცენტი რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობის მოგვარებაზე დასვა:

”საქართველო ვერ იქნება წარმატებული რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გარეშე. ამას ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიც მოითხოვს და ამასვე გვთხოვს დაჟინებით ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ამიტომაც ერთ-ერთი მთავარი პრინციპი და მიზანი ჩვენი პარტიისა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება იქნება”.

ხოლო ქვეყანა, რომლის მშენებლობაში მონაწილეობის ამბიციაც ”ქართულ პარტიას“ აქვს, ასეთი უნდა იყოს:

"ქართული პარტიის" ლიდერები: ლევან გაჩეჩილაძე (მარჯვნივ), სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი
”დამოუკიდებელი სასამართლო, ძლიერი პარლამენტი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაზე რეალურ კონტროლს განახორციელებს, რეპრესიული სისტემის ერთხელ და სამუდამოდ მოშლა, სამართალდამცავი სტრუქტურების სრული დეპოლიტიზება, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, ბიზნესის პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლება, სახელმწიფოს მხრიდან მედიის თავისუფლებაში სრული ჩაურევლობა, პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება. ამ ყველაფრის საფუძველი სამართლიანი არჩევნები უნდა გახდეს”.

ახალ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებული პოლიტიკური ლიდერების მიმართ რამდენიმე დელიკატური კითხვაც დაისვა. პირველი: როგორ მოხდა, რომ სოზარ სუბარი, რომელიც კრიტიკას არ იშურებდა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, მის გუნდში აღმოჩნდა? სუბარის პასუხი ასეთია:

”დღეს არჩევანი მარტივია: ვისაც სურს სააკაშვილის რეჟიმის გაგრძელება და ვისაც სურს ამ რეჟიმის შეცვლა და ქვეყნის გადარჩენა... გადარჩენისთვის კი ერთად დგომა აუცილებელია”.

და კიდევ ერთი კითხვა ტელეკომპანია ”მაესტროს” მმართველის ეროსი კიწმარიშვილის მიმართ დაისვა: როგორ შეათავსებდა პოლიტიკურ კარიერას და მედიასაშუალების ხელმძღვანელობას? პასუხად კიწმარიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის ტელევიზიის მართვაში მონაწილეობას აღარ იღებს.

”ქართული პარტიის” პრეზენტაციაზე, ოღონდ - მეგობრის რანგში, მივიდა გოგა ხაინდრავაც, რომლის შეფასებით, „ქართული პარტიის“ დაფუძნებით არა რიგითი ოპოზიციური პარტია, არამედ პოლიტიკური ცენტრი უნდა შეიქმნას.

პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 22 ნოემბერსაა დაგეგმილი. შესაძლოა, ამ დროისათვის მედიასთან ირაკლი ოქრუაშვილიც გამოჩნდეს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG