Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას არ ელოდება


საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი
ვენეციის კომისიამ 8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა დაელოდოს და საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე ზედმიწევნით გაითვალისწინოს მისი საბოლოო რეკომენდაციები. საქართველოს პარლამენტი 12 ოქტომბერს კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით უყრის კენჭს, ვენეციის კომისიის საბოლოო რეკომენდაციები კი მომდევნო დღეებში გამოქვეყნდება. რატომ ითხოვს კომისია დალოდებას და რატომ არ იცდის პარლამენტი?

როგორც ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაშია აღნიშნული, მართალია, საქართველოს ხელისუფლებამ მისი რამდენიმე წინასწარი რეკომენდაცია გაითვალისწინა, მაგრამ საკონსტიტუციო პროექტის მიღებამდე კომისიის საბოლოო მოსაზრებათა დალოდება და პროექტში მათი ასახვა აუცილებელია.

კომისის 8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში წარმოდგენილია რამდენიმე გასათვალისწინებელი რეკომენდაცია, რომელთაგან ერთი ეხება ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის ხარისხს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის არჩევაში და ნათქვამია, რომ ეს ხარისხი ”გადაჭარბებულია”. ასევე კომისია ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა პარლამენტის უფლებამოსილების გაძლიერება და ამ მიმართულებით გადასასინჯია დებულებები, რომლებიც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას და საბიუჯეტო საკითხებში პარლამენტის უფლებამოსილების საკითხებს ეხება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის წარმომადგენელი მიხეილ მაჭავარიანი, ფიქრობს, რომ კონსტიტუციის მიღების პროცესი ისედაც ძალიან გაიწელა - ორთვე- ნახევარია გრძელდება - და ყველამ უკვე გაიაზრა რას წარმოადგენს კონსტიტუციის ახალი პროექტი, ოპოზიციასთან შეთანხმება შედგა და, ამდენად, რამდენიმე დღით მოცდას აზრი აღარ აქვს. შესაბამისად, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას პარლამენტი არ დაელოდება:

” ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის პროცესი და ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის შენიშვნა, რომელიც მიგვაჩნდა სწორად, და ისიც ძალიან კარგად იცის და ეს, სხვათა შორის, თქვა კომისიის გენერალურმა მდივანმა, როცა იმყოფებოდა თბილისში, რომ ჩვენ ვართ ექსპერტები, ჩვენ ვართ იურისტები, ჩვენ მათ ვურჩევთ, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ისინი თვითონ იღებენ. ამიტომ ბრალდება, რომ ჩვენ არ დაველოდეთ ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებას, მე ცოტა არასერიოზულად მიმაჩნია, იმიტომ რომ, როგორც წესი, ქვეყნების უმრავლესობა ჯერ იღებს რაღაც კანონს და მერე აგზავნის ვენეციის კომისიაში”, - ასეთია მიხეილ მაჭავარიანის პოზიცია.

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე ფიქრობს, რომ ფორმალურად დალოდებას აზრი არა აქვს, - ოპოზიციამ ეს რომც მოითხოვოს, საეჭვოა უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება შეძლოს:

”ფორმალურად შეგვიძლია დაველოდოთ, მაგრამ მეორე მოსმენის შემდეგ დალოდებას რა აზრი აქვს, მე სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, იმიტომ რომ ყველა პრინციპული საკითხი მიღებულია და ახლა წერტილ-მძიმე სად იქნება დასმული, მნიშვნელობა ნამვილად არა აქვს”, - განმარტავს ლევან ვეფხვაძე.

ვენეციის კომისიის დასკვნის უკანასკნელ აბზაცში ფრაზა ”პროექტის დამტკიცებამდე დაელოდეთ საბოლოო რეკომენდაციებს” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს თამარ ხიდაშელს ესმის როგორც პარლამენტის მიმართ გაფრთხილება, რისი გაუთვალისწინებლობის შემთხვევაშიც, მისი აზრით, კომისიასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა შეიცვლება:

” ვიცით, რომ აპირებთ საბოლოო ტექსტის მიღებას, მაგრამ გაფრთხილებთ, რომ არ მიიღოთ, დაგველოდეთ და არ მიიჩნიოთ ჩვენი რეკომენდაციები ფორმალობად - მე ვფიქრობ, რომ ეს არის გაფრთხილება და 8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში პირდაპირ იკითხება ეს გაფრთხილება, რომ შემდგომი ჩვენი თანამშრომლობისთვის დაელოდეთ ჩვენს დასკვნას და მხედველობაში მიიღეთ ის.”

ოპოზიციური პარტია ”ჩვენი საქართველო -თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი თეა წულუკიანი არსებულ სიტუაციას შემდეგნაირად აფასებს: მისი განმარტებით, ვენეციის კომისია შეეცადა საქართველოს პარლამენტის დაჩქარებული ტემპისთვის აეწყო ფეხი და დასკვნა, რომელიც 15 ოქტომბერს კომისიის სხდომის შემდეგ უნდა მიეღოთ და გამოექვეყნებინათ, 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ამის მიუხედავად, პარლამენტისგან დალოდებას ითხოვს, რაც, თეა წულუკიანის შეფასებით, ”რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობაა”:

” ვენეციის კომისიამ კი იჩქარა და ჰგონია, რომ ამით კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ ის, ალბათ, გამორჩა მხედველობიდან, რომ მეორე და მესამე მოსმენას შორის გამოქვეყნებული დასკვნა ვეღარაფერს შეცვლიდა. თუ ჩქარობდა, მაშინ, როგორც კი დაბრუნდა სტრასბურგში, მაშინვე უნდა გამოექვეყნებინა დასკვნა, მაშინ კიდევ რაღაც აზრი ექნებოდა ამ ყველაფერს.”

შეცვლის თუ არა საქართველოს პარლამენტისა და ვენეციის კომისიის ურთიერთობას რეკომენდებულ ვადამდე კონსტიტუცის მიღება, წესით, ხვალიდან, 12 ოქტომბრიდან, გახდება ცნობილი - სწორედ 12 ოქტომბერს უყრის კენჭს პარლამენტი მესამე მოსმენით კონსტიტუციურ ცვლილებებს. თუ წარმოდგენილი ვარიანტი არ ჩავარდა, მაშინ ის იმ სახით დამტკიცდება, რომლის მიმართაც კომისიას შენიშვნები ჰქონდა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG