Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრებისათვის უმაღლესი სასწავლებლების კარი იხურება


16 სექტემბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმ შვიდი პატიმრიდან, რომლებმაც წელს წარმატებით გაიარეს საერთო ეროვნულ გამოცდები და სტუდენტები გახდნენ, სამი შეიწყალა. ისინი სწავლას უახლოეს დღეებში შეუდგებიან. თუმცა, შესაძლოა, უმაღლესი განათლების უფლება პირველი ოქტომრიდან ყველა პატიმარს ჩამოერთვას, რადგან ”პატიმრობის კოდექსში”, რომელიც ძალაში სწორედ ამ დროიდან შედის, მსჯავრდებულების უმაღლეს განათლებაზე აღარაფერი წერია. კანონში ვკითხულობთ, რომ მათ უფლება აქვთ მიიღონ მხოლოდ ზოგადი და პროფესიული განათლება. რა არის ამის მიზეზი - პარლამენტის წევრების უყურადღებობა კოდექსის დამტკიცებისას თუ მიზანმიმართული ნაბიჯი იმისაკენ, რომ პატიმრებმა უმაღლესი განათლება ვეღარ მიიღონ?

პატიმრებისათვის უმაღლესი განათლების უფლების მინიჭება სულ ერთი წლის წინ, 2009 წლის შემოდგომაზე, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. მაშინდელი სასჯელაღსრულების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი გაბაშვილი და მაშინდელი განათლების მინისტრი ნიკა გვარამია ამ საკითხს სპეციალურ გამოსვლებს უძღვნიდნენ:

დიმიტრი შაშკინი: ”ჩვენ გვინდა პატიმრებს უმაღლესი განათლების მისაღებად ყველა პირობა შევუქმნათ.”

გიორგი გაბაშვილი: ”ეს გადაუდებელი და აუცილებელი საქმეა.”

ნიკა გვარამია:“ ჩვენ ვუშვებთ პატიმრებს უმაღლეს სასწავლებლებში და ისინი, ვინც თავისუფლდებიან, პრეზიდენტის კეთილი ნებით თავისუფლდებიან და სწავლას განაგრძობენ. მაგრამ ისიც ნათელია, რომ ყველა გარეთ ვერ გამოვა, თუ ეს ტენდენცია მასობრივ ხასიათს მიიღებს. ამიტომ უნდა მოვიფიქროთ მექანიზმი, რომელიც მათ სწავლის საშუალებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისცემს. ეს საჭიროებს ცვლილებებს საქართველოს კანონმდებლობაში და იმედი გვაქვს, პარლამენტი ჩვენს გვერდით იქნება და იქნება ინიციატორი ისეთი საკითხებისა, რომელიც ამ პრობლემებს მოაგვარებს.”

პარლამენტმა კი დაამტკიცა პატიმრობის ახალი კოდექსი, რომელიც 1 ოქტომბერს ამოქმედდება და, შესაბამისად, გაუქმდება დღეს მოქმედი "პატიმრობის შესახებ კანონი". პატიმრებთან და პატიმრობასთან დაკავშირებული ყველა საკითხიც უკვე კოდექსში გათვალისწინებული ნორმების მიხედვით დარეგულირდება. სხვათა შორის, ამ კოდექსის მიღება შეფასდა როგორც ნოვაცია და დასავლური სტანდარტების დანერგვა, მაგრამ გავიდა ცოტა დრო და აღმოჩნდა, რომ მასში აღარაფერი წერია პატიმრების უფლებაზე მიიღონ უმაღლესი განათლება. ეს საკითხი საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ წამოსწია. სწორედ ის აფასებს კოდექსის ამ ნაწილს ანტიკონსტიტუციურად. ახლა კანონში მხოლოდ ის წერია, რომ მსჯავრდებულს მხოლოდ ზოგადი და პროფესიული განათლების მიღების საშუალება ექნება.

”საქართველოში მოქმედებს კანონი პატიმრობის შესახებ, რომლის 46-ე მუხლის თანახმად, განსაზღვრულია ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მსჯავრდებული პირისათვის, ოღონდ, მისი კონკრეტული პიროვნების გათვალისწინებით, გადაწყვეტილებას იღებს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია. თუმცა 2010 წლის 1 ოქტომბრიდან მოქმედებაში მოდის ”პატიმრობის კოდექსი”, რომლის 113-ე მუხლით განსაზღვრულია პატიმრის განათლების მიღების შესაძლებლობა, სადაც ვალდებულება ეკისრება ციხის ადმინისტრაციას შექმნას სათანადო ინფრასტრუქტურა ზოგადი და პროფესიული განათლებისათვის, მაგრამ კანონში არ არის ნახსენები უმაღლესი განათლება, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლთან, სადაც განათლების მიღება საქართველოს ყველა მოქალაქისათვის არის გარანტირებული უფლება.”

ლორთქიფანიძე დღეს ამ ფაქტს საკუთარ შეცდომადაც აფასებს და ამბობს, რომ მას და მის კოლეგებს ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ცვლილება, უბრალოდ, გამოეპარათ. თუმცა მას არ სჯერა, რომ ამ დეტალის ამოღება კოდექსიდან უმიზეზოდ მოხდა:

”ეს ყველას შეცდომაა. ჩვენ გაგვეპარა თავის დროზე, როდესაც ვმსჯელობდით პარლამენტში, იმიტომ რომ მაშინ რეფორმაზე მეტი აქცენტი კეთდებოდა და გამოგვრჩა. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ, ჩემი აზრით, ეს არ იყო მექანიკური გამოტოვება, იმის გამო, რომ დიდი პრობლემის წინაშე დადგება სახელმწიფო, ბევრმა პატიმარმა რომ მოინდომოს უმაღლესი სწავლა, და იცით, რომ 30 000-მდე პატიმარია უკვე სისტემაში. არ უნდათ ქაოსი შეიქმნას და, როგორც ჩანს, სისტემაში არ არიან მზად იმისათვის, რომ უმაღლესი განათლების მიღება პატიმრებისათვის უზრუნველყონ.”

არასრულწლოვანი პატიმრების მიერ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტის მიერ მათ შეწყალებასთან. სხვაგვარად ისინი სწავლას ვერ გააგრძელებენ. სწორედ ამ ნიშნით, 16 სექტემბერს პრეზიდენტმა განათლების მინისტრის მიერ წარდგენილი სამი არასრულწლოვანი პატიმარი შეიწყალა, რომლებიც წელს სტუდენტები გახდნენ. უცნობია, რატომ არ შეეხო ამნისტია დანარჩენ ოთხ პატიმარს, რომლებმაც წელს ასევე წარმატებით გაიარეს ეროვნული გამოცდები. სხვათა შორის, მათ რიცხვში იყო გიორგი ზერეკიძეც, რომლის ხმაურიანი საქმეც საქართველოს საზოგადოებას კარგად ახსოვს. უფლებადამცველები ეჭვობენ, რომ პატიმრებისათვის უმაღლესი განათლების უფლების ჩამორთმევა იმ ფაქტსაც უკავშირდება, რომ მისაღებ გამოცდებზე გასვლის მსურველთა რიცხვი საპატიმროებში სულ უფრო იზრდება.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი თეა სუხიშვილი ამბობს, რომ თუ ბოლო რამდენიმე წელს შევადარებთ, პროცენტული ზრდა ამ კუთხით მართლაც შესამჩნევია.
საინტერესოა, რომ, როგორც თეა სუხიშვილი ამბობს, არასრულწლოვანი პატიმრების უმრავლესობას იურიდიულ და სამართლის ფაკულტეტებზე სურს სწავლის გაგრძელება. პატიმარი გვანცა ყუფარაძეც იურიდიულ ფაკულტეტზე გეგმავდა ჩაბარებას, თუმცა მას გამოცდებზე გასვლის საშუალება არ მისცეს. როგორც მისი მამა ალეკო ყუფარაძე ამტკიცებს, მას უკანონოდ ხელმეორედ ჩააბარებინეს წინა წელს ჩაბარებული ქიმიის გამოცდა, სკოლის ატესტატი დაუგვიანეს და, ამგვარად, ის გამოცდებზე ვერც გავიდა. რაც შეეხება მოტივაციას, რატომ მაინცდამაინც აღნიშნული პროფესიები, ალეკო ყუფარაძე გვეუბნება, რომ ეს იმ უსამართლობამ გამოიწვია, რაც მათ საკუთარი თვალით ნახეს და რისი შეცვლის სურვილიც ამოძრავებთ.

რა უნდა მოხდეს, რომ პატიმრებს - განსაკუთრებით კი არასრულწლოვანებს - არ წაერთვათ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება? გამოსავალი, დიმიტრი ლორთქიფანიძის აზრით, შესაძლოა, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება იყოს და ამ გზით შევიდეს კანონში ცვლილება. ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ ყველას, ვინც სტუდენტი გახდება, ცხადია, ვერ შეიწყალებენ, მაგრამ არავის აქვს უფლება მათ ციხიდან სწავლა, თუნდაც ონლაინ რეჟიმში ლექციების მოსმენა და მომზადება აუკრძალოს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG