Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები: ციხეებში პატიმრებს სცემეს


ადვოკატები და პატიმართა ოჯახის წევრები ციხეებში პატიმართა ცემის ფაქტებზე საუბრობენ. 19 აგვისტოს ქსნის კოლონიაში ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე პატიმარს და შემდეგ რუსთავის კოლონიაში გადაიყვანეს. გუშინ პრესკონფერენცია გამართა ჯაშუშობაში მსჯავრდებულ ვახტანგ მაისაიას ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ, რომელმაც თავის დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრის ცემის შესახებ ისაუბრა. ციხეებში ვითარების შესასწავლად სახალხო დამცველის წარმომადგენლები შევიდნენ.

ლაშა გეთიაშვილის და ზურაბ ხაჩიძის ადვოკატი ნანა ფილაური თავის დაცვის ქვეშ მყოფ პირთა მონათხრობის მიხედვით ჰყვება, თუ როგორ გაუსწორდნენ 19 აგვისტოს პატიმრებს ფიზიკურად ქსნის ნომერ მე-7 დაწესებულებაში:

”19 აგვისტოს შესულა სპეცრაზმი, - დაახლოებით 100-მდე იყვნენო, ასე მახსოვს, -შესულან ყველა საკანში და სცემდნენ პატიმრებს. ხმები ესმოდათ სხვა პატიმრების ცემის. ბოლოს შევიდნენ მათ საკანში, სადაც იჯდა ლაშა გეთიაშვილი, ზურაბ ხაჩიძე, ვინმე სახვაძე და კიდევ ერთი პატიმარი და სასტიკად და უმოწყალოდ უცემიათ ეს პატიმრები. ერთხელ რომ სცემეს, მერე, 2 საათის შემდეგ, ისევ მიბრუნებულან და ისევ სცემეს”, - ჰყვება ნანა ფილაური. მისივე განცხადებით, ლაშა გეთიაშვილის და ზურაბ ხაჩიძის ცემის მიზეზი ის გახდა, რომ მათი საქმეები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გაგზავნილი:

”ტექსტები ასეთი იყო: თქვე მოღალატეებო, სამშობლოს მოღალატეებო, ხომ არ გგონიათ, რომ სტრასბურგი გიშველით?!”

19 აგვისტოს ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, ადვოკატ ნანა ფილაურის განცხადებით, პატიმრებს დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ, მას პატიმრებთან სატელეფონო საუბრის და მონახულების საშუალება 25 აგვისტოს მისცეს. ამ დროს ლაშა გეთიაშვილს ისევ ეტყობოდა ანგარიშსწორების კვალი, ზურგზე და გულმკერდის არეში დაახლოებით 30 სანტიმეტრის სიგრძეზე ხელკეტით მიყენებული ტრავმის შედეგად სისხლჩაქცევები ჰქონდა.

ნანა ფილაური ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმრებს მხოლოდ ზედაპირული სამედიცინო დათვალიერება ჩაუტარდათ. ახლა ლაშა გეთიაშვილი სამედიცინო ექსპერტიზის მოთხოვნით შიმშილობს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ როგორც ადვოკატი ლაშა გეთიაშვილის დედის მონაყოლზე დაყრდნობით ამბობს, ქსნის მე-7 დაწესებულებიდან რუსთავის მე-6 დაწესებულებაში პატიმარი ისე გადაიყვანეს, რომ ოჯახის წევრებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ და რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრები პატიმარს ვერ პოულობდნენ.

მიუხედევად იმისა, რომ ნანა ფილაურმა 25 აგვისტოს რამდენიმე განცხადება დაწერა, - მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის, ასევე ამავე სახელწოდების დეპარტამენტის სახელზე, - ვერ მიაკვლია, სად წავიდა განცხადება და ვის დაეწერა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა სუხიშვილი კი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს:

”არა მაქვს ინფორმაცია, ნამდვილად არა მაქვს არანაირი ინფორმაცია... 19 აგვისტოს მერე რამდენი დღეა უკვე გასული? 10-ზე მეტი, 12 დღეა გასული და პირველად თქვენ მიკავშირდებით ამ თემასთან დაკავშირებით და ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ ფაქტზე გამოძიება აღიძვრება.”

გუშინ ასევე პატიმრის ცემის გამო პრესკონფერენცია გამართა ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული ვახტანგ მაისაიას ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ. იმის გამო, რომ ვახტანგ მაისაია 14 აგვისტოდან შიმშილობს პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, მას მუდმივად ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებიან გლდანის ნომერ მე-8 საპყრობილის ადმინისტრაციის თანამშრომლები, 24 აგვისტოს კი ციხის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა ვიქტორ ყაჭიშვილმა ვახტანგ მაისაიას ადვოკატის თანდასწრებით სცემა.

ცემის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ვახტანგ მაისაიას მეუღლე ელენე მაღრაძე საუბრობს:

”24 აგვისტოს მასთან შესული იყო ადვოკატი და ადვოკატის ვიზიტის შემდგომ რომ მიჰყავდათ საკანში, ციხის კორიდორში ვიქტორ ყაჭიშვილმა გაუკავა ვახტანგ მაისაიას ორივე ხელი და მთელი ძალით მიანარცხა კედელს და შემდეგ უკვე ძირს დაცემულ მოშიმშილე პატიმარს - შიმშილობის მე-10 დღე იყო მაშინ - მთელი ძალით, უმოწყალოდ ფეხები ურტყა მუცლის არეში. დაზიანებები თვალსაჩინოა და ამას ვერავინ ვერ დამალავს. ცხვირის ძვალი გატეხილი აქვს, არის სისხლჩაქცევები თვალის არეში და რბილ ქსოვილებში.”

ელენე მაღრაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ვახტანგ მაისაიას ადვოკატმა ცემის ფაქტის გამო განცხადებით მიმართა მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას და გამოძიების დაწყება სთხოვა, ვახტანგ მაისაიას მიმართ მუქარა გრძელდება. ის უკვე გადაიყვანეს ცალკე საკანშიც. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა სუხიშვილი კი კატეგორიულად უარყოფს ვახტანგ მაისაიას ცემის ფაქტს.

”რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდნენ და ჩვენ ცალსახად უარვყავით ეს და ნამდვილად აბსურდია”, -ამბობს თეა სუხიშვილი.

ომბუდსმენის წარმომადგენლები დღეს ქსნისა და რუსთავის კოლონიებში ვითარების გასარკვევად არიან შესულები, თუმცა მათთან გასაუბრება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG