Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 მაისი უკანონო პატიმრების სოლიდარობის დღედ გამოცხადდა


მოძრაობამ ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ და რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტისა და შემდეგ უზენაესი სასამართლოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე 21 მაისი უკანონო პატიმრების მიმართ სოლიდარობის დღედ გამოაცხადეს. აქციის მთავარი მოთხოვნა კვლავაც პოლიტიკური და უკანონო პატიმრების უპირობო გათავისუფლება იყო.

მიშას ჯალათი მამუკა ნოზაძე, მიშას მსხვერპლი გურამ პაპუკაშვილი, მიშას ჯალათი მერაბ ჯორბენაძე, მიშას მსხვერპლი ცოტნე გამსახურდია - ასე ენაცვლებოდა ერთმანეთს მსხვერპლისა და ჯალათის ფოტოები, ქვეშ მიწერილი სახელებითა და გვარებით, 25 მეტრი სიგრძის ბანერზე, რომელიც ჯერ პარლამენტის, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს შენობის წინ გამოფინეს აქციის ორგანიზატორებმა. ამ ბანერზე იმ 60 პოლიტპატიმრის სიაც იყო ჩამოწერილი, რომელთა საქმეები, როგორც მოძრაობის ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” დამფუძნებელი ეკა ბესელია აცხადებს, რამდენიმე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ არის შესწავლილი. სწორედ ამ ადამიანების მიმართ სოლიდარობის დღედ გამოაცხადეს 21 მაისი აქციის ორგანიზატორებმა.

ეკა ბესელიას, რომელიც ბოლო დროს აქტიურად გამოდის უკანონო პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, ხელისუფლების უცვლელ პოზიციაზე, რომ საქართველოში ეს პრობლემა არ არსებობს, ასეთი პასუხი აქვს:

ეკა ბესელია
”როგორ მოხდა, რომ საფრანგეთის მთავრობამ პოლიტიკურ დევნილად აღიარა ირაკლი ოქრუაშვილი? ან როგორ მოხდა, რომ ქიბარ ხალვაშის პოლიტიკური დევნა დაადასტურა გერმანიის მთავრობამ? ასევე როგორ მოხდა, რომ იასონ ჩიხლაძის პოლიტიკური დევნის ფაქტი დაადასტურა ჰოლანდიის მთავრობამ? რა პასუხი აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაცია FIDH-ის დასკვნაზე, სადაც პოლიტპატიმრების არსებობის 8 დადასტურებული ფაქტია შესული? ”

მანვე, როგორც სამოქალაქო მოძრაობა „სოლიდარობის“ ლიდერმა, ხელისუფლებას ხუთი მოთხოვნა წაუყენა, რომელთაგან მთავარი უკანონო პატიმრების უპირობო გათავისუფლება და ფართო ამნისტია გახლდათ.

აქციაზე გამოაცხადეს, რომ დღეს საქართველოში პატიმართა რიცხვმა 25 000-ს მიაღწია, რომ მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება, და ყველა პატიმრის ოჯახის წევრებს პროტესტის გამოხატვისაკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილე კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი, ფიქრობს, რომ საქართველოს ავროტირატული რეჟიმი მართავს, რისი ლოგიკური შედეგიცაა ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, წევრი მოძრაობისა „რატომ“, მერაბ ჭიქაშვილი, რომელმაც თავადაც გაატარა გარკვეული დრო წინასწარი დაკავების იზოლატორში, ამბობს, რომ პოლიტპატიმრებისათვის ყველა ასეთი პროტესტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

”ამ ციხეში, იმის გათვალისწინებით, რაც იქ ხდება, დამნაშავეც კი მეცოდება. იქ არის საშინელი პირობები, პატიმრის ყველა უფლება დარღვეულია და იქიდან - თუ ფიზიკურად არა, ფსიქოლოგიურად მაინც - აუცილებლად დეგრადირებული გამოვა ადამიანი.”

ნახევარსაათიანი აქციის შემდეგ დემონსტრანტებმა უზენაესი სასამართლოს წინ გადაინაცვლეს. გამოსვლები ახლა უკვე მოსამართლეებისადმი მიმართვებით გაგრძელდა. აქ სათქმელი ადვოკატთა ასოციაციამაც თქვა. ერთ-ერთმა გამომსვლელმა ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა, თქვა, რომ სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის პოლიციაც საჭიროა, არმიაც, სასამართლოც, ჯალათიც და ციხეც, მაგრამ მათი ფუნქციები არ უნდა აირიოს ერთმანეთში:

”როდესაც ის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს განმსჯელი, ხდება დამსჯელი და ამაში ის ხელფასს იღებს, სწორედ ამიტომ არის გაუბედურებული ჩვენი ქვეყნის საქმე.”

აქციის ბოლოს პოლიტპატიმართა ადვოკატების სოლიდარობის ქარტიას მოეწერა ხელი. ასევე გადაწყდა, რომ შეიქმნება სამეურვეო საბჭო, რომელიც საპყრობილეებში პატიმართა უფლებების დაცვაზე იზრუნებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG