Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინსტიტუციონალიზებული პარტნიორობა


შეხვედრა ევროკავშირის ოფისში, ბრიუსელი
შეხვედრა ევროკავშირის ოფისში, ბრიუსელი
გუშინ ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის მე-10 სხდომა გაიმართა, რომელიც, საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, მინისტრის მოადგილის დონეზე იმართება.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები. აღნიშნულ სხდომაზევე უკვე ოფიციალურად დაარსდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ორი ქვეკომიტეტი. აქედან ერთი ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებზე იმუშავებს, მეორეს მანდატი კი გაცილებით ფართოა - მის კომპეტენციაში დასაქმება და სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, ასევე განათლებისა და ახალგაზრდობის, კულტურის, საინფორმაციო საზოგადოებისა და აუდიოვიზუალური პოლიტიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების და ინოვაციების საკითხები შევა.

ქართული მხრიდან სხდომას თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია. ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რესპუბლიკების საკითხების დირექტორატის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი. ასევე, სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და ევროკომისიის სხვადასხვა გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები.

სხდომაზე ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და "აღმოსავლეთის პარტნიორობის" როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებზე: მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესაძლებლობაზე, სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და მის შემდგომ ეტაპობრივ ლიბერალიზაციაზე, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.
XS
SM
MD
LG