Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზსადენის ფასი


აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია საქართველოს „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ მილსადენში ნახევარ მილიარდამდე დოლარს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს. ამასთან, აზერბაიჯანული წყაროები საკითხის აქამდე უცნობ ერთ დეტალსაც ახმაურებენ. კერძოდ, აზერბაიჯანის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ცენტრის განცხადებით, საქართველოს ”ჩრდილოეთ-სამხრეთის” გაზსადენის გაყიდვა ჯერ კიდევ სამი წლის წინ სურდა, თან საკმაოდ სოლიდურ თანხად - 1 მილიარდ დოლარად, რუსული ”გაზპრომი” კი ამ თანხაზე გაცილებით ნაკლებს სთავაზობდა. ცენტრის შეფასებით, ამ ეტაპზე მილსადენის რეალურ ღირებულებაზე საუბარი რთულია, თუმცა, 1 მილიარდი დოლარი ის არც ღირდა და არც ღირს.

საქართველოს მთავრობაში კი კვლავ კატეგორიულად აუარყოფენ, რომ მაგისტრალური მილსადენი შეიძლება გაიყიდოს. "სახელმწიფო ქონების პრივატიზების" შესახებ ახალ კანონში საპრივატიზაციოდ აკრძალულ ობიექტთა ჩამონათვალში გაზის მაგისტრალური მილსადენი აღარ ფიგურირებს. თუმცა, მთავრობა მის შესაძლო გაყიდვას კვლავ კატეგორიულად უარყოფს. ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, საუბარია მხოლოდ მილსადენის მფლობელი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების 25%-ის ლონდონის ბირჟაზე შესაძლო განთავსებაზე. ამასთან, ეს საკითხი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილიც არ არის.

"სოკარმა" კი საქართველოს მაგისტრალური გაზსადენისადმი ინტერესი კიდევ ერთხელ დაასტურა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტის განცხადებით," სოკარი" საქართველოში ყველა მილსადენის მართვით არის დაინტერესებული. ამასთან, მისი თქმით, კომპანიაში მსჯელობა მიმდინარეობს საქართველოს, რუსეთის და სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით. ამავე დროს, მაგისტრალური გაზსადენებით დაინტერესებას რუსული "გაზპრომი" და ყაზახური "ყაზმუნაიგაზიც" გამოხატავენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG