ფოცხოეწერი ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე სოფელია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. სოფლის ერთ-ერთ უბანში, რომელიც ენგურჰესის სიახლოვეს მდებარეობს, აფხაზეთიდან დევნილები 17 წელია ცხოვრობენ. დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში 10-მდე საცხოვრებელს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. მართალია, კორპუსების ფასადები შეიღება და გალამაზდა, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩაისვა, მაგრამ, როგორც იქ მცხოვრებნი ამბობენ, ოთახები საცხოვრებლად უვარგისია. ამასთან, კორპუსებს უკვე ორ წელზე მეტია ელექტროენერგია არ მიეწოდება. ენერგოკომპანიაში მისულებს კი განუმარტეს, რომ მათ დავალიანება აქვთ დასაფარი. დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს კი, როგორც ცნობილია, დევნილებს სახელმწიფო უხდის.
ფოცხოეწერის დევნილთა დასახლებაში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებით უკმაყოფილოა ლტოლვილთა სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ზუგდიდში ლევან ჯიჭონაია, თუმცა მან რადიო თავისუფლებას სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ კომპანია ”ბლოკ ჯორჯია”, რომელმაც იქ რემონტი გააკეთა, ხარვეზებს უახლოეს დღეებში გამოასწორებს.
”ბლოკ ჯორჯიას” წარმომადგენელი ზუგდიდში შახი ლატარია, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ფოცხოეწერში, ამბობს, რომ კარ-ფანჯრის დეფორმაცია ცხელი ამინდების გამო მოხდა, ბათქაშიც ამიტომ ცვივა.
საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, საყანე და საბოსტნე მიწების, სამუშაო ადგილების გამოყოფის მოთხოვნით, აფხაზეთიდან დევნილები მიმდინარე კვირაში საპროტესტო აქციას გამართავენ ზუგდიდში და პრეზიდენტის რწმუნებულს უამბობენ, რა მძიმე პირობებში უხდებათ ცხოვრება.