Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს ომი ნინო კირთაძის ახალ ფილმში


ნინო კირთაძე
ნინო კირთაძე
ამ ორიოდე დღის წინ გერმანულ-ფრანგულმა ტელეარხმა „არტემ“ მთელი საღამო მიუძღვნა რუსეთ-საქართველოს ორი წლის წინანდელი ომის თემას. ერთ-ერთი ფილმი, რომელიც „არტეს“ თემატურის საღამოს პროგრამის ფარგლებში აჩვენეს, გახლდათ პარიზში მოღვაწე ქართველი დოკუმენტალისტის, ნინო კირთაძის ბოლო ნამუშევარი „ზოგი რამ საქართველოს შესახებ“. აპრილში ეს ფილმი მეორე პრემიით დააჯილდოვეს დოკუმენტური კინოს მეტად ავტორიტეტიან საერთაშორისო ფესტივალზე სახელწოდებით „სინამდვილის ხედვა“. ნინო კირთაძესთან სატელეფონო ინტერვიუ დავით კაკაბაძემ სწორედ ამ ფესტივალზე საუბრით დაიწყო - სთხოვა მის ლაურეატს, კინოფორუმის ფორმატსა და სპეციფიკაზე მოეთხრო.

ნინო კირთაძე: ფესტივალი „Visions du reel“ დაახლოებით ოცი წელია, არსებობს. ის დაარსდა მაშინ, როცა მიხვდნენ, რომ მხატვრულმა კინომ დოკუმენტური კონოს მეთოდების გამოყენება დაიწყო. ეს ფესტივალი ჩამოყალიბდა იმისთვის, რომ ყველა საშუალებას, რაც კი მხატვრულ კინოში არსებობს, გზა მიეცეს და ადგილი მიეჩინოს დოკუმენტურ კინოში. ამიტომ ჰქვია ასე - „სინამდვილის ხედვა“. აქ ძალიან ბევრი ტიპის და ყაიდის ფილმია წარმოდგენილი. ყველა დოკუმენტურია, მაგრამ ისინი მხატვრულ მეთოდებს იყენებენ, ბევრია ექსპერიმენტული ფილმი. ეს ყველაფერი დამკვიდრდა და ახლა უკვე დოკუმენტური კინოს ნაწილია.

რადიო თავისუფლება: მე საშუალება მქონდა, „არტეზე“ მენახა შენი ფილმი და დამაინტერესა, როდის დაიწყე მისი გადაღება. იქ არის ომამდელი სცენებიც და უშუალოდ ომის დღეებში გადაღებული კადრებიც. მაყურებელს ბუნებრივად უჩნდება კითხვა: ფილმზე მუშაობა ჯერ კიდევ აგვისტომდე გქონდა დაწყებული? ანუ, რაღაც სხვა კონცეფცია იყო და მერე ომმა შეგიცვალა?
კადრი ფილმიდან "ზოგი რამ საქართველოს შესახებ"

ნინო კირთაძე: ჰო, ეს ძალიან უცნაური ამბავი იყო: ეს იდეა 2007 წლის ნოემბრის ბოლოს გამიჩნდა. რაღაცები ხდებოდა საქართველოში ისეთი, რამაც მაფიქრებინა, რომ, დრამატული თვალსაზრისით, ეს სივრცე ძალიან საინტერესო ხდებოდა...

რადიო თავისუფლება: კერძოდ, ის დემონსტრაციები, ნოემბრის დემონსტრაციები, რომლებიც ხელისუფლებამ დაშალა...

ნინო კირთაძე: ჰო, ეგ იყო. ისიც, თუ როგორ გახმოვანდა ეს ყველაფერი რუსულ პრესაში, რა რეაქციები მოჰყვა... დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები და მაშინ ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა ფილმი იმაზე, როგორ ცდილობს რაღაც ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოსვლას. აი, ისე, კომუნალური ბინა რომ გაქვს და უცებ მისი გადაკეთება გადაწყვიტო. თანაც, იგივე მასალა გამოიყენო იმიტომ, რომ სხვა საშუალება არა გაქვს. გინდა, რომ გააკეთო სერიოზული, ევროპული რემონტი. და რა ხდება ამ დროს? აქ რაღაც დაინგრევა, იქ რაღაცას გადააადგილებ, სადღაც რაღაც შეგეშლება, სადღაც დროს ვერ გათვლი. ვფიქრობდი, რომ ამ ტიპის ფილმი გამოვიდოდა. დავიწყებდი 2008 წლის დასაწყისში - რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებით. „არტეს“ ამაზე პირველად რომ ველაპარაკეთ, თქვეს, წადი, წადი, გადაიღეო. სასწრაფოდ უნდა წავსულიყავით ჯერ მოლაპარაკებებზე, სასწრაფოდ უნდა ჩამოსულიყო ჯგუფი. პირველი გადაღება იყო 31 დეკემბრის ღამე. 2008 წლის 1 იანვრიდან 12 დღის მანძილზე ვიღებდით და ვიფიქრეთ, რომ სადღაც გაზაფხულზე ან ზაფხულში გავაგრძელებთ - იმ იმედით, რომ, რაღაც თვალსაზრისით, ეს წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. რასაკვირველია, თავში არ მომსვლია, რომ ომი შეიძლებოდა დაწყებულიყო. ომი რომ დაიწყო, პარიზში ვიყავი. ნამდვილი შოკი იყო! დაიკეტა ყველა გზა, მოისპო წასვლის ყველა საშუალება. „არტეს“ ვუთხარი, საქართველოში რაღაცნაირად უნდა წავიდე-მეთქი. ლაპარაკი ზედმეტი იყო იმაზე, რომ ჯგუფი წამომყოლოდა ან რაიმე სახის დაზღვევა გვქონოდა. მარტო მომიწია წასვლა. არადა, ოპერატორი არა ვარ! ერთ დღეში რაც გამაგებინეს - გავიგე. რა უნდა მექნა?! წავიღე პატარა კამერა და დაახლოებით 10 აგვისტოდან სექტემბრის პირველ რიცხვებამდე საქართველოში ვიყავი.

რადიო თავისუფლება: ნინო, შენ მოგეცა საშუალება, - და, შეიძლება ითქვას, ეს საკმაოდ იშვიათი პრივილეგიაა - უშუალოდ გედევნებინა თვალი იმისათვის, თუ რა ხდებოდა იმ დღეებში პრეზიდენტის ოფისში. ფილმში არის კადრები, სადაც შენ პრეზიდენტთან ერთად მანქანით მგზავრობ, ვთქვათ, გორისკენ თუ გორიდან - ზუსტად არ ვიცი მარშრუტები, უბრალოდ, იმით ვხვდები, ფონზე რა შენობები ჩანს. გარდა ამისა, შენ ესწრებოდი სააკაშვილის რამდენიმე არაფორმალურ საუბარს თავის უახლოეს წრესთან, მრჩევლებთან; გადაიღე ის, თუ როგორ იზეპირებს თავის სიტყვას, რომლითაც საზოგადოების წინაშე ან პრესკონფერენციაზე უნდა გამოვიდეს და ასე შემდეგ. ის, რაც შენ გადაიღე - სააკაშვილი, რომელიც ფილმში აჩვენე, ძალიან ხშირად სასოწარკვეთილია, სუსტია. ერთგან თვალზე ცრემლიც ადგება... ცხადია, პრეზიდენტიც შეიძლება სუსტი იყოს, რაღაც მომენტებში - სენტიმენტალურიც და შეიძლება ცრემლიც წამოუვიდეს. მაგრამ ჩვენი ვებსაიტის ერთმა მკითხველმა, რომელმაც შენი ფილმი ნახა, ასეთი კომენტარი გამოგვიგზავნა: როგორც ჩანს, კირთაძეს სააკაშვილის მხარდამჭერი ფილმის გადაღება უნდოდა და პირიქით გამოუვიდაო: გვაჩვენა პრეზიდენტი, რომელმაც საერთოდ არ იცის, რა გააკეთოს, სრულიად დაბნეულიაო. მოკლედ, იმის საწინააღმდეგო გამოუვიდა, რაც ჩაფიქრებული ჰქონდაო... მართლა ასეა?
ჩემი მიზანი იყო, ხელისუფლებაში მეჩვენებინა ჯერ ადამიანები და მხოლოდ ამის მერე - ფუნქცია.

ნინო კირთაძე: ძალიან ცოტა არსებობს ფილმი, სადაც ნაჩვენებია, რა ხდება მთავრობაში იმ მომენტში, როცა ქვეყანა რაღაც უბედურებაშია გახვეული. ჩემი მთავარი მიზანიც ის იყო, რომ ხელისუფლება მეჩვენებინა არა ისე, როგორც ის აჩვენებს თავს, ან როგორც მიღებულია მისი დანახვა, არამედ ის ადამიანური ასპექტი ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში, როდესაც ადამიანები ჯერ ადამიანები არიან და მხოლოდ ამის მერე - ფუნქცია.

რადიო თავისუფლება: როგორი იყო პრეზიდენტის რეაქცია, როცა მზა პროდუქცია უჩვენე?

ნინო კირთაძე: ფილმი რომ დამთავრდა და ფესტივალმა თავის პროგრამაში მისი ჩართვა გადაწყვიტა, სასწრაფოდ დავადეთ ტიტრები და წავედი ნიონში. თან ვფიქრობ, ხომ შეიძლება, სააკაშვილის გარემოცვიდან უცებ ვიღაცამ დაგირეკოს და გითხრას, ფილმი მაჩვენეო. უარს ხომ ვერ ეტყვი?! საფრანგეთში, მაგალითად, მიღებული პრაქტიკაა: როცა საჯარო პირს იღებ, ხუთი ასისტენტი დაგადგება თავზე და გეუბნება, აბა, ერთი, მაჩვენე, რა გამოვიდაო. მერე შეიძლება გითხრას, ეს არ არის კარგი მისი იმიჯისთვის, ეს კარგიაო და ა.შ. არაფერი მსგავსი ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ფესტივალზე ფილმი ისე ვაჩვენე, რომ სააკაშვილს ის ნანახი არ ჰქონდა. მერე ჩავედი თბილისში. მითხრეს, პრეზიდენტი ჩვენებაზე ვერ მოვაო. მერე გავიგე, რომ მოვიდოდა. ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო იყო! არ არის ადვილი, მიხვიდე დარბაზში და ეკრანზე შენს თავს უყურო.

რადიო თავისუფლება: ფილმის ნახვის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შენ მსაჯულად არ გამოდიხარ, არ ადანაშაულებ თუნდაც იმავე რუსეთს. ირიბად, რა თქმა უნდა, ადანაშაულებ: ქართველი ხარ და სხვანაირად ვერც იქნებოდა - შენი პოზიცია ჩანს... მაგრამ შენ უფრო მეტად, თუ შეიძლება ითქვას, ევროპას უცხადებ პრეტენზიას. ევროპას, რომელმაც საქართველო მიატოვა...
კადრი ფილმიდან "ზოგი რამ საქართველოს შესახებ"

ნინო კირთაძე: აბსოლუტურად მართალი ხარ! მე ვთვლიდი, რომ ის კურსი, რომელიც საქართველომ აიღო ევროპისა და ამერიკის დახმარებით, ნიშნავდა, რომ რუსეთთან, ადრე თუ გვიან, დიდი პრობლემები შეგვექმნებოდა. იმიტომ, რომ დღევანდელი რუსეთის პოლიტიკური ხაზი არის იმ ძველი გავლენის სფეროების დაბრუნება, რაც მას უწინ ჰქონდა და დაკარგა ელცინის პერიოდში. პუტინის მოსვლის შემდეგ ეს იყო აშკარა პრიორიტეტი: რუსეთს დაბრუნებოდა ის სიძლიერე, რომელიც არსებობდა იმპერიულ რუსეთში, არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს, და რომელიც დღეს შელახულია. ასე რომ, ჩემთვის აშკარა იყო, რომ ეს კონფრონტაცია მოხდებოდა. მერე რაც ხდებოდა, შენ ჩემზე უკეთ იცი. ეს ამბები დაიწყო 2000 წელს, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს: ხან ის დაიბომბებოდა, ხან - ეს; ხან „შემთხვევით“ მთაში ჩამოაგდებდნენ ბომბს, ხან - ბარში. აღარ გათავდა! თან ეს, პრინციპში, ყველამ იცოდა, მაგრამ საერთაშორისო რეაქცია ამას არ მოჰყოლია... საბოლოოდ კი მოხდა, რაც მოხდა. ან ის პოზიცია გაიხსენე, რომელიც ევროპამ მერე დაიკავა. სექტემბრის დასაწყისზე ვლაპარაკობ, როცა უნდა გადაეწყვიტათ, მიიღებენ სანქციებს თუ არ მიიღებენ. დღევანდელ სამყაროში იდიოტი უნდა იყო, რომ მოსთხოვო რომელიმე ქვეყანას, სამხედრო კონფრონტაციაში ჩაერიოს, მაგრამ ლაპარაკია სულ პატარა სანქციებზე, რომლებმაც საბოლოოდ ისევ იმას უნდა შეუწყოს ხელი, რომ სილა არ გაეწნათ ევროპული ღირებულებებისთვის. ამაზეც უარი თქვეს! როგორ შეიძლება, რუსეთს ხომ არ გადავიკიდებთო?! თუ არ გინდა ამ რუსეთის გადაკიდება, მაშინ თქვი და ამ უბედურ პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც ნუღარ ასულელებ! შენი იმედი თუ არ ექნათ, იქნებ სხვანაირად მოიქცნენ... აი, ეს პრეტენზია მაქვს ევროპასთან.

რადიო თავისუფლება: შენს ფილმს პესიმისტური ფინალი აქვს. და ფილმის მსვლელობაშიც იგრძნობა შენი პესიმიზმი. ის ორი ხაზი, რომელიც ფილმს გასდევს - ერთი მხრივ, უბრალო მოსახლეობა და მეორე მხრივ, პრეზიდენტი და ხელისუფლება - ამ ორ ხაზს შორისაც ბევრი საერთო დავინახე: საქართველოს რიგითი მოქალაქეებიც და ქვეყნის ხელმძღვანელობაც სასოწარკვეთილი არიან, პრაქტიკულად, მინდობილი არიან ბედს. სადაც მოსახლეობას აჩვენებ, ვფიქრობ, სწორედ იქ იყენებ მხატვრული ხერხებს, რომლებზეც დასაწყისში ილაპარაკე. ამ ანონიმურ მოსახლეობას შენ აჩვენებ გარედან, ფანჯრებიდან, სახლებსა და ბინებში შეუსვლელად. ჩვენ ვხედავთ, როგორ უყურებენ ისინი ტელევიზორს, როგორ უზიარებენ ერთმანეთს ემოციებს; ვიღაც ქალი გაოგნებული ამბობს: რა უნდა ამ რუსეთს ბოლოს და ბოლოს - გაუწევ წინააღმდეგობას - გადაგივლის, არ გაუწევ - გადმოგივლისო. აი, ეს პესიმიზმი თუ სასოწარკვეთილება მთელ ფილმს გაჰყვება და მას ფინალიც ასეთივე აქვს. როგორც ჩანს, არ ელი, რომ ამ ყველაფრისადმი ევროპის დამოკიდებულება შეიცვლება.
როგორ შეიძლება, თავი მოგქონდეს ევროპელობით, როცა ხედავ, რომ ევროპული ფასეულობები ფეხქვეშ ითელება?!

ნინო კირთაძე: სამწუხაროდ, ასეა - არ ველი. რა უნდა ქნა? თბილისიდან ორმოც კილომეტრში, ახალგორთან, დღესაც რუსეთის ჯარი დგას. კი, ბატონო, ვთქვათ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა საიმისოდ, რომ ევროპას ეკონომიკური ინტერესი ჰქონდეს. მაგრამ არ ვიცი, როგორ შეიძლება, თავი მოგქონდეს ევროპელობით, როცა ხედავ, რომ ნებისმიერი შენი ფასეულობა, რაზეც აშენდა ევროპა, რასაც ეს ყველაფერი ემყარება, ფეხქვეშ ითელება? იქნება ეს საზღვრების ხელშეუხებლობა, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპები, ცივი ომის დამთავრების შემდეგ შექმნილი ამდენი ორგანიზაცია - ევროპის საბჭო, ევროკავშირი - თუ სხვა. მაშინ რა საჭიროა ეს ყველაფერი? ეს კიდევ იმიტომ მაწუხებს, რომ ჩეჩნეთი მახსენდება. თავის დროზე, შენც იცი, ჩეჩნეთში ვმუშაობდი და ფილმიც გადავიღე. ჩეჩნეთში მეორე ომი რომ დაიწყო და დამთავრდა, ამდენი ხალხი გაიჟლიტა, პუტინი პარიზში ჩამოვიდა და საფრანგეთის მთავრობამ ის ღირსების ორდენით დააჯილდოვა! არ მესმის ეს და რა ვქნა?..
XS
SM
MD
LG