Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ ატანასიო: კონსტიტუციის დაცვისთვის მთავარი პირობა საზოგადოების განათლებაა


პროფესორი ჯონ ატანასიო
პროფესორი ჯონ ატანასიო
რამდენიმე დღის წინ ჩვენი რადიოს პრაღის შტაბბინას ეწვია კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი, ტეხასის შტატის Southern Methodist University-ს დედმენის სამართლის სკოლის პროფესორი, ჯონ ატანასიო, რომლის ვიწრო სპეციალიზაცია გარდამავალი პოლიტიკური წყობის ქვეყნების საკონსტიტუციო პროცესია. საქართველო, მოგეხსენებათ, მორიგი საკონსტიტუციო ცვლილებების მოლოდინშია და, ამდენად, კონსტიტუციური სამართლის ექსპერტის მოსაზრებები აქტუალურად ჩავთვალეთ.

რადიო თავისუფლება: კონსტიტუცია, ყველაზე ზოგადი განსაზღვრებით, მთავარი დოკუმენტია, რომელიც აცხადებს, როგორ უნდა იმუშაოს სახელმწიფომ, როგორ უნდა განაწილდეს უფლებამოსილებები ხელისუფლების სხვადასხვა შტოზე, რა სახის შეზღუდვები უნდა დაუწესდეს ამა თუ იმ ლიდერსა თუ ინსტიტუტს. მაგრამ რა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ კონსტიტუციაში გაწერილ წესებს მართლაც დაიცავენ? რა მექანიზმი არსებობს ამის უზრუნველსაყოფად?

ჯონ ატანასიო: მოგახსენებთ. სწორედ ამ მიზნით არის, რომ ბევრ ქვეყანაში მოქმედებს სასამართლო შემოწმება, რომელიც თავის დროზე აშშ-მა შემოიღო. კონსტიტუციის დაცვის საშუალება აქვს სასამართლოს, მას შეუძლია გააბათილოს პარლამენტის, აღმასრულებელი პირის - მინისტრის, ანდა, სულაც, პრეზიდენტის - ქმედება, თუ ჩათვლის, რომ ეს ქმედება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ზოგადად რომ ვთქვათ, იმ ქვეყნების უმრავლესობაში, რომლებსაც დაწერილი კონსტიტუცია აქვთ, მისი დაცვის მთავარი მექანიზმი სასამართლოა.

მაგრამ ეს თქვენს შეკითხვაზე პასუხის მხოლოდ ერთი ნაწილია. ავიღოთ ქვეყნები, რომლებიც კანონის უზენაესობის განვითარების პროცესში არიან და, ამასთან, ყოველთვის არ წარმოადგენენ დემოკრატიას. საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც კანონის უზენაესობის დამყარებას, როგორც წესი, იურიდიული სისტემის განვითარებით ცდილობენ - კონფლიქტების გადაჭრის სისტემით. ინგლისი, მაგალითად, დემოკრატიად ქცევამდე ბევრად უფრო ადრე იყო კანონის უზენაესობაზე დამყარებული საზოგადოება. აშშ-ზეც იგივე ითქმის. მთავარი, რაც კანონის უზენაესობის დამყარების პროცესში მყოფ ქვეყნებს აკლიათ, როგორც წესი, განათლებაა. კონსტიტუციის დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმიც სწორედ ეს არის - განათლება.

რადიო თავისუფლება: ვისი განათლება? საზოგადოების? პოლიტიკოსების?

ჯონ ატანასიო: ორივე მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი მაინც საზოგადოების განათლებაა. როდესაც სასამართლოები ამა თუ იმ პოზიციაზე დგებიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ზურგს უმაგრებდეს საზოგადოების მხარდაჭერა. ტექნიკური თვალსაზრისით, სასამართლოებს, შესაძლოა, ეს არ ესაჭიროებოდეთ, მაგრამ თუ საზოგადოებას სასამართლოს ესა თუ ის გადაწყვეტილება არ ესმის, მის იგნორირებას ახდენს ან ის არასწორად მიაჩნია, მაშინ პოლიტიკოსებს საშუალება ეძლევათ, ეს გადაწყვეტილება უგულებელყონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის მათ მაინცდამაინც არ აძლევს ხელს. საკონსტიტუციო იდეების შესახებ საზოგადოება საკმარისად უნდა იყოს ინფორმირებული, რათა ესმოდეს, რატომ არის მნიშვნელოვანი კონსტიტუციის ქონა, სასამართლოს გადაწყვეტილების დაცვა და ასე შემდეგ. სწორედ ამის გამო არის განათლების საკითხი ძალიან საყურადღებო. განათლება სხვა თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია - უფრო რთული და მაღალი დონის განათლება, რომელიც იმ პირებს უნდა მიეცეთ, ვინც უშუალოდ არის ჩართული იუსტიციის სისტემაში.

რადიო თავისუფლება: მაგრამ კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხებით ფართო საზოგადოების დაინტერესება ძნელია. ეს თეორიული და რთული სფეროა, რომლის გაგებაც სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს. საზოგადოებას, ზოგადად, ალბათ ვერც მოვთხოვთ ამ საკითხებით დაინტერესებას...

ჯო ატანასიო: დიახ, ასეა. თუმცა, საზოგადოების დაინტერესება კონკრეტული საქმეების გზით არის შესაძლებელი. კონსტიტუციასთან დაკავშირებული თეორიული საკითხები ცალკეულ, კონკრეტულ საქმეებს უკავშირდება ხოლმე - ეს მოწიფული დემოკრატიის ქვეყნებშიც ასეა. ზოგადი კონცეფციები, შესაძლოა, საზოგადოებას დიდად მართლაც არ აინტერესებდეს, მაგრამ ამას ყველა სიტუაციაზე ვერ ვიტყვით. მაგალითისთვის ავიღოთ იარაღის კონტროლის შესახებ აშშ-ში მიმდინარე დისკუსია - უნდა იყოს თუ არა ასეთი შემოწმება? კონსტიტუციურია თუ არა ეს? და ა.შ. ეს საკითხი საზოგადოების დიდ ნაწილს ძალიანაც აინტერესებს. მაგრამ მაშინაც კი, როცა საზოგადოება დიდ დაინტერესებას არ ავლენს, კონკრეტული საქმის გაცნობის შემდეგ მას ხშირად უჩნდება ინტერესი. სპეციფიკური საქმის მიმართ აღძრული ინტერესი კი ზოგადი იდეით დაინტერესებასაც იწვევს.

რადიო თავისუფლება: ვინ უნდა გაანათლოს საზოგადოება ამ საკითხებში? მედიამ? მთავრობამ? პოლიტიკოსებმა?

ჯონ ატანასიო: როგორც წესი, მედიამ. ამ პროცესში დადებითი და მნიშვნელოვანი როლის შესრულება მთავრობასაც შეუძლია, მაგრამ მთავარი, ჩემი აზრით, მაინც მედიაა.

რადიო თავისუფლება: ეს ალბათ მაშინ, როცა საქმე განვითარებულ დემოკრატიებთან გვაქვს. თუმცა, როგორც იცით, ბევრ ქვეყანაში - მათ შორის, პოსტსაბჭოთა რეგიონის ბევრ სახელმწიფოში - მედია მთავრობის მხრიდან იზღუდება და მის სამსახურში უწევს დგომა. ასეთ დროს მედია სწორედ იმას ამბობს, რაც ხელისუფლებას აძლევს ხელს.

ჯონ ატანასიო: დიახ, ასეა. თუმცა აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასეთი ქცევა ხშირად მთავრობისთვისთვე მთავრდება ცუდად. როცა ხალხმა იცის, რომ მთავრობა მედიას აკონტროლებს, ამას მთავრობისთვის არანაირი ხეირი არ მოაქვს - ან თუ მოაქვს, ძალიან მცირე. ასეთ დროს ხალხი ორი გზიდან ერთ-ერთს ირჩევს: მედიას იგნორირებას უწევს, ცინიკური ხდება და მთავრობასაც უგულებელყოფს - თუ შესაძლებლობა მიეცემა, ცდილობს, მას არ დაემორჩილოს, ან კი, უბრალოდ, სხვა მედიასაშუალებებს მიმართავს - რადიო თავისუფლება ამის კარგი მაგალითია. ამდენად, ხშირად მედიისთვის თავისუფლების მიცემა - მისი კონტროლის მცდელობისგან თავის შეკავება - საკუთრივ მთავრობისთვისთვეა კარგი. თავისუფალი მედიის პირობებში მთავრობის წევრების მიმართ მეტი ნდობა ჩნდება.

რადიო თავისუფლება: კონსტიტუციის საკითხს რომ დავუბრუნდეთ - რა შეგვიძლია ვთქვათ ქვეყნებზე, რომლებსაც კონსტიტუციაში ხშირად შეაქვთ მნიშვნელოვანი ცვლილებები? საუბარია საკონსტიტუციო მოდელზე, ძალაუფლების დანაწილებაზე - რამდენად ნორმალურია, რომ ასეთი საკითხები რამდენიმე წელიწადში ერთხელ იცვლება?

ჯონ ატანასიო: ეს შეიძლება ნორმალური იყოს. ახლა არ მინდა იმ ქვეყნების დასახელება, რომლებზეც ყველას კარგი აზრი აქვს და რომლებმაც ბევრჯერ შეცვალეს კონსტიტუცია. მოდით, ასე ვთქვათ: მართალია, აშშ-ის ისტორიის მანძილზე კონსტიტუციაში მხოლოდ 27 შესწორებაა შესული - მათგან ათი პირველივე ეტაპზე, „უფლებათა კანონის“ სახით [Bill of Rights - კანონი ქვეშევრდომთა უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ], მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ჩვენი ორასწლოვანი საკონსტიტუციო ისტორიის მანძილზე აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ კონსტიტუციის ინტერპრეტაცია მნიშვნელოვნად შეცვალა. მაგალითად, 100-150 წლის წინ რელიგიისა და პრესის თავისუფლებას, ძირითადად, მხოლოდ კონგრესი იცავდა. ბევრად უფრო ფართოდ იყო დაცული ბიზნესის წარმოება, მთავრობის მხრიდან დაწესებული რეგულაციების გარეშე, და ასე შემდეგ [თუმცა, შემდეგ უზენაესმა სასამართლომ ყველა შტატზე თუ ადგილობრივ მთავრობაზე განავრცო რელიგიის, პრესისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მოვალეობა]. მოკლედ რომ ვთქვათ, ამერიკის საკონსტიტუციო სისტემა ძალიან სტაბილურია, თუმცა, მანაც განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები. უბრალოდ, ეს ცვლილებები ძალიან თვალშისაცემი არ არის. მაგრამ სასამართლოები გადაწყვეტილებებს იღებენ და დოკუმენტების ინტერპრეტაციას ახდენენ.

რადიო თავისუფლება: მაგრამ ეს ცვლილებები შესწორებებს არ წარმოადგენს.

ჯონ ატანასიო: დიახ, შესწორებები არ არის, თუმცა, შესაძლოა, მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები იყოს. შეჯამების სახით ამას ვიტყოდი: ალბათ, აჯობებდა, კონსტიტუციაში ნაკლები შესწორება შედიოდეს, მაგრამ ყველაფერზე მნიშვნელოვანია ისეთი [პოლიტიკური] სისტემის ქონა, რომელიც მაქსიმალურად სამართლიანი და სწორი იქნება და ხალხის საწუხარსა თუ შეშფოთებას ისეთი ფორმით უპასუხებს, რომელსაც ადამიანები სამართლიანად ჩათვლიან. თუ მოცემული საკონსტიტუციო სტრუქტურა ამ სიკეთეებს თუ ფასეულობებს არ აკმაყოფილებს, მაშინ მასში შესწორებები უნდა შევიდეს, რათა ის ამ მიმართულებით შეიცვალოს. თუმცა, რასაკვირველია, საკონსტიტუციო სისტემაში სტაბილურობის გარკვეული დონის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

რადიო თავისუფლება: თუ არსებობს რაიმე გზა ან მეთოდი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ესა თუ ის ინიცირებული შესწორება კონკრეტული პოლიტიკოსების ინტერესებზე არ არის მორგებული? საქართველოში, მაგალითად, ახლა კონსტიტუციაში მორიგი ცვლილებები შედის და ბევრი ოპონენტი პრეზიდენტ სააკაშვილს სწორედ ამაში სდებს ბრალს. ისინი იხსენებენ, რომ ვარდების რევოლუციით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ მაშინვე შეცვალა კონსტიტუცია და პრეზიდენტის უფლებამოსილება გააფართოვა. ახლა კი, როცა მას მეორე ვადაც ეწურება, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების გაზრდა იგეგმება პრეზიდენტის ძალაუფლების შეკვეცის ხარჯზე. ოპონენტები თვლიან, რომ სააკაშვილი სწორედ პრემიერ-მინისტრის პოსტს უმიზნებს. თავად ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციური მოდელი უაღრესად დემოკრატიული და გახსნილი იქნება. ცხადია, რთულია იმის გარკვევა, თუ რა ხდება სინამდვილეში, და საქართველოში მიმდინარე პროცესების კომენტირებას არ გთხოვთ. უბრალოდ, იქნებ გვითხრათ, რა მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ პოლიტიკოსებმა, რომლებიც სათავეში უდგანან მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყნებს, სადაც კანონის უზენაესობა ჯერ არ არის დამყარებული, კონსტიტუცია სათავისოდ არ მოირგონ?

ჯონ ატანასიო: ეს ადვილი საკითხი არ არის. სწორედ ამის გამო ვლაპარაკობდი საზოგადოების განათლების მნიშვნელობაზე - თუმცა განათლება გრძელვადიანი პროცესია. ამის უზრუნველსაყოფად იოლი მექანიზმები არ არსებობს. კი ბატონო, შეგვიძლია ვიძახოთ, რომ ასეთ საკითებს პრესა უნდა აშუქებდეს, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში ამას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. იქ ჟურნალისტს დიდი გაბედულება მოეთხოვება ამგვარი ფაქტების გასაშუქებლად. მოკლედ რომ გითხრათ, ეს ძალიან მწვავე შეკითხვაა, რომელსაც იოლი პასუხი არ აქვს.

საკონსტიტუციო სტრუქტურა ძალიან ჰგავს შენობას. თუ შენობას გარკვეულ დონემდე მიიყვან, მისი დასრულება ბევრად ადვილი ხდება. მაგალითისთვის ავიღოთ აშშ. მსგავსი რამ იქ რომ მოხდეს, ამას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება პოლიტიკოსისთვის. მას სასამართლოებში შეექმნება პრობლემები; მედია ასეთ ამბავს უდიდესი ენთუზიაზმით გააშუქებს. ამდენად, პოლიტიკოსები ასეთი ნაბიჯის გადადგმას სიფრთხილით მოეკიდებიან. მე არ ვამბობ, რომ აშშ-ში სირთულეები არ არის - რასაკვირველია, არის. პოლიტიკოსებს განვითარებულ დემოკრატიაშიც ბევრი ცდუნება ხვდებათ. მაგრამ რაც უფრო ნაკლებია ასეთი მექანიზმი და რაც უფრო ნაკლებად არის განათლებული საზოგადოება, მით უფრო მეტად რთულდება [პოლიტიკოსების] ამგვარი ქცევის კონტროლი.

რადიო თავისუფლება: საუბრის ბოლოს ასეთი რამ მინდა გკითხოთ: თქვენი აზრით, რა უბიძგებს ავტორიტარულ ქვეყნებში მოქმედ პოლიტიკოსებს კონსტიტუციის განხილვის ან მისი შეცვლისკენ? მათ ხომ ისედაც შეუძლიათ, ყველაფერი გააკეთონ, რაც მოესურვებათ. ზოგიერთი სწორედ ასე იქცევა - უზბეკეთის პრეზიდენტმა, მაგალითად, კონსტიტუციის სრული უგულებელყოფით, მესამე ვადით იყარა კენჭი. მაგრამ სხვა რეპრესიულ ქვეყნებში - მაგალითად, თურქმენეთში - 2008 წელს კონსტიტუცია მნიშვნელოვნად შეცვალეს. რუსეთშიც შეიცვალა კონსტიტუცია - პრეზიდენტობის ვადა ოთხიდან ექვს წლამდე გაიზარდა და ბევრი თვლის, რომ ამით ვლადიმირ პუტინი ემზადება პრეზიდენტის პოსტზე დასაბრუნებლად. რაში სჭირდებათ ავტორიტარულ ლიდერებს საკონსტიტუციო ცვლილებების მოხდენა?

ჯონ ატანასიო: ნაწილობრივ, იმისთვის, რომ მათ საერთაშორისო ასპარეზზე უწევთ მოქმედება. კონსტიტუციები ლეგიტიმურობას უწყობს ხელს - მთავრობების ლეგიტიმურად აღქმას. ლეგიტიმურობას კი პატივისცემა მოაქვს საერთაშორისო ასპარეზზე და, გარკვეულწილად, შიდაპოლიტიკური თვალსაზრისითაც. ალბათ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. თუმცა, დარწმუნებული არა ვარ, რომ პოლიტიკოსების მოტივაცია მხოლოდ ამით აიხსნება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG