Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადებული ინვესტიციები


ინვესტიციების კლების გამო საქართველო კვლავ რეცესიის საფრთხის წინაშე დგას - მიიჩნევს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ბანკის შეფასებით, ქვეყანა მთლიანად საერთაშორისო დონორების დახმარებაზეა დამოკიდებული და საინვესტიციო შიმშილს განიცდის.

გამოკვეთილი საფრთხეებიდან კვლავ აქტუალურია მზარდი სავაჭრო დეფიციტის ფაქტორი. ოფიციალური ინფორმაციით, 2010 წლის პირველ ნახევარში საქართველოში იმპორტი ექსპორტზე 3-ჯერ მეტია. სერიოზულ პრობლემად რჩება ანონსირებული მსხვილი პროექტების შეფერხებაც.

მაგალითად, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნა, მაისიდან მოყოლებული, უკვე რამდენჯერმე გადაიდო. ივნისში „რაკია ჯორჯია ჰოლდინგში“ აცხადებდნენ, რომ ფოთის თიზი 17 ივლისს უნდა გახსნილიყო, თუმცა მისი გახსნა უკვე სექტემბრამდე გადაიდო.

ფოთის თიზ-ის ოფიციალური გახსნის გადადების ერთ-ერთი მიზეზი, ისევე როგორც წინა თვეებში, ამჟამადაც კომპანიების სიმცირე უნდა იყოს, რომლებიც ზონაში შესვლით დაინტერესდებიან. ოფიციალური ინფორმაციით, დღეისთვის ფოთის თიზ-ში კვლავ მხოლოდ ერთი კომპანია - „თბილცემენტი“ მუშაობს. „რაკია ჯორჯია ჰოლდინგის“ მარკეტინგის სამსახურის განცხადებით, ფოთის თიზ-ით 100-150 კომპანიაა დაინტერესებული, მაგრამ მისივე თქმით, ზონაში დარეგისტრირებული კომპანიების რიცხვი არ გაზრდილა და მათი რაოდენობა კვლავ 22-ს შეადგენს.

თიზ-ში უკვე რეგისტრირებულია „არაი თუმოროუ“, სამხრეთ-კორეული „ელ ჯი“, ასევე სომხური, აზერბაიჯანული, ირანული და თურქული კომპანიები. თუმცა, როგორც ჩანს, ეს კომპანიები ოპერატორის მიერ შეთავაზებული პირობებით კვლავ ვერ მოიხიბლნენ, რადგან ფოთში ინვესტიციების განხორციელებისგან თავს იკავებენ. ხელისუფლება კი ფოთის თიზ-ის გახსნით ადგილობრივ მოსახლეობას 25 ათასი ადამიანის დასაქმებას ჰპირდება.

ფოთის თემაზე საინტერესოა კიდევ ერთი საქმე - პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მომზადებული საკითხი დაუწუნა და კომპანია ”ამერიქენ მონოლითისთვის” მიწის მისაყიდად მინისტრსა და ინვესტორს გარკვეული გარანტია მოსთხოვა. საუბარია "ამერიქენ მონოლითზე", რომლის გამოც საქართველოს პრეზიდენტმა ეკონომიკური განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს გრიგოლ გობეჯიშვილს უსაყვედურა და "გაქსუებული მოხელე" უწოდა.

საბოლოოდ მთავრობა და ვერა ქობალია შეთანხმდნენ იმაზე, რომ თუ "ამერიქენ მონოლითი" ფოთში მიწის შესაძენად რეალურ საფასურს გადაიხდის და დაპირებული 9 მილიონიანი ინვესტიციისთვის მინიმუმ 900 ათასიან გარანტიას წარმოადგენს, მაშინ მთავრობა კომპანიისთვის მიწის მიყიდვის საკითხს დაუბრუნდება.
XS
SM
MD
LG