Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა


ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა პილიტიკა კვლავ გაამკაცრა და მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით - 6,5%-მდე გაზრდის შესახებ. შეგახსენებთ, რომ საპროცენტო განაკვეთის პირველადი ზრდა ერთი თვის წინ 16 ივნისის საგანგებო სხდომაზე მოხდა, როცა განაკვეთი მანამდე არსებული 5%-დან 6,25%-მდე გაიზარდა.

კომიტეტის პროგნოზით, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის გამოჯანსაღების არსებული ტემპების გათვალისწინებით 2010 წელს მშპ-ის ზრდის ტემპის საპროგნოზო მაჩვენებელი 4,6%-ს შეადგენს. ეკონომიკურ ზრდას მიმდინარე წელს ძირითადად ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და საფინანსო სექტორების წინსვლა განაპირობებს.

მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 6%-ის ფარგლებში შენარჩუნდება, თუმცა ინფლაციის ზრდის რისკები მაინც არსებობს.

მიუხედავად მცირე კლებისა, კვლავ მაღალია ფულადი აგრეგატების წლიური ზრდის ტემპი. ფულის მასის ზრდას, ერთი მხრივ, ეკონომიკის ფისკალური სტიმულირება, ხოლო მეორე მხრივ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეკონომიკის დაკრედიტების მზარდი ტემპი განაპირობებს.

ივნისის თვეში გაიზარდა სწრაფი ფულადი გზავნილებით შემოდინებები. თუმცა, ამავდროულად, აღსანიშნავია საბერძნეთიდან, ესპანეთიდან და უკრაინიდან შემოდინებების შემცირების ტენდენცია, რაც ამ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური პრობლემებით აიხსნება.

დღეისთვის არსებული ინფორმაციით, რისკები ეკონომიკის მომავალ დინამიკასთან დაკავშირებით ორივე მხარეს არსებობს. ერთი მხრივ, ფულადი აგრეგატებისა და ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის ტემპები ეკონომიკის გამოცოცხლებაზე მიუთითებს, მეორე მხრივ კი ჯერაც გაურკვეველია უცხოური პირდაპირი ინვესტიციებით კაპიტალის შემოდინების ტემპი.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

საგულისხმოა, რომ პარალელურად საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა განაცხადა, რომ საქართველოს საბანკო სექტორის კრიზისამდელი ზრდა უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის. ბანკების ზრდის სერიოზული ნიშნები იმ მიზეზით არ იკვეთება, რომ მათი მენეჯმენტის უმრავლესობა დღეს გაცილებით მეტ სიფრთხილეს იჩენს, ვიდრე ფინანსურ კრიზისამდე. ამასთან, ბანკები გრძელვადიან კრედიტებს შეზღუდვით გასცემენ.

Fitch Ratings ვარაუდობს, რომ საშუალოვადიან პერიოდში საბანკო სექტორი ნაბიჯ-ნაბიჯ გაიზრდება. ქართული საბანკო სექტორი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისას ჰგავს. ამასთან, ქართულ ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით მაღალია.
XS
SM
MD
LG