Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ბედი


გენურად მოდიფიცირებული სიმინდი
გენურად მოდიფიცირებული სიმინდი
„ახალი ევროპის“ დღევანდელ გამოშვებაში მოგითხრობთ ევროპის კომისიის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გენურად მანიპულირებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ეხება. ამ ახალი ზომის თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საშუალება მიეცემათ თავად გადაწყვიტონ აკრძალონ თუ დაუშვან ამგვარი სახეობების კულტივაცია.

ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ სამშაბათს დაამტკიცა წინადადება, რომელიც კავშირის წევრ ქვეყნებს უფლებას აძლევს დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, დაუშვან თუ აკრძალონ გენურად მოდიფიცირებული სასოფლო-სამეურნეო მცენარეების კულტივირება.

ამ ნაბიჯით, კულტივაციის შესახებ გადაწყვეტილებები ევროკავშირის ზოგად, ერთობლივ დონეზე აღარ იქნება მიღებული. როგორც ახალი ამბების სააგენტო „როიტერი“ წერს, ევროპის კომისიის მიერ სამშაბათს მიღებული ზომა გენურ მოდიფიცირებასთან მიმართებით არსებული თითქმის პარალიზებული ვითარების გარღვევას ემსახურება. საკითხის სიმწვავეს ამგვარი საკვების უსაფრთხოების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები იწვევს. ევროპაში გენურ მანიპულაციას ბევრი ოპონენტი ჰყავს - ისინი ამგვარ სახეობებს „ფრანკენშტაინის საკვებს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამ ფორმით გამოყვანილი კულტურების უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის, ხოლო მათი კულტივაცია ზოგადად ნიადაგზე და სხვა სახეობებზეც იქონიებს გავლენას.

შესაბამისად, ბოლო 12 წლის განმავლობაში ევროკავშირმა მხოლოდ ორი გენურად მანიპულირებული სახეობის კულტივაციას მისცა თანხმობა. კონკრეტულად, მიმდინარე წლის მარტში კომისიამ გერმანიის ქიმიური და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მაწარმოებელ კომპანია „ბასფის“ მიერ გენური მანიპულაციით გამომუშავებულ კარტოფილს აუნთო მწვანე შუქი. თუმცა ამგვარ კარტოფილს მხოლოდ სამეწარმეო მიზნებისთვის გამოიყენებენ, მასში სახამებლის მაღალი შემცველობის გამო. 1998 წელს კი კომპანია „მონსანტოს“ მიერ გენურად მოდიფიცირებულ სიმინდს მიეცა თანხმობა.

ჯანდაცვისა და სამომხმარებლო საკითხებში ევროკავშირის კომისრის ჯონ დალის თანახმად, კომისია კავშირის წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტონ, აკრძალონ თუ დაუშვან გენურად მოდიფიცირებული სახეობების კულტივაცია. ამასთან, დალის თქმით, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ კომისია ამგვარ ორგანიზმებს ან ემხრობა, ან მათ წინააღმდეგ გამოდის:

„კომისია გენურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს და მათ კულტივაციას არც ემხრობა და არც ეწინააღმდეგება, მაგრამ დღევანდელ სამყაროში ეს რეალობას წარმოადგენს. ევროპა უმოქმედოდ ვერ დადგება და უარს ვერ იტყვის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე გადაწყვეტილებების მიღებისა და პასუხისმგებლობით გატარებული ინოვაციების ირგვლივ.“

ევროკავშირის მთავრობების და პარლამენტების მხრიდან ამ ზომების დამტკიცების შემთხვევაში, იმ ქვეყნებში, სადაც უკვე ზრდიან გენურად მოდიფიცირებულ კულტურებს, - მაგალითად, ჩეხეთსა და ესპანეთში, - ეს პროცესი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაფართოვდება. ხოლო იმ ქვეყნებს, რომლებიც გენურ მანიპულაციას ნეგატიურად აფასებენ, - მაგალითად, იტალიასა და ავსტრიას, - ამგვარი კულტურების საერთოდ აკრძალვის საშუალება მიეცემათ.

წინადადებამ უკვე დაიმსახურა ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის - მათ შორის, საფრანგეთის და ესპანეთის - წარმომადგენლების კრიტიკა. ისინი ნეგატიურად აფასებენ სიახლეს, რომ გენურად მანიპულირებულ სასოფლო-სამეურნეო სახეობების მიმართ ევროკავშირის ერთობლივი პოლიტიკა ირღვევა.

ახალ ზომას გარემოს დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც კრიტიკით შეხვდნენ - მათი თქმით, ამით ევროპის ტერიტორიაზე სახიფათო სახეობების კულტივაციას გაეხსნება გზა. მომხრეების აზრით, ფერმერებს თავად უნდა მიეცეთ იმის გადაწყვეტის საშუალება, სურთ თუ არა გენურად მანიპულირებული სახეობების კულტივაცია.

ბიოტექნოლოგიების კომპანიები აცხადებენ, რომ ეს ზომები იურიდიულად ბუნდოვან ვითარებას შექმნის და პრობლემას შეუქმნის ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო ბაზარს.

ჯონ დალის თქმით, ევროპის კომისია გენურად მოდიფიცირებულ კულტურებზე დაკვირვების პოლიტიკას გააგრძელებს:

„ჩვენი მხრიდან, კვლავაც მეცნიერებაზე დამყარებულ მიდგომას გავატარებთ - მას კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ და რამდენადაც შევძლებთ, გავაძლიერებთ. ამაში გათვალისწინებული იქნება გარემოს დაცვის წინაშე არსებული საფრთხეების შეფასებასთან დაკავშირებული ნაბიჯები - ისევე როგორც დამტკიცებული კულტურების მონიტორინგი.“

შესაბამისად, ეს საკითხი ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს დღის წესრიგში მყარად რჩება. მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას რაც შეეხება - ერთი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კამათის შემდეგ ევროპის კომისიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ამ საკითხთან მიმართებით გატარებულ პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა ცალკეულ წევრებს დააკისროს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG