Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუბა 52 პოლიტპატიმრის გათავისუფლებას აპირებს


კარდინალი ხაიმე ორტეგა მედიის შეკითხვებს უპასუხებს.
კარდინალი ხაიმე ორტეგა მედიის შეკითხვებს უპასუხებს.
კუბის კათოლიკური ეკლესია აცხადებს, რომ ქვეყანა უახლოეს მომავალში 52 პოლიტპატიმარს გაათავისუფლებს. მთავრობა ამ პირობას თუ შეასრულებს, კუბაში პოლიტპატიმართა რაოდენობას ერთი მესამედი მოაკლდება.

უახლოეს ხანში კუბამ შესაძლოა გაათავისუფლოს ხუთი პოლიტმატიმარი, რომლებმაც 2003 წელს მომხდარი ოპოზიციის რეპრესიების შემდეგ უკანასკნელი შვიდი წელი ციხეში გაატარეს.

რამდენიმე თვის განმავლობაში კი ამ 5 პატიმარს კიდევ 47 დისიდენტის გათავისუფლება მოჰყვება.

მთლიანობაში, საუბარია 52 პოლიტპატიმრის გათავისუფლებაზე, რასაც ბევრი კუბის მხრიდან მზარდ საერთაშორისო ზეწოლაზე პასუხად აღიქვამს. ამ ნაბიჯით ქვეყნის პოლიტპატიმართა საერთო რაოდენობა ერთი მესამედით შემცირდება.

კუბის კათოლიკური ეკლესიის ლიდერი, მთავარეპისკოპოსი ხაიმე ორტეგა - მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო მოლაპარაკებაში პრეზიდენტ რაულ კასტროსა და კუბაში ვიზიტით მყოფ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიგელ ანხელ მორატინოსთან - ოთხშაბათს განთავისუფლების შესახებ განცხადებით გამოვიდა.

მორატინოსმა, რომლის ქვეყანაც სათავეში უდგას კომუნისტური კუნძულის მიმართ ევროკავშირის მიერ გატარებულ პოლიტიკას, ცნობა დადებითად შეაფასა:

„ჰავანის არქიეპისკოპოსმა, კარდინალმა ორტეგამ უკვე გამოაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება კუბაში პატიმრების საკითხის გადაჭრის შესახებ - კერძოდ, რომ 2003 წელს დაკავებული 75-ვე პატიმარი გათავისუფლდეს. ეს თანდათანობით მოხდება, მაგრამ პირობა, რომ პროცესი ნამდვილად განხორციელდება, მტკიცეა. ამით ძალიან კმაყოფილები ვართ“, - განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გდაწყვეტილების განხორციელების შემთხვევაში ეს პატიმართა ყველაზე დიდი ჯგუფის გათავისუფლების შემთხვევა იქნება 1998 წლის შემდეგ. მაშინ კუბაში რომის პაპ იოანე პავლე მეორის ვიზიტს 300 პატიმრის - მათ შორის, 101 დისიდენტის - გათავისუფლება მოჰყვა.

52 კაცი, რომლებიც ახლა უნდა გაათავისუფლონ, 2003 წლის რეპრესიების ტალღისას აყვანილი 75 აქტივისტის და ოპოზიციონერი ჟურნალისტის ჯგუფში შედის. რეპრესიებს მწვავე კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

მას შემდეგ ამ ჯგუფიდან რამდენიმე პატიმარი უკვე განთავისუფლდა - ზოგმა სასჯელი მოიხადა, სხვები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუშვეს.

კუბაში და მის საზღვრებს გარეთ მოქმედმა უფლებადამცველმა ჯგუფებმა ოთხშაბათს გავრცელებულ ცნობას ფრთხილი რეაქცია მისცეს.

ლაურა პოიენმა, რომელიც სათავეში უდგას პატიმართა ცოლების საპროტესტო ჯგუფს „ქალები თეთრებში“, იმედი გამოთქვა, რომ პატიმართა ჯგუფის გათავისუფლება „ჭეშმარიტი თავისუფლების და ჭეშმარიტი დემოკრატიის მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი“ იქნება.

მაგრამ ამჟამად აშშ-ში მცხოვრებმა ზოგიერთმა კუბელმა პოლიტიკოსმა ამ ნაბიჯს მხოლოდ „პიარის“ მიზნით გაკეთებული სვლა უწოდა და დასავლეთს მოუწოდა ჰავანაზე ზეწოლა განაგრძოს, სანამ ყველა პოლიტპატიმარს არ გაათავისუფლებენ. კუბის მთავარი უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, პოლიტპატიმართა ამ ჯგუფის განთავისუფლების შემდეგ ქვეყანაში დაახლოებით 110 პოლიტპატიმარი დარჩება.

კუბის ლიდერი ორი წლის წინ რაულ კასტრო გახდა. მან თავისი ძმა, ფიდელი შეცვალა, რომელმაც 1959 წლის რევოლუციით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაახლოებით 15,000 ოპონენტი ჩასვა ციხეში.

აშშ ამ თავისი მეზობელი კუნძულის მიმართ უკვე 48 წელიწადია სავაჭრო ემბარგოს ინარჩუნებს.

მას შემდეგ, რაც თებერვალში პროტესტის ნიშნად შიმშილობით დისიდენტი ორლანდო საპატა ტამაიო გარდაიცვალა, კუბის მიმართ საერთაშორისო კრიტიკა კიდევ უფრო გამწვავდა. ტამაიოს მაგალითს კიდევ ერთმა დისიდენტმა, გუიერმო ფარინასმა მიბაძა. როგორც იუწყებიან, 134-დღიანმა შიმშილობამ ის სიკვდილის პირას მიიყვანა.

ფარინასი 2003 წელს დაპატიმრებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს. ქალაქ სანტა კლარას ერთ-ერთ საავადმყოფოში მოთავსებული დისიდენტი აცხადებს, რომ სიკვდილამდე იშიმშილებს, თუკი ეკლესია ან მთავრობა მას მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ დაუდასტურებს.

პირველი ხუთი განთავისუფლებული პატიმარი საცხოვრებლად ესპანეთში წავა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის დანარჩენ პატიმრებსაც იგივე ბედი ეწევა, თუ მათ კუბაში დარჩენის საშუალება მიეცემათ.

უფლებადალცველები ამ ცნობას კრიტიკულად გამოეხმაურნენ - მათი განცხადებით, ქვეყნიდან გაძევება უპირობო გათავისუფლებას არ ნიშნავს. მაგრამ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მორატინოსის განცხადებით, ესპანეთში გადასახლების შემდეგ ყოფილ პოლიტპატიმრებს კუბაში ვიზიტით ჩასვლის საშუალება ექნებათ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG