Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი თუ ყაზახეთი?


გაზსადენებისა და მათთან დაკავშირებული მოსალოდნელი ცვლილებების ჭრილში, რუსულის გარდა, სულ უფრო აქტიურად იწყება საუბარი ყაზახური ინტერესის შესახებ.

ყაზახური სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ ქართულ მხარესთან მაგისტრალური გაზსადენის შეძენის საკითხზე მოლაპარაკებებს რომ მართავს, ამის შესახებ ”ყაზმუნაიგაზის” გამგეობის თავმჯდომარემ, კაირგელდი კაბილდინმა ღიად განაცხადა.

აზერბაიჯანულ სააგენტო ”ტრენდთან” საუბრისას კაბილდინმა დააზუსტა, რომ „სატრანსპორტო დერეფნის ბაქო-შავი ზღვის“ შექმნის ფარგლებში ”ყაზმუნაიგაზი” განიხილავს ტრანზიტის საკითხს საქართველოს ტერიტორიის გავლით და მართავს კონსულტაციებს ქართულ მხარესთან გარკვეული აქტივების შეძენის ან მათ მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ“.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ყაზმუნაიგაზს“ საქართველოში ბათუმის ნავთობტერმინალის სახით აქტივი უკვე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას შავ ზღვაზე გარკვეული პოზიციები უკვე გააჩნია და მათ გამყარებას გეგმავს.

იმავდროულად, იმავე კაბილდინის განცხადებით, ცნობილი ხდება, რომ „ყაზმუნაიგაზმა“ შესაძლოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებაზე უარი თქვას. კომპანიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ამ მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება მომგებიანი არ არის, რადგან ტრანსპორტირების ტარიფი სარკინიგზო გადაზიდვასთან შედარებით არაკონკურენტულია.

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი განკუთვნილია აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, მესამე მხარისთვის კი ტარიფი მნიშვნელოვნად გაძვირდა. შედეგად, იგი ყაზახური ნავთობისთვის მიმზიდველი აღარ არის“, – აცხადებს კაბილდინი და დასძენს, რომ ყაზახეთი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის საზღვაო-სარკინიგზო გზას ამჯობინებს.

„ყაზმუნაიგაზის“ მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე უარის თქმის შემთხვევაში საქართველოს ბიუჯეტი სერიოზულ შემოსავალს დაკარგავს, რადგან ამ მილსადენით ტრანსპორტირებისას საქართველოს ტონა ნავთობზე, დაახლოებით, 3 დოლარი რჩება. ამ მილსადენით კი წლის განმავლობაში 50 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG