Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმაღლესი განათლება დღგ-ით არ დაიბეგრება


მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ სტრუქტურასა და შემადგენლობასთან ერთად პირველი მოსმენით ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტიც უნდა განიხილოს, კოდექსის საბოლოო ვერსია კი ივლისის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს. მანამდე მასში ჩადებული სადავო მუხლების განხილვა აქტიურად მიმდინარეობს.

ამ მხრივ ყველაზე საგულისხმო სიახლე ის არის, რომ მთავრობამ კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა და კერძო სკოლების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრა გადაიფიქრა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის სურვილი იყო, გარკვეულ სექტორში გადასახადების გაზრდით ბალანსირება მოეხდინა იმ სექტორებთან მიმართებაში, რომელთაც დაფინანსება სჭირდება. როგორც ფინანსთა მინისტრმა დასძინა, გამოიკვეთა, რომ კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა და სკოლების დაბეგვრით გაუარესდებოდა სწავლის ხარისხი და მოსახლეობის მდგომარეობა.

ამასთან, როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი აცხადებს, მიმდინარე კვირაში კვლავ გაგრძელდება დისკუსია როგორც უმაღლესი სასწავლებლების დაბეგვრის, ისე ჯანდაცვის სექტორში დაგეგმილი გადასახადების თაობაზე.

კატასტროფულს უწოდებენ სამედიცინო აპარატურის იმპორტის დღგ-ით დაბეგვრას სამედიცინო კლინიკების მფლობელები. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამას სამედიცინო მომსახურების გაძვირება მოჰყვება, რაც ისევ მოქალაქეების კისერზე გადაივლის.

აქციზის გადასახადით დაიბეგრება სატელეფონო ხმოვანი მომსახურება. მობილურ კომპანიებს სასაუბრო წუთებზე 10%-მდე გადასახადს დააკისრებენ. მთავრობაში ამბობენ, რომ მობილური კომპანიები დაბალ თვითღირებულებაზე მუშაობენ და ზემოგებას იღებენ, ამიტომ ბიუჯეტში მეტი უნდა შეიტანონ.

კომუნიკაციების კომისიაში გადასახადი უსამართლოდ მიაჩნიათ. როგორც კომისიაში ამბობენ, საქართველო ერთადერთი ქვეყანა იქნება, სადაც მობილურით საუბარი აქციზით დაიბეგრება. კომპანიები აქციზის გადასახადს ხარჯთაღრიცხვისას გაითვალისწინებენ და არ არის გამორიცხული, ამას ტარიფების ზრდა მოჰყვეს. გაზრდილი ხარჯების ანაზღაურებას კომპანიები, ბუნებრივია, აბონენტებისთვის საფასურის გაზრდით შეეცდებიან. ეს მაშინ, როცა ბაზარზე ტარიფების კლება დაიწყო და კომპანიები მობილურით საუბრის გაიაფებასაც გეგმავდნენ. ცხადია, ახალი კოდექსი კომპანიებს გეგმების შეცვლას აიძულებს.
XS
SM
MD
LG