Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესაში საქართველოს შესახებ სტატიების სიჭარბე არ ყოფილა - თუმცა რამდენიმე საყურადღებო სტატია დაიბეჭდა. მათი უმეტესობა რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის კონტექსტში აღწერდა საქართველოს მდგომარეობას.

„გადატვირთვის ურთიერთობების მსხვერპლი“ - ასე ეწოდება ჟურნალ „ნიუსვიკში“ 13 ივნისს გამოქვეყნებულ წერილს ოუენ მეთიუსის ავტორობით. სტატია მოკლე ფორმატისაა, და მკაფიოდ გამოთქვამს მთავარ სათქმელს - ვაშინგტონის მხრიდან მოსკოვთან კავშირების გადატვირთვას ერთი ძალიან აშკარა მსხვერპლი ჰყავს - საქართველო. „აშშ გამუდმებით აცხადებს, რომ კვლავაც უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ ვაშინგტონი იმასაც ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია - რომელიც დღემდე გრძელდება - „წინაღობად აღარ უნდა იყოს განხილული“ სამოქალაქო ბირთვულ სფეროში თანამშრობლობის შესახებ იმ შეთანხმების რატიფიკაციისთვის, რომელიც 2008 წელს რუსეთის მხრიდან [საქართველოში] შეჭრის შემდეგ შეჩერდა. და იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ამ სეპარატისტული რეგიონებისთვის საერთაშორისო აღიარების მოპოვება, მოსკოვთან აშშ-ის მზარდი დაახლოება ფაქტობრივად საქართველოს დაშლის დაკანონებას ახდენს“ - ვკითხულობთ სტატიაში. შემდეგ ავტორი მოსკოვთან ნატოს დაახლოებაზე - და თბილისთან მისი ურთიერთობის გაცივებაზეც საუბრობს და ბოლოს ასკვნის, რომ ყოველივე ეს საქართველოს მნიშვნელოვან იზოლაციაში აქცევს. სრულად ამ წერილს, შეგახსენებთ, ჟურნალ „ნიუსვიკის“ 13 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ამავე საკითხს ეხება - ოღონდ რადიკალურად საპირისპიროს ამტკიცებს ჟურნალ „ფორინ პოლისიში“ 16 ივნისს გამოქვეყნებული სტატია „ავტობუსის ბორბლებქვეშ არავინ ჩაუგდიათ“, რომლის ავტორია სამუელ ჩარაპი. „ობამას ადმინისტრაციის მიერ წამოწყებული, რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის კრიტიკოსებმა შექმნეს ნარატივი, რომელსაც თვალშისაცემი გულმოდგინებით იმეორებენ - რომ კრემლის მხრიდან დათმობების მიღწევისთვის ადმინისტრაციამ „უგულებელყო, ან სულაც მიატოვა რეგიონის სხვა ქვეყნები“. ავტორი წერს, რომ კრიტიკოსები იმასაც მიანიშნებენ, თითქოს პრეზიდენტმა ობამამ ამის სანაცვლოდ პრაქტიკულად ვერანაირი შედეგი ვერ მიიღო, და განაგრძობს: „ეს ნარატივი ისე ძალიან არის გავრცელებული, როგორადაც რეალობას არის მოწყვეტილიო“. სამუელ ჩარაპის აზრით, გადატვირთვის პოლიტიკამ უკვე შედეგების მთელი ჩამონათვალი მოიტანა - მათ შორის შეთანხმება, რომელიც ავღანეთისკენ მიმავალ აშშ-ის თვითმფრინავებს რუსეთის ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალებას აძლევს, და ირანისთვის დაწესებული სანქციები, რომლებიც წინა სამთან შედარებით საგრძნობლად უფრო მკაცრია.

ამასთან, ჩარაპის აზრით, ასევე - და შეიძლება კიდევ უფრო მეტად - მცდარია ის მოსაზრება, რომ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან კავშირების გადატვირთვას აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების ინტერესები შესწირა მსხვერპლად - და ეს ქვეყნები „ავტობუსის ბორბლების ქვეშ ჩააგდო“.

ავტორი აღიარებს, რომ ობამას ადმინისტრაციამ ასეთი შიშის გაძლიერებას რამდენიმე შეცდომის დაშვებით მართლაც შეუქმნა საფუძველი - მაგალითად, იმით, რომ საჯარო განცხადების გაკეთებამდე მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე დაუკავშირდნენ პოლონეთის და ჩეხეთის მთავრობებს რათა ეთქვათ, რომ ბუშის პერიოდში შემუშავებულ ანტი-სარაკეტო სისტემის გეგმას ახალი სქემით ცვლიდნენო. კიდევ ერთ მაგალითად ავტორს ობამას მიერ კონგრესისთვის გაგზავნილ წერილზე თანდართული წარწერა მოჰყავს - რომ „საქართველოში არსებული ვითარება აღარ უნდა იყოს განხილული წინაღობად“ რუსეთთან სამოქალაქო ბირთვული შეთანხმების გაფორმების საქმეში.

მაგრამ ჩარაპი იქვე აღნიშნავს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამ ქვეყნების ოფიციალურ პირთა უმრავლესობას ბოლო ხანებში ბევრად ნაკლებად აშინებს გადატვირთვის პოლიტიკა. ისინი ხედავენ, რომ რუსეთთან მათ შესახებ არანაირი გაცვლა ან გარიგება არ მომხდარა - და, გადატვირთვის კრიტიკოსებისგან განსხვავებით, ისიც ესმით, რომ ბევრ რამეში ეს ადმინისტრაცია მათ ბუშის მთავრობაზე უფრო მეტადაც კი ეხმარებაო.

ამის მაგალითად ავტორი რამდენიმე ფაქტს ჩამოთვლის - ობამას ადმინისტრაციის მხრიდან ბუშის დროს გაფორმებული შეთანხმების დაცვას და პოლონეთში „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტების ბატარეის და 100 სამხედროს განთავსებას რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად; ესტონეთში ნატოს წვრთნებისთვის სამხედროების და ტექნიკის ჩაყვანას. ავტორი აღნიშნავს, რომ სწორედ ობამას ადმინისტრაციის პირობებში მიიღო ბალტიისპირეთის სამმა ქვეყანამ ყველაზე სასურველი რამ ნატოსაგან - შესაძლო საგარეო თავდასხმის მოგერიების გეგმა.

სტატიის ბოლო რამდენიმე აბზაცი საქართველოს ეთმობა. „იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც, როგორც აცხადებენ, ავტობუსის ბორბლების ქვეშ ჩააგდეს, ყველაზე მეტ ყურადღებას საქართველო იპყრობს - ისმის სიტყვები „ღალატი“ და „გაყიდვა“, თითქოს მოსკოვში ბოლოს ყოფნისას ობამამ თბილისში მდგარი საპრეზიდენტო სასახლის ქირა [მოსკოვს] გადაუფორმა. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ საქართველოს ობამას ადმინისტრაციის ფართო მხარდაჭერა აქვს“ - წერს ავტორი. შემდეგ ის ჩამოთვლის, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოსთვის გამოყოფილი მასშტაბური, 1 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების უდიდესი ნაწილი ადგილზე 2009 წლის იანვრის შემდეგ ჩაიტანეს; რომ ადმინისტრაციამ სრულად უერთგულა ბუშის მმართველობის ბოლო თვეებში გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას; და რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საქართველოსთან ინტენსიური კონტაქტები აქვთ.

„მაგრამ ქართველებს - (და ვაშინგტონში მათ გამამხნევებლებს) - ეს არ აკმაყოფილებს. მათი მოთხოვნები ძალიან კონკრეტულია - ისინი სამხედრო აღჭურვილობას, განსაკუთრებით კი ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის იარაღს მოითხოვენ. ძალიან უკმაყოფილონი არიან იმის გამო, რომ ადმინისტრაციამ გააგრძელა აშშ-ის შეიარაღების გაყიდვაზე 2008 წლის ომის შემდეგ დაწესებული დე ფაქტო ემბარგო - აცხადებენ, რომ ამით მათ თავდაცვის განვითარების საშუალება არ ეძლევათ“ - წერს ჩარაპი.

შემდეგ ის აღწერს, როგორ აცხადებენ გადატვირთვის პოლიტიკის კრიტიკოსები, რომ სწორედ ეს არის გარიგების აშკარა მაგალითი - რომ ობამა ვერ ბედავს მოსკოვში თავისი მეგობრების გაღიზიანებას საქართველოსთვის იარაღის მიყიდვით. მაგრამ, ჩარაპის თქმით, ეს ფაქტებით დაუდასტურებელი ბრალდებაა. „სინამდვილეში“ - წერს ავტორი - „გატარებულ პოლიტიკას საფუძველი - რომელსაც ღიად არ აღიარებენ - შეუქმნა საკუთრივ ომის შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ საქართველოს სამხედრო სტრუქტურების შესახებ. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ, კონგრესს მოახსენა, [საქართველოს] „თავდაცვის ინსტიტუტებს, სტრატეგიებს, დოქტრინებს და პროფესიულ სამხედრო განათლებას პრაქტიკულად ყველა თვალსაზრისით სერიოზული ნაკლოვანებები აღმოაჩნდაო“. ამასთან, ომის შესახებ ევროკავშირის ეგიდით ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ძალადობის დაწყებას დიდწილად შეუწყო ხელი ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელოვნად ცენტრალიზებულმა სისტემამ. ასეთ პირობებში იარაღის მიყიდვაზე ნებართვის გაცემა აზრს მოკლებული ნაბიჯი იქნებაო“ - წერს ჩარაპი და დასძენს, რომ ამის ნაცვლად, ადმინისტრაცია 2008 წელს გაცემული თანხების თითქმის ორმაგ მოცულობას ხარჯავს თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე. „აქცენტი ინსტიტუტების, დოქტრინების, ძალოვანი სტრუქტურების და ეფექტიანი, თანამედროვე სამხედრო ძალების სხვა კომპონენტების განვითარებაზე კეთდება. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ამ სტანდარტებისთვის რომ ეპასუხათ, შესაძლოა 2008 წლის სტრატეგიული და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება მოხერხებულიყოო“ - წერს სამუელ ჩარაპი. სრულად მის სტატიას ჟურნალ „ფორინ პოლისის“ 16 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG