პოეზიის, განსაკუთრებულად კი უძველესი პოეზიის მოყვარულებმა სულ ახლახანს კარგი საჩუქარი მიიღეს. გამომცემლობა “მემკვიდრეობამ” ორ წიგნად, სრულად გამოსცა ზურაბ კიკნაძის მიერ შუმერული და აქადური ენებიდან გადმოქართულებული “გილგამეშიანი” და “ძველი შუამდინარული პოეზია”.
დაახლოებით მე-8 კლასიდან მოყოლებული, ძალიან ვიყავი დაინტერესებული ძველი აღმოსავლეთის ისტორიით. გაბმით ვკითხულობდი ყველაფერს, რასაც კი ოდნავი კავშირი მაინც ჰქონდა ამ მხარესთან და მსოფლიო ისტორიის ამ პერიოდთან. ვკითხულობდი გიორგი მელიქიშვილის, გრიგოლ გიორგაძის, ნანა ხაზარაძის, იგორ დიაკონოვის და სხვათა ნაშრომებს. მალე ზურაბ კიკნაძის “შუამდინარული მითოლოგიაც” აღმოვაჩინე, მანამდე კი, როგორც იტყვიან, ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე ჯერ 60-იანებში გამოცემული “გილგამეში”, შემდეგ კი ზურაბ კიკნაძისვე თარგმნილი “თამუზის სიზმარი”, ძველი შუამდინარული პოეზიის მცირე ანთოლოგია. დღეს ეს ორი მომცრო წიგნი შეიძლება ვერც კი იცნოთ, ისეა შევსებული და დამშვენებული ახალი ტექსტებითა და ახალი წინასიტყვაობებით, კომენტარებითა და საძიებლებით, სწორედ ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ “გილგამეშიანი” და “ძველი შუამდინარული პოეზია”, რომელიც სულ ახლახანს გამოვიდა, ძველი წიგნების გამეორება კი არა, ახალი, XXI საუკუნიდან დანახული ძველი სამყაროს პოეზიაა, სამყაროსი, რომლის სიყვარულსა და ცოდნასაც ზურაბ კიკნაძე ძალიან დიდი ხანია დაატარებს და სხვებსაც უზიარებს:
“ჩემი ინტერესი ამ ეპოსისადმი ცოტა შორიდან დაიწყო. ვიცოდი, რა თქმა უნდა, რომ ქართულად იყო ნათარგმნი “გილგამეშის ეპოსი”, მიხაკო წერეთლის მიერ და ეს წიგნი კონსტანტინოპოლში გამოიცა, 20-იან წლებში, უფრო ადრეც, მან ასირიოლოგიის კათდრა დაარსა საქართველოში. შემდეგ მოუხდა წასვლა ქვეყნიდან და გზად, კონსტანტინოპოლში, კათოლიკეთა სავანეში გამოსცა ეს წიგნი, რომელიც იშვიათობა იყო. ერთი ეკზემპლარი ინახებოდა და ახლაც ინახება თბილისში. შემდეგ ვნახე ფოტოტიპიური გამოცემაც.“
მხოლოდ იმ ერთი წიგნის ერთ ეკზემპლართან ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ზურაბ კიკნაძემ სულ მალე გადაწყვიტა უშუალოდ გაცნობოდა ამ სამყაროს:
“და შემდეგ, როდესაც მე დავამთავრე უნივერსიტეტი, რატომღაც გაიხსნა ასპირანტურა შუმერულ ენაში და ლიტერატურაში. საკვირველი ის იყო, რომ არავინ არ იყო სპეციალისტი. ერთი წელი აქ ვიყავი, აქადურს გავდიოდი და შემდეგ მომიხდა ლენინგრადში წასვლა და იქ გავიცანი დიანოკოვი, რომელმაც სწორედ იმ ხანებში თარგმნა რუსულად “გილგამეშის ეპოსი” დაწაიკითხა კიდეც მწერალთა სახლში”.
“გილგამეშიანით” მსოფლიო ლიტერატურა იწყება, იწყება ეპიკური აზროვნებისა და ლიტერატურული მოტივების ისტორია, აქ გაჩნდა პირველად სიყვარულის, ძიების, დანაკლისის, გლოვის, მეგობრობის იდეები. სწორედ ამ საერთო-ეპიკური “ინტერესების” გამო იყო, რომ ხშირად გილგამეშიდან იწყებდნენ “ვეფხისტყაოსანსაც”:
“ინტერესი ეპოსისადმი მე მქონდა ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებით და სწორედ ამ ინტერესით შევუდექი “გილგამეშიანის” შესწავლას. რაღაც პარალელები ყოველთვის იყო, ამაზე ლაპარაკობდნენ ჯერ მიხაკო წერეთელი, შემდეგ ტიტე მარგველაშვილი, გივი მარგველაშვილის მამა, მასაც ჰქონდა სტატია ინგლისურ ენაზე დაწერილი “გეორგიკაში”. შემდეგ აღარავის გაუგრძელებია ამ მიმართულებით კვლევა... ტიპოლოგიური მსგავსება არის რა თქმა უნდა, მოტივებში არის თანხვედრები, მაგრამ ისე ლაპარაკი, რომ თითქოს შიდა დინებით რაღაც გავლენა ჰქონოდა ამ ეპოსს ქართულ სინამდვილეში, არ დასტურდება, ისევე, როგორც, შუმერულისა და ქართულის ნათესაობა”.
შუმერული და ქართული ენის ნათესაობის ისტორია ბოლო დროს სულ უფრო სევდიან და კარიკატურულ სახეს იღებს, ამიტომ ამ თემაზე აქ აღარ შევჩერდები, სჯობს ისევ შუმერულისა და აქადურის ურთერთობებზე ვისაუბროთ:
“ეს არის შუმერული წარმოშობის, როგორც გმირი, ასევე იდეა – რომ ადამიანი არის მარადიული ცხოვრების მაძიებელი და ა.შ. მაგრამ იქ, შუმერულ ტექსტებში ეს არის ცალკეული სიმღერები, რომლებიც შემდეგ აქადელებმა გააერთიანეს და ეპოსი შექმნეს მისგან, იმათ კი ეპოსი არ დაერქმეოდათ. საინტერესო ისაა, რომ შუამდინარული კულტურა დაფუძნებულია ორ ენაზე, ორ სრულიად განსხვავებულ ენაზე. ერთი არის შუმერული, აგლუტინაციური ენა, რომლის მონათესავეც დღევანდელ მსოფლიოში არ არსებობს და არც მაშინ არსებობდა, ხოლო აქადური სემიტური ენაა, რომლის განშტოებები დღესაც ფართოდაა გავრცელებული – არაბულიც, ებრაულიც, სხვა არამეული ენები”.
ზურაბ კიკნაძე იმაზეც წერს და საუბრობს ხოლმე, თუ როგორ ურთიერთობდა ეს ორი, სრულიად განსხვავებული ენა და როგორ გავლენას ახდენდნენ ისინი ერთმანეთზე. საქმე ისაა, რომ პირველი თარგმანები სწორედ შუამდინარეთშია დადასტურებული, შუმერულიდან აქადურად თარგმნამ სათავე დაუდო თარგმანის იმ უზარმაზარ ტრადიციას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ენას ცვლის ხოლმე, ბიძგს აძლევს ახალ პროცესებს. შუამდინარეთში საკმაოდაა აღმოჩენილი დაფები, სადაც პწკარედული თარგმანებია ამოტვიფრული, პარალელური ტექსტები. სხვათა შორის, პარალელური ტექსტებით დაფარული ასეთი დაფები (უფრო სწორად, სტელები) საქართველოშიც არის აღმოჩენილი, ოღონდ, ცხადია, გაცილებით გვიანდელი ხანის.
“ლექსიკონები იქმნებოდა, იქმნებოდა კომენტარები ტექსტებზე, ძველი სიტყვების განმარტებები, სინონიმები. ასერომ, ძალიან აღჭურვილი იყო ეს გამოცემები, ბიბლიოტეკებში იყო დაცული. სხვათა შორის, შუმერებში ჯერ კიდევ არ არსებობდა ავტორის ცნება. თუ სახელი გვხვდებოდა, ის სახელი გადამწერისა იყო ან ამ ტექსტის მომპოვებული. აქადურ ენაში კი შემოდის ავტორი”.
რა თქმა უნდა, ეს ისეთი “ავტორი” ვერაა, როგორებადაც ძველ საბერძნეთში ჰესიოდე, არქილოქე ან ანაკრეონი იქცნენ, იგი უფრო “თავის გულსა და გონებაში გაატარებდა ღვთიურ გამოცხადებაში ნაკარნახევს”, მაგრამ ძველი ბერძენი პოეტებიც ხომ მუზებს მიმართავდნენ? მათზე გაცილებით თანამედროვე ავტორებიც ხომ “მედიუმობენ” ხოლმე? ჰოდა, ამიტომაც, იქნებ ბევრი არც არაფერი გვაშორებს ამ ერთი შეხედვით უშორეს ტექსტებსა და მათ ავტორებს.