Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგადასახადო კოდექსის სიახლეები


ახალი საგადასახადო კოდექსის სადღეისოდ არსებული 200-გვერდიანი ვერსია თავად პრემიერ-მინისტრმა უკვე წარმოადგინა. წინასწარი გეგმით, კოდექსით, რომელიც ძალაში 2011 წლის 1 იანვარს შევა, ის კომპანიები, რომელთა წლიური შემოსავალი 30 ათას ლარს არ აღემატება, მიკრობიზნესის სფეროს განეკუთვნებიან და გადასახადებს არ გადაიხდიან, ხოლო ისინი, ვისი წლიური ბრუნვაც 30-დან 200 ათას ლარამდეა, ბრუნვის 3% ან 5 %-ს გადაიხდიან იმისდა მიხედვით, დეკლარირებული აქვთ თუ არა შემოსავლები.

შედარებისთვის, დღეს მოქმედი კოდექსით, დღგ-ს გადამხდელია კომპანია, რომლის ბრუნვაც წლიურად 100 ათას ლარს აჭარბებს.

ახალი კოდექსის ნოვაცია იქნება დღგ-ს გადახდა კვარტალში ერთხელ, რაც კოდექსის ავტორთა მოსაზრებით, სახელმწიფოს მიერ ბიზნესისათვის უპროცენტო სესხის მიცემის ტოლფასია. აღნიშნული ნორმა თავდაპირველად მხოლოდ მსხვილ ბიზნესზე გავრცელდება და ეტაპობრივად ყველა ზომის ბიზნესს შეეხება.

ნიკა გილაურმა განმარტა, რომ მთავრობამ ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც საბაჟო კოდექსთან არის შერწყმული, ბიზნესის მეტად ლეგალიზების მიზნით შეიმუშავა. პრემიერის თქმით, მთავრობა მზადაა კოდექსის ფორმირებაში ბიზნესწრეების წინადადებები გაითვალისწინოს.

ასევე ახალი კოდექსის სიახლეა "აუდიტორთა საბჭოს" შექმნა, რომელსაც ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებს და მისი ფუნქცია იქნება საგადასახადო ინსპექტორის მიერ მეწარმესთან მიმართებაში დაშვებულ უკანონო ქმედებებზე რეაგირება.

ახალი კოდექსით იზრდება ჯარიმების მოცულობები და საგადასახადო ტვირთი სათამაშო აპარატების და სპირტიანი სასმელების მწარმოებელ ბიზნესებზე. აქციზის განაკვეთი არ გაეზრდებათ მხოლოდ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს. კოდექსი ასევე ითვალისწინებს მეწარმისათვის სარეალიზაციოდ უვარგისი საქონლის ჩამოწერის შესაძლებლობის მიცემას.

ახალი საგადასახადო კოდექსის განხილვას პარლამენტი 2 კვირაში დაიწყებს. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკვე განაცხადა, კანონის განსახილველად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სხდომების მოწვევა მოუწევს.
XS
SM
MD
LG