Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზად არის სიები არჩევნებისთვის?


თუკი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასკვნას დავეყრდნობით, გამოდის, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სია, მასში არსებული ხარვეზების ოდენობის გათვალისწინებით, ლამის იდეალურ მდგომარეობას უახლოვდება. განსხვავებული მოსაზრებები აქვთ თავად სიების მონიტორინგის პროცესში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს; არასამთავრობო სექტორი კი ამ ეტაპზე თავს იკავებს საბოლოო შეფასებებისგან. რამდენად დაიხვეწა ამომრჩეველთა საერთო სია და რამდენად მოხერხდა მოკლე დროში ამ, ასე ვთქვათ, მარადიული პრობლემის მოგვარება?

”სიებში ხარვეზები არ აღემატება ერთ პროცენტს” - ასეთია დასკვნის შინაარსი, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა საარჩევნო სიების ჩასწორების პროცესის დასრულების შემდეგ გაახმაურა. ამგვარ დასკვნას მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ეკა სირაძე-დელონე, თუმცა ამ ეტაპზე უჭირს იმის თქმა, თუ რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს:

”ერთი პროცენტი საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ეს ნიშნავს, რომ სიები, მართლაც, ბრწყინვალე მდგომარეობაშია... ერთი პროცენტი დასაშვებია ყველგან, ორი და სამი პროცენტიც დასაშვებია... მიხარია, თუ ეს ასეა ჩვენთან, მაგრამ მანამ, სანამ პირადად არ გადავამოწმებთ სიებს, რთული იქნება ამ ფაქტის დადასტურება... შევეცდებით მაქსიმალურად გავარკვიოთ, რამდენად აისახა პოლიტიკური პარტიების მიერ აღმოჩენილი დარღვევები საარჩევნო სიებში... ”

25 მაისს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საკუთარი ძალებით ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ცესკომ სიებში დაახლოებით 300 ათასი შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ხარვეზი ჩაასწორა, ხოლო 11 პოლიტიკური პარტიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს დაახლოებით 35 ათასი ჩასწორება მოჰყვა. აქვე ვთქვათ, რომ 11-მა კვალიფიციურმა სუბიექტმა, რომლებიც 1 თებერვლიდან 10 აპრილამდე სიების გადამოწმების პროცესში მონაწილეობდნენ, ცესკოს სხვადასხვა კატეგორიის დაახლოებით 240 ათასი აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ აცნობა. საუბარია სიებში დუბლირებული, გარდაცვლილი თუ გამოტოვებული ამომრჩევლების პრობლემებზე, მისამართებთან დაკავშირებულ ცდომილებებზე თუ ეგრეთ წოდებულ მიწერილ პირებზე. შენიშვნების ნაწილი ცესკომ არ დაადასტურა, ნაწილი არ მიიჩნია სიის ხარვეზად, ხოლო ნაწილზე განაცხადა, რომ ეს მისთვის სხვა წყაროებიდანაც ცნობილი იყო.

„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთ-ერთია სიების მონიტორინგის პროცესში ჩართული 11 პოლიტიკური ძალიდან, რომელსაც ცესკომ აღმოჩენილი დარღვევების დიდი ნაწილი, დაახლოებით 60%, დაუდასტურა და სიებში ასახა კიდეც. პარტიის ლიდერი ზურაბ ტყემალაძე შედეგით მეტ-ნაკლებად კმაყოფილია, თუმცა ცესკოს განცხადებას - სიებში ხარვეზები 1%-ს არ აღემატებაო, მაინც ეჭვის თვალით უყურებს.

”პროცენტის გამოანგარიშებისას უნდა გავითვალისწინოთ, რამდენი გადამოწმდა, რისი მონიტორინგი მოვახერხეთ... ჩვენი მაგალითიდან გამომდინარე, გეტყვით: ჩვენ გადავამოწმეთ 64 ათასი ამომრჩეველი და 10200 უზუსტობა აღმოვაჩინეთ... ეს სადღაც 18-19%-ია. მაგრამ თუ პროცენტს ამომრჩეველთა საერთაშორისო რაოდენობასთან მიმართებით გამოვიანგარიშებთ, მაშინ ნოლ-ნოლ რაღაც პროცენტი იქნება... ეს არის ციფრებით მანიპულირება და ჟონგლიორობა და მეტი არაფერი... ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ტყემალაძემ. მისი აზრით, ამომრჩეველთა სიების პრობლემა საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება და იმისათვის, რომ ეს საკითხი მომავალი არჩევნებისთვის მაინც მოგვარდეს, ზრუნვა მაისის არჩევნების ჩატარების შემდეგ მალევე უნდა დაიწყოს.

”მრეწველებმაც” და სიების მონიტორინგის პროცესში მონაწილე სხვა პარტიებმაც, რომლებმაც ამ საქმისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონ ორასი ათასი ლარი გადაინაწილეს, ამომრჩეველთა საერთო სიის მხოლოდ მცირე ნაწილის გადამოწმება მოახერხეს. ხაზი ესმებოდა არასაკმარის კოორდინაციას პარტიებს შორის. იყო სხვა სახის ეჭვებიც, მაგალითად, ისეთი, რომლის გამოც მონიტორინგის პროცესში ჩართვაზე უარი განაცხადეს ლეიბორისტებმა და „ეროვნულმა ფორუმმა“, რომ თითქოს ხელისუფლებას ოპოზიციური პოლიტიკური ძალების სახელით სარგებლობა და მათთვის ერთგვარი მახის დაგება სურდა და რომ ეს მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილი იყო. ამ ეჭვებს გარკვეულმა ძალებმა უკვე პროცესის დასრულების შემდეგ გასცეს პასუხი. მაგალითად, ამის შესახებ რადიო თავისუფლებაში სტუმრობისას პარტია ”საქართველოს გზის” წარმომადგენელი სოფო ჯაჯანაშვილიც ლაპარაკობდა:

”ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გვენახა, იყო ეს ნამდვილად პიარ-კამპანია თუ იყო ხელისუფლებისა და ცესკოს ნება, რომ სიები მართლაც გამოსწორებულიყო... სწორედ ამიტომ ჩავერთეთ ამ პროცესში და დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო პიარ-კამპანია.”

დაბოლოს, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზეც ვთქვათ. ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოში 3 544 770-ს შეადგენს, თუმცა, როგორც, მაგალითად, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კანდელაკმა გვითხრა, ამომრჩეველთა რიცხვი, იმისათვის რომ ის ზუსტი იყოს, საყოველთაო აღრიცხვის ახალ შედეგებს უნდა ეყრდნობოდეს, საქართველოში კი მოსახლეობის საყოველთაო აღრიცხვა 2002 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG